საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილები უკავიათ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ყოვლადუსამღვდელოეს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელსა (ქიქოძე) და მეოცე საუკუნეში მოღვაწე უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე). ორივე მაღალიერარქი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა.
ერისკაცობისას კალისტრატე ცინცაძემ ბრწყინვალე განათლება მიიღო, რომელიც შემდგომ მშობლიური ეკლესიის დიდებასა და გაძლიერებას მოახმარა. მათ შორის 1888-1892 წლებში ის სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაასრულა. სტუდენტი კალისტრატე ცინცაძე არდადეგებზე სამშობლოში ჩამოდიოდა. ამ პერიოდში ახალგაზრდა კალისტრატე სტუმრობდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გაბრიელ ეპისკოპოსმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის უკათოლიკოსო საქართველოს ეკლესიის უგვირგვინო მამამთავრობა იტვირთა.
მოგვიანებით, აწ უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე იხსენებდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან ერთ-ერთი ვიზიტისას გამართულ დიალოგს და გადმოსცემდა:
“ზაფხული ქუთაისში გავატარე. ვეახლე ყოვლადსამღვდელოს (გულისხმობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს). მისმა მეუფებამ გულთბილად მიმიღო… ბრძანა: „მე და ალექსანდრე ეპისკოპოზი (გურია-სამეგრელოს წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) უკვე დავბერდით. დღეს თუ ხვალ სიკვდილიც თავის მოვალეობას შეასრულებს. განათლებული ბერები, გარდა ლეონიდისა (ოქროპირიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), ჩვენ აღარა გვყავს. ვინ უნდა იყვნენ ჩვენს შემდეგო?! ეს საკითხი თქვენ არ დაგბადებიათო?!“
მოვახსენე: “კურსის დამთავრებას ორი წელიწადი მიკლია, ეკლესიის სამსახური მსურს, მაგრამ ბერად წავალ თუ არა ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ; ბერობა მძიმე და მეტად პასუხსაგებ (ზნეობრივად) საქმედ მიმაჩნია. ჩემი აზრით, ბერი ანთებული სანთელი უნდა იყოს, თვით იწვოდეს და ქვეყანას უნათებდეს-მეთქი”.
“თქვენი აზრები მომწონს და ამისთვის პირდაპირ გეუბნებით, თუ სამშობლო გიყვართ, ხშირად იფიქრეთ ბერობაზეო…“, – /იყო პასუხი გაბრიელ ეპისკოპოსისგან/.
ბრძენი მღვდელმთავრის სიტყვები ხშირად მაგონდებოდა… ბერად შედგომის აზრს თანდათან ვეჩვეოდი, მაგრამ ამის შესახებ არას ვამბობდი“, – იხსენებდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე.
გავიდა წლები და კალისტრატე ცინცაძე ბერად არ აღკვეცილა, ის დაქორწინდა, თუმცა დიაკვნად და მღვდლად ეკურთხა, დეკანოზის წოდებაც ებოძა და გულანთებული ღვაწლით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1917 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მოგვიანებით მას ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი, მიტროპოლიტის წოდებაც მიანიჭეს, იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის /ტახტის/ მოსაყდრე. 1932 წელს კი აირჩიეს და აღასაყდრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
აწ უკვე ივერიის უძველესი სამოციქულო ეკლესიის მამამთავარს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ხშირად აგონდებოდა თავისი ახალგაზრდობის (სტუდენტობის) დროინდელი ვიზიტები ქუთაისში დიდ და ბრძენ მღვდელმთავართან, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან და უეჭველია, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ მისთვის მიცემული ზემოხსენებული და სხვა დარიგებები და რჩევები არაერთხელ დახმარებია უწმიდეს და უნეტარეს კალისტრატეს უმძიმესი საპატრიარქო ჯვრის ზიდვაში, რომელიც მან ოცი წლის მანძილზე, ურთულეს 1932-1952 წლებში იტვირთა.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს წმიდანად შერაცხა ეპისკოპოსი გაბრიელი, ხოლო 2016 წელს წმიდანად შერაცხა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე.
მეოხ-გვეყონ ღვთის წინაშე.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები