მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მიზეზები, რის გამოც შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ გამოჯანმრთელებიდან მალევე კვლავ კოვიდი გვაქვს, – ინფექციონისტის განმარტება

მიზეზები, რის გამოც შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ გამოჯანმრთელებიდან მალევე კვლავ კოვიდი გვაქვს, – ინფექციონისტის განმარტება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც შესაძლოა, გაჩნდა განცდა და გაუგებრობა, რომ ადამიანები გამოჯანმრთელებიდან ძალიან მალევე კვლავ ინფიცირდებიან.

ინფექციონისტის თქმით, მართალია, ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რამდენი ხნის განმავლობაშია ადამიანი დაცული „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირებისგან, მაგრამ ის თვლის, რომ ასეთ მოკლე პერიოდში „ომიკრონის“ ვარიანტით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

“ზოგიერთს, კოვიდის გადატანის შემდეგ, ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად ისმის აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართა „ომიკრონის“ შტამით გამოწვეული კოვიდი. ზოგიერთებს განმეორებითი ტესტირებით PCR-იც დადებითი აქვს და ეს კიდევ უფრო უმყარებთ აზრს იმის შესახებ, რომ ამ მოკლე ხანში ხელახლა დაინფიცირდნენ. რეალურად, სავარაუდოდ, ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ (და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონზე უამრავი სხვა ინფექცია არსებობს, მათ შორის გრიპიც) და ეს ინფექციები სიმპტომებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბევრ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვა“, – აცხადებს ბუწაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ადამიანებს PCR ტესტი კვლავ დადებით პასუხს აძლევს, მაია ბუწაშვილის თქმით, ეს შესაძლოა „კოვიდის წინა ეპიზოდის ნარჩენები იყოს“:

“როგორც ვიცით, კოვიდის გადატანის შემდეგ, PCR ტესტი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეებიც დადებითი დარჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისევ გადამდებია და ისევ კოვიდი აქვს“, – აღნიშნავს ინფექციონისტი.

კომენტარები