მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ენდის მარია და ბენეფისი

ენდის მარია და ბენეფისი

6 დეკემბერი სულ მახსოვს. მახსოვს, როგორც ენდის დაბადების დღე და თეატრის სასიამოვნო ხმაური. ქუთაისური ესთეტიკა და არტისტის იუბილეზე ცოტა მეტიც. რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მხოლოდ რეპერტუარი, ან სპექტაკლი. როლი, ან სცენა. ყვავილი, ან ტაში. მას ყოველთვის ამაზე მეტი სჭირდებოდა და მე ეს ძალიან მიყვარს. მიყვარს, როცა თეატრს გარეთაც სურთ მიაწვდინონ ხმა და საკუთარი არსებობა სხვების არსებობის ერთ დღესასწაულად მაინც აქციონ.

იმ წელს, როცა მე თეატრში ვიყავი, 6 დეკემბერი იუბილარისგან ერთ ნიჭიერ მხატვარს ეჩუქა. პატარა ბიჭს, რომელიც საკუთარი ნახატების გამოფენაზე, უკეთეს მომავალზე და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობდა. ის დღე მის გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდედბათ. არ ვიცი, მერე, ან წელს, თუ მიულოცა ენდის დაბადების დღე. იქნებ, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ საზოგადოებრივი რეზონანსის გარხევა მაშინ, ვიდრე პატარა ტალანტისთვის, იქნებ, ჩვენ(დიდებს) უფრო გვესმოდა საკუთარი როლი და მიზანი ამ საზოგადო სიკეთეში, ვიდრე მას, ვისთვისაც „სურვილის ახდენაც“ ბავშვობის ერთი ბრჭყვიალა ეპიზოდია.

ამაშიც არის ქველმოქმედების არაერთგვაროვნება. და ამ სიხარულსა და სევდაში, აღტაცებასა და განხიბლვაში სიარულიც დიდი ფუფუნებაა. ეს ფუფუნება აქვს ენდის.

ველოდი „მარია რევიას“ მესხიშვილის სცენაზე და ველოდი ბენეფისის დღეს. ჩემნაირად, ალბათ ბევრი დილიდან სხვა საქმეებზე იყო „გადავარდნილი“. სამეგრელოს სოფლებში ვიარე, ვნახე ქალები- დევნილობიდან დეპუტატობამდე, ძალადობის მსხვერპლობიდან – დამოუკიდებლობამდე და თან მთელი გზა ვფიქრობდი – ენდის ბენეფისიც იმ 16 აქტიური დღის ფონზეა, როცა მთელი სამყარო, ქალების ბედზე ხმამაღლა ლაპარაკობს და ჩემთვის ეს არ იყო სულერთი.

ენდის „მარია რევიას“ პრემიერა ფოთში ვნახე რეზიკოსთან და ალეკოსთან ერთად. იშვიათად შევდივარ ხოლმე წელგამართული სპექტაკლის მერე მისალოცად. მიჭირს თან მართალი ვიყო და თან მოვეფერო ადამიანს, რომელმაც უზღვავი ენერგია მაინც დახარჯა სცენაზე. ვეძებ სწორ სიტყვებს და ტაქტს, რომელიც არც მე, არც სხვას, არ შეურაცხყოფს, მაგრამ არც მოატყუებს. ჰოდა, ფოთში „მარია რევიას“ მერე, უბედნიერესმა მივულოცე ენდის. არ მიძებნია სიტყვები. ვიცხოვრე მისი გმირით და ტკივილით გულწრფელად, პულსის აჩქარებით. ვიცრემლე და „გავიკათარზისე“, ხელისგულებიც ავიწვი და გრძნობებიც.

ამიტომ, განსაკუთრებული მოლოდინით შევაღე დაგვიანებულმა ჩვენი მზისფერი შენობის უძველესი ხის მძიმე კარი და მის სამყაროში ფეხაკრებით შევედი.

კაპელდინერებთან ერთად, პირველი ოვალური კედელიც გადასხვანაირებული დამხვდა. მინიმალისტურად, შავ-თეთრი აკადემიურობით, ენდის ფოტოგმირების დაგუდული სიმძიმით და შინაარსით. კოსტიუმებით, რომლებმაც მისი სიცოცხლე უკვე მისცეს ამ თეატრს. ენდის პერსონაჟებს. პრემიერებს. რეპეტიციებს. ბრძოლებს, მტრობებს და მაინც გამარჯვებებს. ჩემი დაგვიანების გამო, ენდის „კოსტიუმების ბილიკთან“ დიდხანს ვერ შევჩერდი ცარიელ ფოეიში, არადა ცალკე სპექტაკლი იყო. აქაური უახლესი წარსულის ცალკე დრამატურგია.

როცა კულისიდან უხმაუროდ შევერიე მაყურებელს, ენდის მარია რევია უკვე სცენის შუაში, ციხის მარტოობიდან დახსნილი ქალი იყო ახალ სიმარტოვეში გადასასვლელად გაჭედილი სიტყვებით. დაბალი ხიწვიანი ტემბრით, სილამაზის უგულვებელყოფით, ნაბრძოლი საიდუმლოს შენარჩუნებით, დაკემსილი სულის ჭრილობით, ნდობის დაბადების გამშრალი წყურვილით. საკუთარ სახლში სახლის ძიებით. საკუთარ შვილებში- შვილის აღმოჩენით.

ენდის მარია რევია ბოლომდე ყინავდა სხეულს. ეს ძლიერი ქალის კიდევ ერთი ძნელად ასატანი „დაბრუნება“ იყო საკუთარ ადგილზე.

არ იყო „ზედმეტი თამაში“ ტკივილის. ტკივილი იყო სულ! მაშინაც კი, როცა ახალგაზრდა რეჟისორის დადგმის ხერხი უეცრად ჩეხავდა დრამის წვერს და „შავ მასალაში“ გაბრუნებდა. სცენიდან სცენამდე ამ „ამოსუნთქვებში“, ყურში მაინც ის დაძაბული ბგერა მრჩებოდა, რასაც სამზარეულოს ღარიბი ინტერიერიდან ვგრძნობდი. თითქოს ნოტზე თითი დადო და აღარ აიღო. ანტრაქტული მისტერია  მეხსიერების გარეთ მრჩებოდა. თითქოს თავიდან იკრებდი ძალას, რომ ნერვებს არ ემტყუნა მარია რევიას თანაგრძნობაში.

რაღაცნაირად მოუხდა ეს სიუჟეტი ჩვენს სცენას. სათქმელიც- დაბრუნების, უადგილობაში – ადგილის პოვნით. სიმართლით, რომლის უთქმელობამაც წლების სიცოცხლე წაგართვა, მაგრამ  ბოლოს, მაინც სიმართლეა!

მსუყე იყო 6 დეკემბერი. მსუყე და ტკივილიანი იყო ბენეფისიც, რომელიც  ამჯერად, იუბილარისგან მესხიშვილის მაყურებლის ერთ ნაწილს ეჩუქა ენდის და ფოთის თეატრის შემოქმედებითი გარჯით. კოლაბორაციაც კარგია. კარგიც და აუცილებელიც. მაგრამ განცდების ქარტეხილებს მესხიშვილის თეატრისგან  ვუსურვებ დაუსრულებლად, ენდის! მინდა ვწერო ბევრი ისტორია ჩვენი მზისფერი შენობის გულიდან ისეთ რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე და სახელოვნებო ცხოვრებაზე, რომელზეც წლების წინ ვოცნებობდით ერთად! მიყვარს ის დრო და ღამისთევები, მიყვარს ის სიმართლე, რომელიც გამოგვეპარა/გამოგვაპარეს. მიყვარს ის ოცნებები, რომლითაც დანაღმულ ველზე ვიარეთ :).

მიიღე ჩემი, როგორც ერთი მაყურებლის მადლიერება შენი ბენეფისისთვის!

დღესაც არ ვეძებ „სწორ სიტყვებს“ მოლოცვისთვის და ეს მეც მაბედნიერებს!

შეხვედრამდე, ძველ ოცნებებში! შეხვედრამდე, მთავარი მისიისთვის, რომელიც მარია რევიას უთქმელ სიმართლეს გავს. მინდა, ამ როლშიც წელგამართულმა გნახო!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

ფოტო: ვალერი ფესტვენიძე

კომენტარები