ქართველი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი ჯემალ ქარჩხაძე 1936 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში დაიბადა.
საშუალო განათლება ქალაქ ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც დედაქალაქში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად.
ჯემალ ქარჩხაძე ცნობილი გახდა მოთხრობებით და რომანებით: “იგი”,” ქარავანი”, “ანტონიო და დავითი”, “ზებულონი”, “იუპიტერის სინანული”, “განზომილება”.
ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი ამბობს: “საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული“.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში. შემდგომ კი კინოსტუდია — ქართულ ფილმში. მწერლის პირველი მოთხრობა იყო “აბზიანიძეების ოჯახი“, რომელიც 1962 წელს გამოაქვეყნა. ნაწარმოები ჟურნალ „მნათობში“ მიიტანა, სადაც შესწორებულად დაუბეჭდეს. 26 წლის მწერალმა შემდეგი მოთხრობა “ისტორიული რომანი“ კვლავ “მნათობში“ მიიტანა, რომელიც სრული სახით გამოიცა, თუმცა გაზეთ კომუნისტის ჟურნალისტმა ბესო ჟღენტმა ის მიწასთან გაასწორა.
“ჩემი, მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო, არც გამარჯვებას შეეძლო გაებრუებინა და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია” — ამბობდა ამ პერიოდზე ქარჩხაძე. “კომუნისტის“კრიტიკის შემდეგ მნათობმა ქარჩხაძის ნაწარმოებების გამოქვეყნება შეწყვიტა, რის გამოც ჯემალმა ბედი “ცისკარში“ სცადა, სადაც მწერლის ნაშრომები სიამოვნებთ მიიღეს და მათი თანამშრომლობა აღარ შეწყვეტილა. გარდა მოთხრობებისა და პუბლიცისტიკისა, ჯემალ ქარჩხაძემ დრამატურგობაც სცადა. მისი პიესა “დევიძეების ოჯახი“ იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრში და გარკვეული წარმატებაც ჰქონდა.
მას მწერლობის გარდა იტაცებდა იოგას ვარჯიშები. როგორც თვითონ ამბობდა: “იოგა ჩემი პროფესიისთვის მჭირდებოდა, რათა მომეხდინა საკუთარი ძალების კონცენტრაცია. დიდი ენერგიის პატრონი არასოდეს ვყოფილვარ და რაც ენერგია მაქვს, მსურდა მიზანმიმართულად სწორად გამომეყენებინა“.
ჯემალ ქარჩხაძე გარდაიცვალა 1998 წელს, თბილისში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
აღსანიშნავია, რომ მწერალს სიცოცხლის განმავლობაში არ მიუღია არც ერთი პრემია. გარდაცვალების შემდეგ 1999 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2007 წელს კი ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია ”გალა”. ჯემალ ქარჩხაძე ახალი ათასწლეულის – ახალი თაობის აღმოჩენაა, მისი პოპულარობა დღითიდღე იმატებს.
ქარჩხაძის ნამუშევრები ქართული სასკოლო პროგრამის ნაწილი გახდა.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას წარმოგიდგენთ იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც იმერეთში დაიბადნენ და თავიანთი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოში.
კომენტარები