მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გიგა გელხვიიძე – ჩემს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს

გიგა გელხვიიძე – ჩემს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს

პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს მედიის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.

ჟურნალისტ გიგა გელხვიიძის თქმით, ქვეყანაში საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს.

“მგონია, დილით რომ გავიღვიძებ უნდა გავიდე და პურის რიგში ჩავდგე, თან ყურადღებით უნდა ვიყო და ე.წ. კერასინკისთვის განკუთვნილმა ნავთის მანქანამაც არ უნდა გამასწროს. ჩემს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს. ქვეყანაში, სადაც თბილისის ცენტრალურ გამზირზე (და არა მხოლოდ) თაობების სისხლითაა მიწა გაჟღენთილი, იმ თაობების, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანე და ჩვენ ასე უმოქმედოთ და კლავიატურაზე წკაპუნით ვკარგავთ.

კანონი, რომელსაც „ხალის ძალა“ გვთავაზობს და ოლიგარქის მონები ერთხმად ეთანხმებიან, ჩემი, შენი და ჩვენი მომავალი თაობის გადაჯიშების და შინაგანი თავისუფლების გათელვისკენაა მიმართული?

აი, ამიტომ არ მინდა ეს კანონი, არ მინდა მონობა, არ მინდა ჩემი პირადი თავისუფლების გათელვა, არ მინდა სრულიად მარტო დარჩენილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანები დაჩაჩანაკებული და გაუბედურებულები დადიან, არ მინდა ხვალ ქალს რომ ცემს მისი „მოსიყვარულე“ ქმარი, არავინ იყოს ისეთი, ვინც ხმას აღიმაღლებს ამაზე, არ მინდა სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე ლენინის, სტალინის და ბიძინას სადიდებელ გაკვეთილებს ატარებდნენ პედაგოგები.

ჩვენ თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი გვინდა. ჰოდა უნდა ვიბრძოლოთ, ნებისმიერი მეთოდით”, – აცხადებს გიგა გელხვიიძე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური “უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კომენტარები