ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია – აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დროიდან 2005 წლამდე საქართველოში ათასობით ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება.
ირკვევა, რომ ბავშვებს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ყიდდნენ.
სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში “ვეძებ” უამრავი გზავნილი იწერება ქუთაისიდანაც, ადამიანები კონკრეტულ ისტორიებს წერენ და ვარაუდობენ, რომ მათი შვილი გაყიდულია.
“ვიცი, რომ ჩემი გვარია ფხაკაძე. დავბადებულვარ ქუთაისში,1968 წლის 8 ივნისს.(სავარაუდოდ). მეანის ან ბებიაქალის სახელი სულიკო. გამაშვილეს კონსპირაციული ბინიდან აგვისტოში. მიშვილა უშვილო წყვილმა თბილისში. ვეძებ ბიოლოგიურ მშობლებს/ოჯახს.
ასაკის გათვალისწინებით, შეიძლება ცოცხლები არ არიან, მაგრამ გამომეხმაურეთ რევაზი ფხაკაძის შთამომავლები. მყავს ოჯახი და სამი შვილი. მინდა გიცნობდეთ, მიცნობდეთ”, – წერს facebook ჯგუფში მოქალაქე.
“ვისაც შეგიძლიათ დამეხმარეთ, ვარ ქუთაისში დაბადებული, ეს ზუსტად ვიცი 1996 წლის ივლისში გოგონა, მე-3 სამშობიაროში, მეტი არაფერი არ ვიცი სამწუხაროდ, იქნებ დამეხმაროთ მინდა გავიგო ჩემი ვინაობა ვინ ვარ”, – წერენ ჯგუფში “ვეძებ”.
როგორც ირკვევა, დანაშაულებრივ სქემაში სამშობიარო საავადმყოფოების დირექტორები და მედპერსონალი იყო ჩართული.
“გოგონას ფასი იყო 1000 მანეთი, ბიჭი ღირდა 1500 მანეთი. რეგიონებში 500 გოგო, 1000 ბიჭი. ძირითადად ნადირობა მიდიოდა ტყუპებზე, დედას ეუბნებოდნენ, რომ შენ არ ყოფილხარ ორსულად. ან ეუბნებოდნენ, რომ უფრო ჯანმრთელი, რომელიც იყო ის ბავშვი გარდაიცვალა.
ეს დედები ვერ ამტკიცებდნენ, რომ იმშობიარეს. დედები, რომლებიც მიდიან იუსტიციის სახლში და ითხოვენ საკუთარი მშობიარობის ამონაწერს, იქ არ ფიქსირდება მათი მშობიარობა. წინასწარვე განწირულები იყვნენ ეს მშობლები იმისთვის, რომ მათი შვილები მოეპარათ“, – ამბობს ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის “ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე.
კომენტარები