მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იმერეთის მერები 5000-ლარიანი ხელფასით, მრჩევლებით, თანაშემწეებით, მძღოლებით და მდივნებით

იმერეთის მერები 5000-ლარიანი ხელფასით, მრჩევლებით, თანაშემწეებით, მძღოლებით და მდივნებით

პანდემიის შემდეგ საქართველოში გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, ფასები სურსათზე და მერების ხელფასები.

2021 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ გააორმაგებდა ქალაქის მერების ხელფასებს და გაზრდიდა ანაზღაურებას საჯარო სექტორში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირების შესრულების შემდეგ მერების ხელფასები თითქმის ყველა ქალაქში – 5000 ლარამდე გაიზარდა, მათი მოადგილეების ანაზღაურება კი 3000 ლარს აჭარბებს. მოადგილეების გარდა მერებს ჰყავთ თანაშემწეები, მრჩევლები, მძღოლები და მდივნები, დადიან სახელმწიფოს ავტომობილებით და, როგორც აუდიტის სამსახური პერიოდულად მიუთითებს ანგარიშებში, იმაზე მეტ საწვავსაც ასხამენ, ვიდრე ამის უფლება აქვთ.

2022 წლის თებერვალში „რადიო თავისუფლებამ“ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა ინფორმაცია მერიაში დასაქმებულების ანაზღაურების შესახებ. მიღებული ინფორმაციის ანალიზით სხვადასხვა ქალაქში ასეთი სურათი მივიღეთ:

ბაღდათი

ბაღდათის მერის, მისი მოადგილეებისა და მრჩევლების ერთი თვის ხელფასი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ამ მუნიციპალიტეტის სარეზერვო ბიუჯეტის მოცულობა წლის განმავლობაში, რომელიც ძირითადად მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოიყენება.

ბაღდათში სოციალურ შემწეობას იღებს მოსახლეობის 15%.

ბაღდათის მერისა და მისი გარემოცვის თვიური ხელფასი იმაზე მეტია, ვიდრე ამავე მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცალკეულ სოფლებში გზების მოწესრიგებისთვის და ბავშვებისთვის ატრაქციონების შესაძენად გამოყოფილი თანხები. 2022 წელს მაგალითად სოფელ წაბლარასხევში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონის შეძენა 10 000 ლარი ჯდება, სოფელ ხანში საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობა და გარე განათების მონტაჟი კი 16 000 ლარი.

 

თერჯოლა

თერჯოლის მერიაში 165 ადამიანი მუშაობს, შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული კიდევ 14-თან. მათ შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მერის თანაშემწე, 2 მძღოლი, 3 მდივანი და ფოტოგრაფი.

თერჯოლის მერის, მისი მოადგილეებისა და დამხმარე პერსონალის წლიური ხელფასი 5-ჯერ მეტია, ვიდრე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა.
თერჯოლაში საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 8,4%. 2014 წლიდან ამ დრომდე ეს მონაცემი გაორმაგებულია.

 

საჩხერე

საჩხერეში მერის, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების თვიური ხელფასი დაახლოებით იმდენია, რამდენიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში თითო სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.

საჩხერეში სოციალურ შემწეობას იღებს მოსახლეობის 20%.

 

ტყიბული

ტყიბულში მერის, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების წლიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე სარეზერვო ფონდის წლიური ბიუჯეტი.

ტყიბულის სარეზერვო ფონდი ძირითადად ფარავს მოქალაქეების ოპერაციებისა თუ მკურნალობის ხარჯებს, სამედიცინო გამოკვლევების საფასურს. გარდა ამისა, თანხები გამოიყო საზღვარგარეთ გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსასვენებლად, შახტაში დაღუპული ოჯახების დახმარებისათვის; ასევე, დაღუპულების ოჯახებს საცხოვრებელი ბინები უყიდეს, გააუმჯობესეს სიდუხჭირეში მყოფთა საყოფაცხოვრებო პირობები.

ტყიბულში გაწერილია მერის თანაშემწეების და მდივან-რეფერენტის ფუნქციები: მერის თანაშემწეებიდან ერთს ევალება შესაბამის სამსახურთან ერთად ახალგაზრდობის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შესწავლა და მათი გადაჭრისათვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობა; ასევე ახალგაზრდებში მოხალისეობრივი და საქველმოქმედო საქმიანობის პოპულარიზაცია;

მეორე თანაშემწის ფუნქციებში შედის ინფორმაციის შეგროვება-მიწოდება, რაც გულისხმობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის სახელზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული მასალების გაცნობასა და დამუშავებას; ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღება-დამუშავებას და მერისათვის მიწოდებას, სამუშაო შეხვედრებსა და თათბირებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას.

რაც შეეხება მერის მდივან-რეფერენტს, მისი მოვალეობაა მერის მიერ ორგანიზებულ თათბირებზე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა, თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეთა მოწვევა; ასევე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლება და დარიგება, მოძიებული ინფორმაციისა და სხვადასხვა მასალის დამუშავება (თარგმნა, რეფერირება), სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და მოქალაქეთა/ ვიზიტორების მიღების ორგანიზება.

წყალტუბო

წყალტუბოს მერის, მისი მოადგილის, მრჩევლის, თანაშემწის, მდივნისა და კონსულტანტის წლიური ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე ამავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2022 წლის 1 თებერვლისთვის რეგისტრირებულია 61 უსახლკარო ოჯახი. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს მოსახლეობის 13%.

 

 

 

 

წყარო: რადიო თავისუფლება

 

კომენტარები