მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელთა ცხოვრება და მოღვაწეობა ქუთაისში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელთა ცხოვრება და მოღვაწეობა ქუთაისში

ქართული სამეცნიერო-აკადემიური და საგანმანათლებლო კერების ისტორია საუკუნეებს ითვლის. ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლიანი მატიანის ფურცლებს ამშვენებს კოლხეთის (ფაზისის), გელათისა და იყალთოს აკადემიები და მათი მემკვიდრეობა.

სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი თბილისში – ამჟამინდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდა 1918 წლის ძვ. სტ. 26 იანვარს (ახ. სტ. 8 თებერვალი), საქართველოს წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით მეოთხე აღმაშენებლის ხსენების დღეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაამარსებელთა დიდი ნაწილი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპით დაკავშირებულია ქუთაისთან.

1917 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეის შესახებ ქუთაისში საჯარო ლექცია წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარმა დამაარსებელმა, აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა და აუხსნა ზოგადი ვითარება დამსწრე საზოგადოებას ქართული საუნივერსიტეტო იდეისა და მისი განხორციელების შესახებ. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ქართული უნივერსიტეტის გახსნის აუცილებლობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი (წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცი) ჯერ სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, ხოლო შემდგომ დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის # 1 საჯარო სკოლა).

1933 წლის 28 თებერვალს დაარსდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რომლის დაფუძნებაში ერთ-ერთი უდიდესი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანს, რომელმაც პირველმა წაიკითხა ლექცია ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. გიორგი ახვლედიანი ქპი-ში (ამჟამად აწსუ) სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მოღვაწეობდა წლების განმავლობაში. აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად ინარჩუნებდა კავშირს ქუთაისსა და მის სამეცნიერო სივრცესთან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, აკადემიკოსი აკაკი შანიძე გახლდათ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული. 1935-1936 წლებში აკაკი შანიძე ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ძველი ქართული ენის გრამატიკასა და ქართულ დიალექტოლოგიაში. 1957 წელს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩატარდა აკაკი შანიძის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. 1958 წელს ქპი-ს დაარსების 25 წლის იუბილეზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სახელით მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული. ის წლების მანძილზე გახლდათ სასულიერო პირი (მღვდელი, დეკანოზისა და შემდგომ პროტოპრესვიტერის წოდებით). დეკანოზი კორნელი კეკელიძე 1905 წელს მსახურობდა ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში (მდებარეობდა ქუთაისის მერიის შენობის გვერდით ამჟამად მდებარე შრომის მემორიალის ადგილზე; ტაძარი კომუნისტურმა რეჟიმმა დაანგრია 1944 წელს). კორნელი კეკელიძე 1933-1936 წლებში იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. ხსენებული უმაღლესი სასწავლებლის შესახებ 1936 წელს აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ განაცხადა: „მხოლოდ სამი წლის ისტორია აქვს /ქუთაისის/ პედაგოგიურ ინსტიტუტს. მიუხედავად ამისა, ის უკვე იმდენად მომაგრდა, რომ თამამად შეიძლება ჩვენში ის მეორე უნივერსიტეტად ჩაითვალოს“, – აღნიშნა კორნელი კეკელიძემ. 1937 წელს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში შედგა კონსტანტინე მეძველიას დისერტაციის დაცვა, რომლის ოფიციალური ოპონენტი იყო კორნელი კეკელიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე დაიბადა ქუთაისის მახლობლად, სოფელ ფარცხანაყანევში 1888 წელს. მას დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. შალვა ნუცუბიძემ მონაწილეობა მიიღო 1933 წლის 28 თებერვალს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების საზეიმო ცერემონიაში, სადაც ბრწყინვალე სიტყვით წარდგა. 1934-1935 წლებში შალვა ნუცუბიძე ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული გახლდათ. 1909-1918 წლებში ამავე გიმნაზიაში დიმიტრი უზნაძე მსოფლიო ისტორიის პედაგოგი იყო. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. დიმიტრი უზნაძე შემდგომში ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელთა წარმოდგენილი ნაწილის ცხოვრებისეული, სასწავლო და სამეცნიერო-საზოგადოებრივი აქტიური შემხებლობა ქუთაისთან კვლავ და კვლავ მკაფიო ხაზს უსვამს უძველესი, თითქმის ოთხი ათასწლოვანი ქუთაისის განსაკუთრებულ ისტორიულ მისიას, რომელიც მოიცავს ქართული სახელმწიფოებრიობის, საზოგადოებრივი განვითარებისა და სამეცნიერო გონის მნიშვნელოვან და საკვანძო ასპექტებს.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი 

კომენტარები