მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იუნესკოს ლიტერატურულ ქალაქში…

იუნესკოს ლიტერატურულ ქალაქში…

29 ნოემბერს ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში “მსოფლიო პრემიერა” (როგორც მას რეჟისორი უწოდებს) შედგა. საბა ასლამაზიშვილმა პირველმა გაბედა ნიკო ლორთქიფანიძის “შელოცვა რადიოთი”  მოეყოლა სცენაზე.

თავბრუდამხვევი და მომაჯადოებელი იყო მსახიობ ნინო ჭოლაძის პერსონაჟი – ჟღალი და მარტოსული, სიყვარულის თავგანწირულად მძებნელი და ტრაგიკულად დაფერფლილი ელი. მისი სასიკვდილო როკვით და ნიკო ლორთქიფანიძის იმპრესიონისტული ტექსტიდან ამოსული რამდენიმე ფრაზით. ყველა ძარღვით, ყველა გზის აბნევით, ყველა დამსხვრეული გრძნობით.  საქართველოსავით  ლამაზი და მტკივნეული. ალბათ, ამაზე დავწერდი მეტს, მაგრამ ჩემი მეგობრის, ია იაშვილის პოსტმა, იმ დღესვე, თითქმის ყველა  ცოცხალი განცდა დაიტია. და არა მარტო ჩემი.

გასული კვირა ბევრი კულტურული მოვლენით იყო დატვირთული.

შექსპირული კვირეული იჩუქა უშანგი ჩხეიძის სახელზე ზესტაფონმა.

“უშანგის” ფესტივალი დაიბადა!

28 ნოემბრიდან დაწყებული, 5 დეკემბრის ჩათვლით, იმერეთის ეს თეატრის მოყვარული და ნიჭიერი  არტისტების მშობლიური ზესტაფონი, სტუმრებმა, თეატრალურმა კრიტიკოსებმა  და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა თეატრალურმა დასებმა აახმაურა და გაამრავალფეროვნა. ახალი ტრადიცია დაიწყო და აიდგა ფეხი!

და არ ვიცი, რამდენად კავშირშია ქუთაისი რომ იუნესკოს გადაწყვეტილებით ლიტერატურულ-შემოქმედებითი ქალაქების ქსელს შეუერთდა ის მოვლენა, რაზეც ამ ბლოგს ვწერ, მაგრამ მოხდენით კი ნამდვილად მოუხდა.

კონკურსი – ქართული დრამატურგია – ქართული თეატრის საფუძველი.

2 და 3 დეკემბერს, მცირე სცენის სივრცეში, სამი პიესის თეატრალური კითხვა მოეწყო.

იშვიათად განმიცდია მსგავსი სიამოვნება. ხმამაღალი მკითხველი ყოველთვის, ან უფრო ხშირად, სწორედ მე ვიყავი თეატრშიც და მის გარეთ. მიყვარს ამ ვნებით სხვების ზიარება, სხვებში გადაცხოვრება. ახლა ვიგრძენი, რა ბედნიერებაა, როცა სხვისგან სწორად ნათქვამი მარცვლები ესმის ყურს. ზიხარ, როგორც სახლში, მშვიდ და თბილ გარემოში. გავიწყდება ტკივილები და თეატრს გარეთ გარჩენილი ცხოვრება. ბგერით, ხმით, მახვილით, მოზომილი გრძნობით შედიხარ გაბლარულ სამყაროში – ლიტერატურასა და თეატრს შორის, რაღაც უფრო ტრანსცენდენტულში- სიტყვიდან, ვიდრე კონკრეტულ ქმედებამდე, საკუთარი წარმოსახვების მეტი ამპლიტუდით. რადიოთეატრის ნოსტალგიასაც ჰგავს და ცოტა უფრო მეტია. ფურცლის სუნიც ასდის და ადამიანსაც გრძნობ.

პირველი პიესა: ნინია სადღობელაშვილის „როგორც კიდობანში” (რეჟისორი კახა გოგოლაშვილი)… თეატრი თეატრში. ჩემთვის უძვირფასესი ეფრო კლდიაშვილის გამონათებები პერსონაჟებს შორის. მიწისქვეშ მოქცეული სიცოცხლის გადარჩენის ცდა თამაშით, დროის და სივრცის მოშლით, ფასეულობების დატოლებით, შვილების და თავის გაწირვით, ომის ხმით, ახლის მშობიარობით, ბიბლიური ფეხის განბანვით, ქუთაისის წარსულის დოკუმენტური ნაფლეთებით.

მეორე პიესა: გუგა მგელაძის “მავზოლეუმი“ (რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი) – საბჭოური ეპოქის სამუდამოდ დასავიწყებელი ბელადების მოლაპარაკე მუმიებით, ნახევრად ცოცხალი ცხედრებით. ფსიქიატრიული სტიგმებით და ანტისტიგმებით. ირონიით, საზოგადო შიშის ეპიდემიით, სისტემის ნამსხვრევებით ცნობიერში – უწინაც და დღემდეც, ამ ნამსხვრევების რყევით ღიმილიან ტკივილამდე. სტალინის, ლენინის, მჟავანაძის აჩრდილებით და პროზექტურის მყრალი სუნით. კომედიური აბსურდით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის კომედია, რადგან ჯერ არც წარსულია ბოლომდე.

მესამე პიესა: თამარ ბართაიას “ფეისბუქის ქვეყანა”(რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე) –  ყველაზე ნაცნობი სიტყვებით და კომენტარებით, სოციალური ქსელის ყოველდღიური გადაძახილით, ყალბი ფოტომართონით და ნაწვალები სტატუსებით, გულახდილი გინებით და გულგრილობით, მახინჯი წარმატებებით და უფრო მახინჯი დალოცვებით, პოსტებზე „შესევით“ და პოლიტიკური პოზიციონირების თვითრისხვით, გამოურკვეველი და მოგონილი თანამოაზრეობით, პერვერსიული ეროვნულობით და ლიბერალობით.. ყველაფრით, რაც ფეისბუქის ზედაპირზე დევს ჩვენნაირების, თქვენნაირების, სხვისნაირების კლავიატურებზე ნაკაკუნები სიტყვებით, შორისდებულებით, გიფებით და ემოჯებით.

“პიესების თეატრალური კითხვა“ მესხიშვილის მცირე სცენაზე ჩემს ნამდვილ გატაცებად იქცა ეს ორი დღე. რიტუალი, რომელსაც ჩვენი მსახიობების სცენური კითხვის შემდეგ, სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი თავაძის ანალიზი და განხილვა, პიესის ავტორების და ჟიურის წევრების, რეჟისორების და მსახიობების ანოტაცია მოჰყვებოდა აღწერითი და კრიტიკულიც, კიდევ უფრო საინტერესო ნაწილად.

ალბათ, ბევრი წერის მოყვარულისთვის, ისე როგორც ჩემთვის, ეს დღეები ნამდვილად იქნებოდა ერთგვარი მასტერკლასი. შინაარსიანი, ინფორმაციული, პროფესიული.

მახსოვს, როცა 2017, თუ 2018 წელს, როცა სამხატვრო ხელმძღვანელის მორიგი არჩევნებისთვის ვემზადებოდით, ენდის პროგრამაში მთელი ეშხით ჩავწერეთ – ლიტერატურულ კაფეში, თვეში ორჯერ, პიესების თეატრალური კითხვა. და ეს პუნქტი მე, პირადად, ძალიან მხიბლავდა.

მომწონს, რომ ჩვენს თეატრში, 2018 წლიდან ვერ, მაგრამ 2024 წელს მაინც ახდა აუხდენელი სურვილი და ქუთაისის ლიტერატურულ-შემოქმედებითი ქალაქების ქსელში გაერთიანებასაც მოხდენილად დაემთხვა. ღირს ამ დამთხვევაზე უფრო პატივისცემით და გავრცობითად ფიქრი, ტრადიციად ქცევის იმედით.

ეს, ისეა – პრემიერამდე რომ პროტაგონისტის კოსტიუმს, ან კოსტიუმის ესკიზს თვალს მოჰკრავ და უფრო შეგიყვარდება..

მშვენიერი შანსია, უკეთესებად ვიქცეთ – მაყურებელიც და შემოქმედებითი ჯგუფიც. და ქალაქს და თეატრსაც, ერთი კულტურული ფერი შეემატოს.

გამარჯვებული პიესა “ფეისბუქის ქვეყანა“ გახდა. ისე, როგორც დღეს იმარჯვებს სოციალური ქსელი ნამდვილ ცხოვრებაზე. ალბათ, ლოგიკურია.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები