მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები”

“კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები”

ეს ციტატა ხალხური სიმღერიდანაა და ხალდეს აჯანყების გმირებს ეძღვნება.

ხალდე სოფელია სვანეთში. მე რამდენიმე წლის უკან გავიგე მისი ისტორია. გიორგი სიხარულიძე ოცნებობდა ამ პატრიოტული ამბის თეატრალიზებაზე მის ჯგუფთან ერთად.

დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა გიორგიმ სწორედ ამ სპექტაკლის ახდენით დაიწყო. არ ვიცი როგორ ჩაივლის პრემიერა, ვერ ვესწრები, მაგრამ ჟრუანტელის დავლას რომ მოახერხებს მაყურებელში, ფაქტია.

“ხალდე“-ზე „ბამბაზიის სამოთხე“ გამახსენდა. ასევე სწორი დასაწყისი მესხიშვილის თეატრის გიორგისდროინდელი პერიოდის. სრული ანშლაგით. წლების მანძილზე მაყურებლის ინტერესით და ინტერაქციით. ერთნაირად მგრძნობიარე იძულებით გადაადგილებულის, საკუთარ სახლ-კარ მიტოვებული მოსახლეობისთვის და ადგილობრივებისთვისაც.

რატომ ვწერ დღეს იმ პერიოდზე და იმ ფაქტზე, რომელიც ჩემს ყოფნას მესხიშვილის თეატრში არ უკავშირდება?

“ხალდე“ სვანეთის იმ სოფელზე ყვება, რომელმაც რუსულ ოკუპაციაზე თქვა უარი და 1875 წლის 1 აგვისტოდან 27 აგვისტომდე, უკანასკნელი სისხლის წვეთით იბრძოლა. ლაგურკას ეკლესიის სიწმინდეზე დადებული ფიცი არ გატეხა. ამის შემდეგ რუსებმა მიწასთან გაასწორეს ადამიანების გარეშე დარჩენილი ნასახლარი, ცეცხლს მისცეს კოშკებიც და საყანე მიწებიც. ბრძანება გასცეს, რომ სახელი შეცვლოდა და იქ არასდროს აღარავინ დასახლებულიყო.

საოცარი ისტორიაა.

გმირობის და ერისკაცობის. ბრძოლის და თავგანწირვის.

ამ ამბის გაცოცხლებით, პიესის ავტორიც (ნინია სადღობელაშვილი, რომელიც ასევე გახლავთ „ბამბაზიის სამოთხეს“ ავტორიც) და რეჟისორიც, რას და რისთვის   ყვება, მგონი ყველასთვის გასაგებია. დღეს, როგორც არასდროს და დღეს, როგორც გუშინ, ერს ასეთი მაგალითებით გამოცოცხლება ჭირდება. ერს და მითუმეტეს, ეროვნულ თეატრს, სადაც მართლა მძიმედ დგას თეთრის და შავის, სახელმწიფოს დაცვის, პატრიოტიზმის, მტრის და ოკუპანტის გარჩევის საკითხი.

როცა „ხალდე“-ზე ჩვენი თეატრალების და ნაცნობი „ინტელიგენციის“ მოსალოდნელი ემოციები წარმოვიდგინე (ზეპირად თქმულიც და პოსტებად მიძღვნილიც), გამასხენდა რუსული თეატრის („თეატრი ნიკიტინის კარიბჭესთან“) სტუმრობა ქუთაისის თეატრში.

ზუსტად იმ დღეს, როცა რუსმა ოკუპანტებმა ატოცში საზღვრები თვითნებურად გადმოწიეს, ქართული მიწები, ქართველი გლეხების სამოსახლო-სასაფლაოები „ხალდეური“ ჟინით წაგვართვეს და საქართველოს თითქმის მთელი მთავრობა იქ იდგა, მესხიშვილში (სახელმწიფო თეატრში!)  პაწაწინა რუსული დასი სპექტაკლს თამაშობდა. ამ გასტროლს თავიდანვე ახლდა ცუდის მოლოდინი. საუბრებიც – რომ საზოგადოება არ გვაპატიებდა. ხელისუფლების „სფიჩებში“ ამ დროს მომრავლებული და უფრო ხმამაღალი იყო განცხადებები „რუსული ოკუპაციის დასაგმობად“ და რამდენიმე ადამიანს, ეს გარემოება იმედს გვაძლევდა, რომ თეატრი სახელმწიფოსთვის საჭირო და ღირსეულ საქციელს ჩაიდენდა: იმ დღეს მაინც (მხოლოდ იმ დღეს, რადგან გასტროლი ორდღიანი იყო) რუსული სპექტაკლის ჩვენებას მოხსნიდა! ოღონდ, მხოლოდ „რამდენიმე“ ვფიქრობდით ამას. ძალიან ცოტა „რამდენიმე“, რომლებიც გარიყა და გაკიცხა ისევ თეატრის „უმაღლესობამ“ და „უმრავლესობამ“ „სტუმარ-მასპინძლობის“ ტრადიციის ღიმილისმომგვრელი შეხსენებით. თითქოს სახელმწიფოს ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიის (ეროვნული პოზიციით თან!) თეატრის მისია არ იყო ოკუპანტებისთვის შემოქმედებითი (კულტურული) პასუხი ქართული მიწების აჭრისთვის ზუსტად იმ დღეს! თითქოს არ შეიძლებოდა იმ დღეს მისი წელგამართული გმირობით ეამაყა ამ მზისფერ შენობას და არ ეცეკვა „კალინ-კამალინ“ მოსკოვის თეატრის გასტროლიორებთან ერთად მუქი ფარდებით დაგმანულ  „აფთერფართზე“. თითქოს არ შეიძლებოდა ადგილობრივი „ინტელიგენცია“ ქუჩაში მოპროტესტე ადამიანების თვალსაწიერისგან ჩუმად, ქურდულად და „მიწისქვეშა გვირაბებით“ არ შესულიყო თეატრალურადაც მდარე სპექტაკლზე (მდარე! რადგან მსოფლიო კლასიკას და კარგად დადგმულს, ჩვენ „ანა კარენინას“ ახლაც ვნატრობთ მესხიშვილის თეატრის რეპერტუარში).

რატომ დავწერე ეს ყველაფერი დღეს?

დარწმუნებული ვარ, ყველა ის, ვინც მაშინ ქართული მიწის დატაცებას „სტუმარ-მასპინძლობის“ „უკბილო ეტიკეტით“ ხსნიდა, ყველა ის, ვინც „გვირაბით“ შევიდა მესხიშვილის თეატრში, ხვალ, ზეგ და მაზეგ, „ხალდეს“ პათოსზე ცრემლებს დაღვრის და პრემიერასაც ეროვნულ პოსტამენტზე შედგამს(დაახლოებით ისე, როგორც უკრაინის ომის დასაწყისში მათი ვნებათაღელვა ვიხილეთ).

მინდა მჯეროდეს: გიორგი, რომელმაც თავის საეტაპო სპექტაკლებად აქცია „ბამბაზიის სამოთხე“ და „ხალდე“,  ატოცის მიწების რუსებისგან თვითნებური მიტაცების დღეს, მესხიშვილის ისტორიისთვის აუცილებლად  სხვა მოგონებას ჩაწერდა. იმიტომ კი არა, რომ აქ მხოლოდ გიორგიში ან კოტეშია საქმე. სხვა პათოსი იყო იმ დროს თეატრშიც („ბამაბაზიის სამოთხე“, „გუშინდელნი“) და ეს პათოსიც გადამდებია. საზოგადო პათოსია მთავარი! თეატრალურ ღირსებასაც საზოგადოდ ვახსენებ. და ხშირად, არა ხელმძღვანელობა, არამედ დასის საუკეთესო ნაწილი იძლევა ამ პათოსს ყველასთვის, უფროსისთვის, უმცროსისთვის, შიგნით და გარეთ, ადამიანებისთვის, ვისთვისაც რეალურად არსებობს თეატრი. რაც აწუხებს საზოგადოებას, უნდა აწუხებდეს თეატრს. თითქოს ორჯერ ორია. იმდღეს ადამიანებს ტკიოდა ატოცი და გმობდა ოკუპანტს.

არადა, ისე ახლოს იყო გმირობაც და ღირსეული სიტყვაც. ისე ახლოს… როგორც ერთ დროს, ლადო მესხიშვილის ხალხში და  ბარიკადებზე გასვლით!

 ყველგან ხალდეა, სადაც საყვარელი ადგილის დათმობას გაიძულებენ. იძულება ომით, იძულება გარიყვით, იძულება სიტყვით, იძულება ქცევით, უსინდისობით, მოტყუებით. ყველაფრით.

წარმატებები ყველას, ვისაც ნამდვილად უომია საკუთარ „ხალდეში“.

წარმატებები გიორგის „ხალდეს“!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები