როცა თეატრში სამუშაოდ მივედი, რამდენიმე კონკრეტული სურვილი მქონდა. მათ შორის, ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჟურნალისტებთან ერთად სპექტაკლის შექმნა იყო საბა კლდიაშვილზე: მსოფლიო მოქალაქეზე, ქუთაისის სინდისზე, ყველა დროში და ყველა აუდიტორიასთან საამაყო გმირობისა და სიკვდილის შემოქმედზე ამ ქალაქის ბიოგრაფიაში.
სონიჩკას ოთახის კართან ვიდექით მე და ქეთი მამუკელაშვილი, როცა სიტყვებს ამოვაყოლე ეს ბედნიერი ოცნება. მაშინ გავიგე, რომ ქეთი ჩემზე ადრე საბას დედაზე იყო შეყვარებული, ეფრო კლდიაშვილზე, რომელმაც ქუთაისის თეატრალური ტრადიციის დიასახლისობა მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში იკისრა და ბოლომდე მიიტანა. შეყვარებულიც იყო და უკვე ფურცლებზეც გადაჰქონდა ამ დიდებული ქალის ცხოვრების ეპიზოდები. მაშინვე ვიფიქრე, რომ საბამდე, ჯერ ეფრო იმსახურებდა გაცოცხლებას. ჩემი გმირის და ქუთაისის თეატრის დედა!
ეფროსინე, იგივე ეფრო, დიმიტრი ყიფიანის ძმის შვილი იყო და დავით კლდიაშვილის ძმის, გრიგოლის, კეთილშობილი იმერელი კაცის ცოლი. ქალი, რომელმაც რვა საუკეთესო შვილი გაუზარდა სამშობლოს, ერთმანეთზე მეტი გრძნობით, ნიჭით, ღვაწლით, მნიშვნელობით იმ ეპოქისთვის და არა მარტო. იშვიათია ერთი ოჯახიდან ამდენი საზოგადო სიკეთე. მოკლედ, საოცარი ბიოგრაფიის ქალზე ვლაპარაკობთ. სუფრაჟისტობაზე თავი არ დაუდია, მაგრამ ყველა ჩარჩო და სტანდარტი დაშალა მისი ცხოვრებით, ხასიათით, ქმედებით და აზროვნებით. რაღაში ჭირდებოდა ფორმალური რიტორიკა ემანსიპაციაზე, როცა ყველა მისი დღე ამის მტკიცება იყო.
როგორ ახერხებდა დედობის განძის თანაბრად გაზიარებას, როცა სცენისმოყვერულებს ლიდერობდა, დღე და ღამე შრომობდა, კითხულობდა, აგროვებდა, დგამდა, თამაშობდა, პუბლიცისტობდა, მოგზაურობდა, განათლებას ავრცელებდა, იკვლევდა, ქველმოქმედებდა, უყვარდა, იბრძოდა, კამათობდა.. მოკლედ, ახლაც ვწერ, თავიდან განვიცდი და თავიდან მაოცებს ამის წარმოდგენა. მინდა მის „კანში შევძვრე“ იმ დროს, იმ ქუთაისურ სახლში, ჩაის და მურაბების სურნელოვან სიძველეში, სტუმრების მიღების და საუბრების სითბოში, შვილების დაბადება-გაზრდის დაუსრულებლად ტკივილიან სიხარულში, მათთვის წიგნების კითხვაში, ენების სწავლაში, ხელოვნებასთან ზიარებაში და მერე ჩიხტიკოპი თავზე დავიდგა, კარი გამოვხურო, ტალახიან ქუჩაში ფეხით გამოვიდე, აკაკის, ანტონ ლორთქიფანიძეს, რაფიელ ერისთავს და სხვა მათნაირ ბიჭებს შევხვდე და რეპერტუარი ავაწყო, ნაქირავებ შენობებში ქირა ვიხადო და სპეტაკლის დადგმა და თამაში დავიწყო. როგორია?
სვანეთში ცხენით იმოგზაურა. გრიგოლის გავლილი გზა თავიდან გაირა, იქაურ ქალებს ცოდნა და სინათლე აუტანა, ალაპარაკა, მოუსმინა, სკოლის და განათლების აუცილებლობა მოანდომა, თვითშეფასება აუმაღლა, „ზოგადი ეფრო“ მთიან სოფლებშიც გაამრავლა, თვალები და გული აუნთოთ და დაბრუნდა. თეატრთან და შვილებთან. ეროვნული საქმისთვის.
ეფროს და მისი მეგობრებისთვის თეატრი იყო ქართული სიტყვის გადარჩენისთვის ბრძოლა. თეატრი იყო მაყურებლის გემოვნების, აზროვნების, ეროვნული ღირსების გაზრდის დაძალებაც. იღებდნენ თუ არ იღებდნენ, აქებდნენ თუ აკრიტიკებდნენ, მათ იცოდნენ, რომ სწორ გზაზე იდგნენ! ხალხოსანიც იყო. იატაკქვეშაც დადიოდა. სცენაზეც იდგა. მენახშირე ქალიც იყო და მედეაც! გაგიჟება შეიძლება ისეთი გოგოა ეფრო!
ბლოგი არ მეყოფა მასთან სიყვარულის ასახსნელად და არც ქეთი მაპატიებს ამას 🙂 .
ცოტა რამე ვიცით ნამდვილად და ყველაფერი, რაც ვიცით, ქეთიმ უკვე მოყვა მის წიგნში „ეფრო კლდიაშვილი“, რომელიც 2020 წელს დაიბეჭდა მესხიშვილის თეატრის მხარდაჭერით. მანამდე, სამი წლით ადრე, ქეთის სტატია ეფროზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გამარჯვებული გახდა კონკურსში „უცნობი ისტორიები – 50 ქალი საქართველოდან“.
წიგნის „სიმბოლური“ პრეზენტაციის დროს, ჩვენი მზისფერი შენობის გულში, ერთ-ერთ ცენტრალურ ლოჟას ეფროს სახელი ეწოდა და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, ერთ-ერთი ნათელი კვალია კოტე აბაშიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში – პატარა წარწერა ლატუნის ფირფიტაზე მესხიშვილის დარბაზში ძალიან მნიშვნელოვანი ასოთაწყობით „ეფრო“.
და თუ თქვენ, რომელიმე მკითხველს, შეთხვევით მოსაწვევზე ამ დიდებული ქალის სახელობის ლოჟა შეგხვდებათ, მინდა გული ამოგივარდეთ სიხარულით, მინდა იგრძნოთ, რა ბიოგრაფიის ახლოს ხართ, რა განსაკუთრებული მისტიკის ნაწილი გახდით!
მშურს ქეთი მამუკელაშვილის, რომელმაც ამ წიგნით საკუთარი ოცნების ნაწილი მაინც აისრულა 🙂 . მშურს და მიხარია, რადგან ჩემი ოცნებაც დავაკორექტირე და ახლა ეფროც მინდა სცენაზე ვიხილო! გვევალება და მიტომ!
ღმერთო, რა ხალხი გვყავს გასაცოცხლებელი თავიდან!
როდესმე, ქეთის წიგნივით ავიხდენთ!
აუცილებლად წაიკითხეთ „ეფრო კლდიაშვილი“, ეს საოცარი ქალი!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები