მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“განაწილების“ სევდა

“განაწილების“ სევდა

რეპერტუარში ჩემი საყვარელი სპექტაკლები მქონდა. სულ მინდოდა შევსულიყავი და თავიდან დავკვირვებოდი მსახიობის სახეცვლილებას, პერსონაჟების ქვეტექსტებს, ახალ აქცენტებს, ან ფიქსაციის მექანიკას, რასაც თეატრის ბინადრები „ხელობას“ ეძახიან და რეპეტიციების დროს ღიად დარჩენილი კარიდან ხშირად დაიჭერ მახვილი ყურით 😊.

რეპეტიციების პირველი ნაწილი სამაგიდო, ანუ პიესის ლიტერატურული ანალიზით იწყება. ამ დროს მსახიობები რეჟისორთან იკრიბებიან და ტექსტის კითხვასთან ერთად, უამრავ ირიბ და პირდაპირ შეკითხვას სვამენ გმირის, ან ამბის სწორად გასაგებად. რეჟისორი ყვება ეპოქაზე, ავტორზე, მოვლენებზე, რაც სიუჟეტს უკავშირდება და მერე მსახიობები ამ ყველა მონათხრობს, წაკითხულს და აღქმულს, საკუთარი გამოცდილების, ნაცნობების ან უცნობების შესახებ გაგონილი თავგადასავლებით „იშინაურებენ“.

მაგრამ ჩემი სულსწრაფობით ავცდი ერთ მთავარ რიტუალს.

ყოველი ახალი სპექტაკლის „ჩაშვების“ დროს, თეატრის „შავი“ შესასვლელიდან იქვე ახლოს, განცხადებების (როგორც ძველ საბჭოურ ორგანიზაციებში) კედელზე ერთი ახალი მაგიური ფურცელი ჩნდება – „განაწილება“, რაც მთლიანად ცვლის იქ ჩამოთვლილი ადამიანების სამ, ოთხ, ან ხშირად უფრო მეტი თვის ყოველდღიურ ცხოვრებას და მითუმეტეს ცვლის მათსას, ვინც არ იკითხება ამ ფურცელზე, ვინც „განაწილების“ მიღმა დარჩა. ამ რიტუალის გახსენება ახლაც მიჭირს გულგრილად, რადგან ყოველთვის მეშინოდა წაკითხვის, უფრო მრცხვენოდა, რომ მერე უნდა მედარდა მათ გამო, ვისაც იქ ვერ ვიპოვიდი. ბედის ამ დაუნდობლობას, ბედის ამ გამოცდას, მსახიობები ყოველ ჯერზე თავიდან და თავიდან გადიან. არაა იოლი გზა. არაა ჩვეულებრივი ემოცია. მეტია, ვიდრე მოლოდინი ან გამართლება.. სიხარულიც მეტია და სევდაც, ვიდრე სხვა კედლებში გაკრული „განცხადებების“ თუ „ბრძანებების“ უვნებელ შინაარსებში.
ამ „მაგიურ ფურცელს“ ერთი შემოქმედი ყავს – რეჟისორი, რაც თეატრში პრაქტიკულად უზენაესს ნიშნავს.

მანამდე მეგონა, სპექტაკლის „განაწილებამდე“ შიდა ქასთინგები იმართებოდა. მალევე მივხვდი, რომ პასუხი ჩემს მცდარ წარმოდგენებზე, გაცილებით მარტივი და მკაფიო იყო- „რეჟისორი ამ მსახიობს ხედავს ამ როლზე“. და ამ წინადადების იქეთ რჩება თამაშს მოწყურებული ყველა თაობის „არდანახული“ სუბსტანცია ისევ ახალი გამართლების მოლოდინში და კიდევ უფრო მეტი ტკივილით, ვიდრე მორიგი „მაგიური ფურცლის“ გამოკვრამდე თეატრის სარიტუალო კედელზე. მგონი არცერთ პროფესიას სამყაროში, ასეთი მძაფრი განცდები არ ახლავს პროფესიული სიცოცხლის თავიდან და თავიდან მტკიცების ლოდინში, როგორც მსახიობის, და ისინი მართლა ქმნიან თავისებურად უცნაურ ორგანიზაციას არავის მსგავსი ურთიერთობებით, არავის მსგავსი მეგობრობით, არავის მსგავსი მტრობით. მსახიობი ერთნაირად ატარებს საკუთარ თავში პატარა ბავშვს და მოზრდილს, ბობოქარ გრძნობას და მდორე შემგუებლობას, მორჩილებას და დაუმორჩილებლობას, პროტესტანტობას და კონფორმიზმს, მღელვარებას და მელანქოლიას. რაციონალურობა აქ ხშირად ისვენებს და ალბათ ეს, ალოგიკურობის ყველაზე დიდი ლოგიკაა.

ჰოდა, ამ მზისფერ შენობაში, როგორც საშინელებათა ანიმებში, დევს ერთი თეატრის საერთო გული, უზარმაზარი ჭრელი შლეიფით, ცოცხალი და ცეცხლოვანი ორგანო, რომლის სარქვლები ასი ათასჯერ იღება და იხურება, ძველი და ახალი სისხლის დროდადრო კანონზომიერი შერევით და არაკანონზომიერი შეუთავსებლობით, ხანდახან წამოყივლებით და ბევრი სევდის ცოტა სიხარულით. მძიმე, საერთო თეატრალური გული, ათასობით პერსონაჟის და რეკვიზიტის მეხსიერებით, ყურში ჩარჩენილი ტაშის რიტმით, ჟრუანტელით და „განაწილების“ მაგიური ფურცლის მუდმივი მოლოდინით.

მიყვარს სისხლძარღვების ეს იძულებითი სიმჭიდროვე ეკლარის ოქროსფერ პერანგში, გარედან რომ მისი ნამდვილი სახით არ ჩანს და მხოლოდ აფიშებს ედება ნაწილ-ნაწილ და დროდადრო – “განაწილებიდან -განაწილებამდე“. დიდი სევდაა. თეატრალური სევდა თეატრალურ დღესასწულში.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები