მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათს გრუნტის წყალიც ერჩის – რას უპირებენ პრობლემას? 

გელათს გრუნტის წყალიც ერჩის – რას უპირებენ პრობლემას? 

გელათის სახურავს რომ პრობლემა აქვს, წყალს ატარებდა და მხატვრობას აზიანებდა, ეს ამბავი ყველამ იცის. რაც ყველამ არ იცის, ესაა ამბავი გელათის ქვეშ, მიწაში არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე საფრთხეა საუკუნეების მხატვრობისთვის.

წყალი გელათს მხოლოდ სახურავიდან კი არ უტევს, არამედ საძირკვლიდანაც. საქმე ეხება გრუნტის წყლებს, რომელიც გელათის ეზოში აღმოსავლეთ მხრიდან შემოდის, გროვდება და შემდეგ ტაძარში ტენის სახით გამოიყოფა.

ეს საკითხი არ გამორჩენია მსოფლიოში ცნობილ კლიმატოლოგს, ალესანდრო მასარის, რომელიც გელათში 2021-2022 წლებში “ასოციაცია ჯოვანნი სეკკო სუარდოს” გუნთან ერთად მუშაობდა. მან შეისწავლა გრუნტის წყლებიც და გასცა რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის შემცირებასა და ტაძრის დაცვას. მაგალითად, მისი რჩევა იყო, რომ ეკლესიის გარე ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემა მოწესრიგებულიყო. მაშინ გელათის რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უძღვებოდა. თუმცა, მასარის რეკომენდაციების მიუხედავად, სააგენტოს, პრობლემის მოსაგვარებლად, რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

იმის გასაგებად, თუ რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ გრუნტის წყლისგან, ჯერ საჭიროა გავიგოთ, თავად რა ტიპის ბუნებრივი ფენომენია.

“დედამიწის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექის ნაწილი ნიაღვრების სახით ჩაედინება მდინარეებში და შემდეგ გროვდება ზღვებსა და ტბებში, მაგრამ ნაწილი გაიჟონება მიწის სიღრმეში, სადაც ქმნის წყლით გაჯერებულ ჰორიზონტს, რაც გრუნტის წყლის დონედ იწოდება.  თუ ეს დონე ახლოსაა ნაგებობის ფუნდამენტთან, წყალი შეაღწევს საძირკველში, საიდანაც მოხდება მისი ინფილტრაცია ნაგებობის კედლებში. სისველე გამოიწვევს დაშლით პროცესებს: დაიწყება კედლების შელესილობის გაფხვიერება და მისი ზედაპირის გამომარილება. გრუნტის წყლები მეტ-ნაკლებ სიღრმეზე ფაქტიურად ყველგან გვხვდება”, – გვიხსნის 73 წლის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი გეოფიზიკის სპეციალობით, ლადო მირიანაშვილი, რომელიც სამი ათეული წლის განმავლობაში გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. გელათის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესს ისიც აკვირდება.

ამიტომ, თუ არ გამოირიცხა გრუნტის წყლის პრობლემა, არ მოწესრიგდა სადრენაჟე სისტემა და სრული კვლევა არ ჩატარდა, გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ სახურავის პრობლემის მოგვარება არ იქნება საკმარისი. მიწიდან შესული ტენის გამო, კედლები სრულად ვერ გამოშრება და მხატვრობის სრული კონსერვაციაც გაჭირდება.

გრუნტის წყალი რომ პრობლემა იყო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს 2022 წელსაც შეახსენეს. მაშინ ტაძრის საერთო პრობლემების შესასწავლად გელათის მონასტერს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი, იუნესკო და იკომოსი ეწვია. საერთაშორისო სპეციალისტების გუნდმა მხატვრობისა და გადახურვის საკითხებთან ერთად, რეკომენდაციები სწორედ გრუნტის წყლების შესწავლაზეც გასცეს. საკონსულტაციო მისია წერდა, რომ მიწისქვეშა წყლები აღმოსავლეთ კარიბჭიდან შემოდის და ამის გამო მუდმივად არის ტენიანობა მთავარი ტაძარსა და წმინდა გიორგის ეკლესიაშიო.

შესაბამისად, მათ სააგენტოს ურჩიეს შემდეგი:

უნდა ჩაეტარებინათ გეოტექნიკური კვლევები და შეეგროვებინათ კონკრეტული მონაცემები;

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, უნდა შეემუშავებინათ მიწისქვეშა წყლების შეგროვებისა და ამოღების სისტემა, სადრენაჟო სისტემის ან შემგროვებელი ჭების მეშვეობით.

სააგენტოს ამ რჩევებიდან არაფერი შეუსრულებია. მეტიც, მალევე თავად ხელი დაიბანა და გელათი (მთელი თავისი პრობლემებითა და დაფინანსებით) მოსავლელად საპატრიარქოს გადაულოცა.

რა გააკეთა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა?

2023 წლის გაზაფხულიდან გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაცია  საპატრიარქოს ხელშია. სპეციალურად ამ საქმისთვის შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი. შესაბამისად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მათ ევალებათ გრუნტის წყლების შესწავლაც და ამ პრობლემის მოგვარებაც.

2024 წლის აგვისტოში კომიტეტმა დაიწყო გრუნტის წყლების დონის კვლევა. ამ მიზნით ჭაბურღილები გაიყვანეს და შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევაც გამოაქვეყნეს.

სპეციალისტები კი თვლიან, რომ მხოლოდ ამ მეთოდით გრუნტს ვერ გამოიკვლევენ და სრულ სურათს ვერ დაინახავენ. გეოფიზიკოსი ლადო მირიანაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარებულიყო გეოფიზიკური კვლევები, კერძოდ ელექტრომეტრული და რადარული დაკვირვებები – ანუ ეს არის სპეციალური მეთოდები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მიწისქვეშა სტრუქტურების ელექტრული წინააღმდეგობების გაზომვის საფუძველზე, რაც მიწის ზედაპირიდან ხორციელდება, დადგინდეს გრუნტის წყლის დონე და მისი ზედაპირის ცვალებადობა.

მირიანაშვილმა კომიტეტს თავისი მოსაზრებები გააცნო და უთხრა, რომ ამ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა მხოლოდ ჭაბურღილების გაყვანით შეუძლებელი იყო.

“როდესაც მე ეს პრობლემა დავინახე, ამაზე დავწერე სტატუსიც და გეოფიზიკოსებსაც გავესაუბრე. წერილი მივწერე კომიტეტსაც და ვუთხარი, რომ მხოლოდ რამდენიმე ჭაბურღილის გაყვანით ეს პრობლემა არ წყდებოდა. იმ ევროპელი სპეციალისტების რეკომენდაციებში პირდაპირ იყო ჩაწერილი სავარაუდო მეთოდები და ამ მეთოდებს შორის დასახელებული იყო გეოფიზიკური მეთოდებიც. საბედნიეროდ, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა ჩემი რეკომენდაცია ყურად იღო. მე დავაკავშირე გეოფიზიკოსთან, რომელსაც აქვს ამ ტიპის სამუშაოების საქართველოს მასშტაბით ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილება. წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ, იგი ამ კომიტეტის ორ წევრთან ერთად ესტუმრა გელათის მონასტერს, ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მისცა რეკომენდაციები. აგრეთვე დაწერა და გადასცა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. დანარჩენ დეტალებზე მას გაესაუბრეთ”, – გვეუბნება მირიანაშვილი.

ჩვენ ვესაუბრეთ ვცადეთ მირიანაშვილის მიერ ნახსენებ გეოფიზიკოსთან, გია მელიქიძესთან საუბარიც. დაახლოებით ორი კვირის წინ, ის გელათში კომიტეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მელიქიძე დეტალებზე ვერ გვესაუბრა, რადგან კომიტეტის მხრიდან პროექტზე გადაწყვეტილებას ელოდება.

აქამდე ჩატარებულ კვლევასა და მის მეთოდოლოგიას აკრიტიკებენ არამხოლოდ სპეციალისტები, არამედ თავად ქუთაის-გაენათის ეპარქიაც. 2024 წლის 22 აგვისტოს ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნეს:

“გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ დღეს გამოგზავნილია გეოლოგთა ჯგუფი, რომლის მიზანია გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის აღმოსავლეთით შესწავლილ იქნეს მთის ფერდობიდან მომდინარე გრუნტის წყლების დონე. კარგად ცნობილია, რომ აგვისტოს თვეში, როგორც წესი, ეს დონე ყველაზე დაბალია, რის გამოც წყლის დებეტი სოფ. გელათში კატასტროფულად მცირდება. იმისთვის, რომ გრუნტის წყლების დინამიკა ობიექტურად იყოს შეფასებული, უპრიანია, მსგავსი შემეცნებითი სამუშაოების ჩატარება თოვლის დნობის და საგაზაფხულო წვიმების და, ასევე, შემოდგომის წვიმების დროს”.

პოსტში წერდნენ იმასაც, რომ გრუნტის წყლების არასასურველი გავლენა ტაძარზე ახალი ამბავი არავისთვისაა და ხაზგასმულია ისიც, რომ ტაძრის სადრენაჟე სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და შესაკეთებელია.

ეპარქიის ამ პოსტს გამოეხმაურა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი. 24 აგვისტოს გამოქვეყნებული მათი განცხადება ერთგვარად იოანე გამრეკელის კრიტიკას პასუხობს. კომიტეტი წერს, რომ ისინი ყოვლისმომცველ წლიურ დაკვირვებას ეწევიან და სწორედ ამის ნაწილია დაკვირვება აგვისტოში, როცა გრუნტის წყლის დონე დაბალია. “ჰიდროლოგიური სურათის სრულყოფისთვის ჩვენ ვგეგმავთ გავითვალისწინოთ წვიმების და თოვლის დნობის პერიოდები. ეს მოგვცემს საშუალებას შევქმნათ სრულყოფილი სურათი და შევამციროთ გრუნტის წყლის ცვალებადობით გამოწვეული რისკები”, – წერია კომიტეტის საპასუხო განცხადებაში.

ახლა როგორ აპირებს კომიტეტი კვლევის გაგრძელებას ან რა იქნება კვლევისშემდგომი სამუშაო, უცნობია. ჩვენ ვცადეთ მათთან საუბარი, ვურეკავდით არქიმანდრიტ კირიონ ონიანს, რომელიც კომიტეტს ხელმძღვანელობს, შეტყობინება მივწერეთ დავით ლორთქიფანიძეს, კომიტეტის მიერ შექმნილი ეროვნული საბჭოს მდივანს. თუმცა, პასუხი არც ერთმა გაგვცა.

ამასობაში კი გეოფიზიკოსი ლადო მირიანაშვილი გვეუბნება, რომ გელათში აღმართული კონსტრუქციები, რომელიც სახურავისთვის დაიდგა, გრუნტის კვლევის პროცესს გაართულებს.

“რასაკვირველია, სჯობდა, რომ ჯერ გეოფიზიკური სამუშაოები ჩაეტარებინათ, შემდეგ კი კონსტრუქციები აღემართათ. თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ მოგვარებადია. უბრალოდ, ამჯერად გეოფიზიკოსებს უფრო მეტი პროფილის გატარება მოუწევთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქციები არ იქნებოდა აღმართული”, –  გვიხსნის მირიანაშვილი.

კვლევები უნდა ჩატარებულიყო მთავარი ტაძრის ინტერიერშიც, მაგრამ  ახლა იქაც ხარაჩოებია და სავარაუდოდ, ვეღარაფერს შეისწავლიან.

წყარო: https://ifact.ge/

კომენტარები