მთავარისაზოგადოებასხვადასხვა

“მოხუცს გულში იხუტებ, როცა შვილების გულში ჩაკვრა გწყურია”- ლელა თოლორდავას ემიგრანტული ცხოვრება

“მოხუცს გულში იხუტებ, როცა შვილების გულში ჩაკვრა გწყურია”- ლელა თოლორდავას ემიგრანტული ცხოვრება

“ემიგრანტის ისტორია”- ამ სახელწოდებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-მ ახალი რუბრიკა დაიწყო.

რუბრიკის პირველი სტუმარი იტალიაში მყოფი ქუთაისელი ემიგრანტი ლელა თოლორდავაა.

“ვიდრე უკან მოიხედავდე, ვიდრე ბარგს ამოალაგებდე და უცხო ოჯახში პირველ ღამეს გაათევდე, რეალობას ვერ უსწორებ თვალს, სამყაროში დაკარგული გგონია თავი…

მერე, თვალებს მაგრად ხუჭავ, გონების თვალს დაჭყეტ და შუბლზე საკუთარი ხელით ამოიშანთავ სიტყვას, რომლის ქვეშ ყოფნაც ჯოჯოხეთია დედამიწაზე, სიტყვას, რომელიც გაშინებს თავის სისასტიკით… სიტყვას, რომელიც ბარიერად იქცევა შენსა და სამშობლოს შორის… ე მ ი გ რ ა ნ ტ ი !!!

და მერე იწყება სულში ბობოქრობა, გძულს ყველა და ყველაფერი, ვინც ამ ჯოჯოხეთისთვის გაგიმეტა, ვინც გაგხადა იძულებული ეს ნაბიჯი გადაგედგა, ვინც მოგიწოდა ამ გზას დადგომოდი, ვინც დაგეხმარა, ვინც გამოგაცილა, ვინც ხელი დაგიქნია და გაურკვეველი ვადით დაგემშვიდობა…

გძულს ყველა და ყველაფერი, ვინც მარტოობისთვის გაგიმეტა…

მერე, როცა ცოტა სიმშვიდეს ჰპოვებ, როცა პრობლემების მოგვარებას შეუდგები, იწყებ თავიდან შეყვარებას, იმ მოხუცის დამჭკნარი ხელებიდან, ვის მომვლელადაც გაქცია ბედისწერამ…

იმ ხელებს ჩუმად კოცნი ხოლმე, როცა დედის მონატრება სულში მარწუხებს გიჭერს…

იმ მოხუცს გულში იხუტებ, როცა შვილების გულში ჩაკვრა გწყურია…

და იწყებ შეყვარებას, ხელთავიდან გიყვარდება ყველა, ვინც სამშობლოდან ხმას გაწვდის და ჰაეროვან კოცნას გიგზავნის…

გიყვარდება უფრო ძლიერად, ვიდრე მანამდე გიყვარდა, უფრო სწორად, მანამდე შეგეძლო გყვარებოდა…

ამ სიყვარულს ეჭიდები ხავსივით და არაფრისდიდებით არ უშვებ ხელს, რადგან გეშინია დავიწყების… გეშინია, მშობლიურმიწასმოწყვეტილი გრიგალმა არ გაგიტაცოს და არ გადაგკარგოს…

მუდმივ შიშს გიმძაფრებს სამშობლოდან გაგონილი ცუდი ამბები…

უპატრონოდ, ალალბედზე მიტოვებული შვილების მონატრება ღამეებს თეთრად გათენებინებს და უმხედრდები საკუთარ თავს…

რატომ არ იბრძოლე იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის გამოც გადმოიხვეწე?!

რატომ დაადექი იმ გატკეპნილ გზას, რომელიც შენამდე ათიათასობით ქალმა გაიარა. რატომ არ გამონახე სხვა გზა?!

და ამ ბრძოლაში გადის წლები…

უკან მოიხედავ და გგონია, მთელი ცხოვრებაა გასული…

და შენს ადგილს ვეღარ ხედავ სამშობლოში…

ისევ აქ, უცხო მიწაზე გირჩევნია დარჩენა, რადგან გეშინია, იმ პრობლემების, რომელსაც გამოექეცი სამშობლოდან, რადგან უკლებლივ ყველა პრობლემა ისევ დგას და შენსდარად ყველა გაურბის, მოგვარებას არავინ ფიქრობს …

და ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს… წრეზე დავდივართ, აქაც და იქაც და ამასობაში გადის ცხოვრება…

P.S. ვისაც დეტალურად გაინტერესებთ ჩემი (და არა მარტო) ემიგრანტული ყოფა, წაიკითხეთ წიგნი – “ბადანტე” და თვალი ადევნეთ ჩემს ფეისბუკის გვერდს…Write to Lela Tolordava”- გვიყვება ემიგრანტი ლელა თოლორდავა.

კომენტარები