მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბოდიში მაინც მოუხადეთ ადამიანებს” – მოქალაქე ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს

“ბოდიში მაინც მოუხადეთ ადამიანებს” – მოქალაქე ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს

ხარაგაულში, ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე მათ, ვინც ავტომანქანით გადაადგილდება.

შექმნილი დისკომფორტის გამო კაფე “დევების“ მფლობელი მარინე გოგია სოციალურ ქსელში წერს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, შემოსავლები შეუმცირდა.

ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ახსენებს იონა მეუნერგიას სიტყვებს, რომელიც მან ქალაქ ფოთის თავად (ხელმძღვანელად) ნიკო ნიკოლაძის არჩევისას წარმოთქვა:

„თავი და თავი ის არის, სათავეში თავიანი თავი თაობდეს. ამდენი უთაო თავის თაობამ ჩვენი თავებიც გაათავა. მოდი, ახლა შენ გვითავე, იქნება შენი თავის თაობით ჩვენი თავებიც ათაო“.

ნებისმიერი ბიზნესი – მცირე, საშუალო, დიდი თუ უდიდესი, დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, – მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის სეზონურობა. იგი დიდი როლს თამაშობს საერთოდ ბიზნესის ფუნქციონირებაში და რეგიონებში, მით უმეტეს.

ისეთ გაღლეტილ და დაქცეული რაიონში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ბიზნესები ძლივს ინახავენ თავს და ელოდებიან, მომხმარებლის სამკვირიან მატებას, რომ მომატებულმა გაყიდვებმა დააბალანსოს „გაყინული“ დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი.

რომელია ეს სამი კვირა? აგვისტოს დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე. თუ ვინმემ იცის შრომის ფასი, ერთ-ერთი პირველი მე ვარ. წლები კი არა, ათწლეულებია, მოწესრიგებულ გზებს ვნატრობ. ჩასაფრებულ პოზიციაში კი არ ვარ, კი არ გებრძვით, თქვენთან ვარ და ვიტან ამ ყველაფერს.

ელემენტალურია, – ბოდიში მაინც მოუხადეთ ადამიანებს. მიზეზი აგვიხსენით, მაინდამაინც ამ აქტიურ პერიოდში და მაღალი ტემპერატურის დროს კიდევ უფრო გაუსაძლისი რატომ გახდა ჩვენი ყოფა; ან ინფორმირებული ვიყოთ, ხარჯებს მაინც ავიცილებდით თავიდან.

თავობა არ არის ადვილი… სიყოჩაღეს გისურვებთ, თავებო!

P.S. ძვირფასო მეგობრებო, ნუ განიცდით ხოლმე ქუჩაში შეხვედრის დროს, – ვერ გიწონებთ დაწერილებს, ხო იცი, რატომაცო… მე ნუკი მომიწონებთ რამეს, თქვენს მოსაწონ ცხოვრებაზე იზრუნეთ“, – წერს სოციალურ ქსელში მარინე გოგია.

chemikharagauli.com-ის ინფორმაციით, ხელისუფლება მოქალაქეებს ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის მოასფალტებას 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე პირდებოდა.

ხარაგაულში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას, როგორც სამშენებლო კომპანია შპს „New Road“-ის წარმომადგენლები ამბობენ, სავარაუდოდ, ორი თვე დასჭირდება.

კომენტარები