მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მშიერ ბავშვებს საკვები უფრო გაეხარდებათ, ვიდრე ნაძვის ხის გარშემო ტრიალი, რა გვეზეიმება, შიმშილით ვიხოცებით“

“მშიერ ბავშვებს საკვები უფრო გაეხარდებათ, ვიდრე ნაძვის ხის გარშემო ტრიალი, რა გვეზეიმება, შიმშილით ვიხოცებით“

იმერეთში მძიმე სოციალური ფონის და ადამიანების შიმშილის პარალელურად, საახალწლო მორთულობისთვის ათი ათასობით ლარის დახარჯვა იგეგმება.

საახალწლო ღონისძიებებისთვის განათებებისთვის ტყიბულში – 70 ათასი ლარი, სამტრედიაში – 53 ათასი ლარი, საჩხერეში – 50 ათასი ლარი, ვამში – 15 ათასი ლარი და ქუთაისში – 306 ათასი ლარი დაიხარჯება იმ დროს, როდესაც უამრავი ოჯახი ახალ წელს ცარიელი სუფრით და შიმშილით შეხვდება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ განათებული და მორთული ნაძვის ხის დანახვა არ ახარებთ, რადგან ირგვლივ მხოლოდ გაჭირვებაა და ხალხი შიმშილობს.

„კედელს უნდა მიადოს კაცმა თავი და მეორედან აგური უნდა ირტყას, რა ეზეიმებათ, საზეიმოდ კი არა, სატირლად აქვს საქართველოს საქმე.

რაც არ უნდა ნაძვის ხე დაიდგას და გაიფურჩქნოს, არ მიხარია იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ ყველას უჭირს, გაღიმებაც არ მინდა.

ძალიან გულგრილი და ურწმუნო უნდა იყო, ახლა რაიმე რომ გეზეიმებოდეს, ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა. ბავშვებს ახლა უფრო საკვები გაეხარდებათ, ვიდრე ერთი დღე ნაძვის ხის გარშემო ტრიალი და მერე შიმშილობა.

არ გვეზეიმება, გაჭირვებულ დღეში ვართ, ნახევარ პენსიას ვიღებ და წამლებში არ მყოფნის“,- ამბობენ ადგილობრივები.

გაუსაძლისი ყოფის გამო იმერეთს მოსახლეობა თითქმის ყოველდღიურად ტოვებს და თავის გადარჩენის საშუალებას სხვაგან ეძებს.

კომენტარები