მთავარიახალი ამბები

“ვერ დადგა სპექტაკლი” – სულხან გოგოლაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელის წასვლის მიზეზებზე საუბრობს

“ვერ დადგა სპექტაკლი” – სულხან გოგოლაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელის წასვლის მიზეზებზე საუბრობს

ლადო მესხიშვილის თეატრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი სულხან გოგოლაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ თანამდებობა დატოვა.

სულხან გოგოლაშვილმა “ინფო იმერეთთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელობას დიდი დრო მიაქვს, რის გამოც გიორგი თავაძემ სპექტაკლი ვერ დადგა, რაც მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა და მიიღო ეს გადაწყვეტილება.

სულხან გოგოლაშვილის თქმით,  გოგა თავაძემ გადაწყვიტა, რომ  საკუთარი თავის რეალიზება რეჟისურაში გაეგრძელებინა.

– ბატონო  სულხან, სატელეფონო კომენტარის ჩაწერა მინდა თეატრში განვითარებულ მოვლენებზე, როგორც ცნობილია, სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, რომ გვითხრათ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

– სატელეფონო კომენტარს რომ დავთანხმდე, ამ საუბარს უკან ჩამიგდებთ სრულად? ბოდიში ყველა ჟურნალისტთან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩემი კომენტარი სხვაგვარად გაშუქდა.

– მოკლედ და მკაფიოდ  უნდა ისაუბროთ და ჟურნალისტი  შეძლებს სრულად იმის გავრცელებას, რასაც ამბობთ, გავაგრძელოთ საუბარი?

– კარგი.

–  რატომ დარჩა თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის და ავტომატურად დირექტორის გარეშე?

– სამხატვრო ხელმძღვანელის სურვილი იყო ეს, რომ წასულიყო თეატრიდან, რადგან მისი სურვილი იყო, რომ თავისი თავის რეალიზება გაეკეთებინა რეჟისურაში და არა სამხატვრო ხელმძღვანელობაში. რადგან მისთვის ეს აღმოჩნდა რაღაც დოზით უინტერესო და რაღაც ვერ ახორციელებდა ამით თავის ძირითად საქმიანობას.

– ჩვენ, ჟურნალისტებს გვახსოვს მისი ჩამოსვლა ამბიციური გეგმებით, 4 წლის ვადით. მაშინ ვერ აცნობიერებდა რა დრო სჭირდებოდა სამხატვრო ხელმძღვანელობას და პარალელურად რეჟისორობას?

– ეს მას ჰკითხეთ. ვერ გეტყვით. არავის მისთვის არაფერი დაუძალებია, რაც პრესაში გავრცელდა სისულელეა, მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროფესიული საქმიანობის გაგრძელება რეჟისორის ამპლუაში. ძალიან დატვირთულია ზოგადად სამხატვრო ხელმძღვანელი და ვერ დადგა სპექტაკლი, რადგან არ ჰქონდა ამის დრო, რაც მისთვის ბევრად მტკივნეული იყო და გადაწყვიტა, დარჩენილიყო რეჟისორი და არა სამხატვრო ხელმძღვანელი.

გოგა თავაძე  ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 11 თვის წინ, 4 წლის ვადით დაინიშნა.  ის დანიშვნის შემდეგ მედიას შეხვდა და განაცხადა, რომ დიდი და ამბიციური გეგმებით ჩავიდა ქუთაისის  თეატრში. გიორგი თავაძემ დანიშვნისას  ქუთაისში მედიის გაცნობა და სამომავლო გეგმებზე საუბარი გადაწყვიტა, წასვლისას კი  ჟურნალისტებთან დამშვიდობების სურვილი აღარ გასჩენია.

რაც შეეხება თეატრის დირექტორს, დაიკავებს თუ არა სულხან გოგოლაშვილი ისევ ამ თანამდებობას, ამას ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტს.

კომენტარები