მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნანა კუკულავა – არ მინდა ჩემი ხელწერა ღირსების გადაკვეთასთან ასოცირდებოდეს

ნანა კუკულავა – არ მინდა ჩემი ხელწერა ღირსების გადაკვეთასთან ასოცირდებოდეს

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  ტელეკომპანია “რიონის”  ჟურნალისტი ნანა კუკულავაა.

სახელი:  ნანა

გვარი: კუკულავა

სამუშაო ადგილი:  ტელეკომპანია “რიონი” – გადაცემა “ჩვენი დღის” წამყვანი და რეპორტიორი,

ჟურნალი “სარკე” – კორესპონდენტი.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… ალბათ, უფრო ხელოვნების სფეროში ვიქნებოდი.

ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… ჩემს პროფესიაში მომწონს ფაქტობრივად ყველაფერი, მთავარია მაყურებელს, მკითხველს,  მსმენელს დაბალანსებულად და ობიექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია.  მგონია, რომ ჟურნალისტობა ყველაზე საინტერესო სფეროა.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… ძალიან პატარა ასაკიდან მინდოდა ეს პროფესია. ყოველთვის ვიცოდი, რომ იქნებოდა რთული.  მოითხოვდა უდიდეს პასუხისმგებლობას და გამბედაობას.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… პრესაში როცა ვმუშაობდი, მაშინ მახსოვს ორი გახმაურებული რეპორტაჟი. ტელევიზიაში  როდესაც პიროვნებების შესახებ ვაკეთებ ინტერვიუს, თუ პრობლემურ საკითხებს ვაშუქებ,  მაქსიმალურად  ვცდილობ, იყოს პროფესიულად მაღალ დონეზე შესრულებული.  და შედეგიც არ აყოვნებს.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… ობიექტურობას, ინტელექტს და  ადამიანობას.

მჯერა, რომ… ჩემს პროფესიაში ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებ. იყო პასიურობის პერიოდი და ძალიან  მენანება ყველა დაკარგული დრო.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… სამართლიანობა, დიპლომატია.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ზედმეტი ჰუმანურობა.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… მაყურებელი. შაბათ-კვირას ნოსტალგია და მონატრების პიკი მემართება. ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი. საოცარი შეგრძნებაა დილით მომზადების პროცესი, რა ფერის სამოსი უნდა ჩავიცვა, როგორი ვარცხნილობა. ასევე მეტყველება, რომელსაც ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ. ორსაათიანი გადაცემა ორ გოგოს მიგვყავს და სრული ჰარმონია გვაქვს, იმდენად შეთანხმებულად ვმუშაობთ.  ყველაფერი მავიწყდება, როდესაც სტუდიაში შევდივარ. იქ   გადაცემის გარდა, სხვა სამყარო აღარ არსებობს.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ…  ვყოფილიყავი ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი.  ასევე მინდოდა ადამიანებს დავხმარებოდი და არც სიღარიბე ყოფილიყო, არც ავადმყოფობა. ბავშვობაში მეგონა, რომ სამყაროს გაკეთილშობილებას შევძლებდი.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო…  უფრო ძლიერი, უფრო გაბედული და უფრო დამოუკიდებელი.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე…  ბევრია ასეთი.

ამოჩემებული სამოსი… სამოსი ნაკლებად. ამოჩემებული მაქვს წითელი ფერის ტუჩ საცხი.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… არ მახსენდება, რა მავიწყდება.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის… სიცოცხლის ყველა წუთით უნდა დავტკბეთ.

ადრე ვფიქრობდი, რომ… ჩემს ირგვლივ ბოროტი ადამიანები არ იყვნენ.

ახლა ვფიქრობ, რომ… რა სასაცილოა ადამიანები ნიღბებით, რომელსაც მარტივად ვამჩნევ, თუმცა მათგან პირველ რიგში ვისწავლე, როგორი არ უნდა ვიყო. საბედნიეროდ, ასეთებს  ყურადღებას აღარ  ვაქცევ.

თავისუფალ დროს… ვუსმენ მუსიკას. ვსეირნობ შვილებთან ერთად.   ბოლო დროს უფრო მეტს ვკითხულობ ფილოსოფიას.  თავისუფალ დროს ვატარებ ასევე ჩემ სამეგობროსთან. მათი იმედი მაქვს ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის. მეგობრებში ძალიან გამიმართლა. ზოგჯერ მგონია, რომ მე არ ვარ სათანადოთ ყურადღებიანი მათ მიმართ, მაგრამ ისინი 24 საათი ჩემ გვერდით არიან.

მეშინია… ღირებულის გაკეთება რომ ვერ მოვასწრო. მეშინია, სამყარო ბოროტებამ არ წალეკოს.

ვტირი მაშინ, როდესაც… მამა მენატრება. წარმატებული ეთერის, ინტერვიუს, თუ სხვა ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ, რომელიც პროფესიულად გამართულია, მინდა დავურეკო და პირველი მას ვუთხრა. მამა ხშირად მეუბნებოდა, კარგი ჟურნალისტები ერთეულები არიან და თუ გაქვს ამის ამბიცია ბევრი შრომა მოგიწევსო. დღევანდელი გადმოსახედიდან, კიდევ ბევრი საქმეა წინ, მაგრამ მგონია, რომ გამომდის.  მამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, ცრემლებს ვერ ვმალავ. ჩემთვის პიროვნულობის მეტრი იყო.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… დაშვებულ შეცდომებზე, დაკარგულ დროზე და ჩემს ზედმეტად მიმტევებლურ ხასიათზე  ვფიქრობ.

ყველაზე მეტად მიყვარს…  სიცოცხლე, მზე. ძვირფასი ადამიანები. ძალიან მიყვარს ქუთაისი, თითოეული ქუჩა, არქიტექტურა, ადამიანები. ყოველდღე შემიძლია  ამ ქალაქს სიყვარული ავუხსნა. და რა თქმა უნდა, უზომოდ მიყვარს ჩემი მშობლიური მხარე. “სიცოცხლის სამოსახლო გურია” მუდმივად მენატრება.

არასოდეს გავაკეთებ…  არ მინდა ჩემი ხელწერა ღირსების გადაკვეთასთან ასოცირდებოდეს.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… მეგობრებო, ირგვლივ სიკეთე და სიყვარული გაავრცელეთ.

სიყვარული არის… “და თუ ამ ქვეყნად ღმერთი არსებობს, სიყვარულია ალბათ, ის ღმერთი”, პირველი ეს გამახსენდა. როდესაც გიყვარს და უყვარხარ, ფერადიც ხარ, ლაღიც, საინტერესოც. იცით, უსიყვარულო ადამიანს ყოველთვის ემჩნევა. სიყვარული ან შეგიძლია ან არა. პირველ რიგში მოითხოვს გულწრფელობას, ერთმანეთის საინტერესო  კუთხით აღმოჩენას,  გვერდით დგომას და კიდევ ბევრ კრიტერიუმს.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… ჩემი პირველი საგაზეთო სტატია დაიბეჭდა გაზეთ “გურია ნიუსში”, მაშინ მოსწავლე ვიყავი. ემოცია, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

დედობის შეგრძნება…  საოცარი ემოცია, რომელსაც ვერ ვხსნიდი.

ბევრი ბედნიერი წუთი მახსენდება.

როდესაც ცუდად ვარ… ვცდილობ, არ შევიმჩნიო და ვიყო მარტო. ზოგადად მიყვარს მარტო ყოფნა და ფიქრი.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… რა ბედნიერებაა დედობა

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… დრო დამიკარგავს ამაოდ.

პირად ურთიერთობებში ვარ… ვფიქრობ, საინტერესო.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… ჩემი საქმის პროფესიონალი. კარგი დედა, კარგი მეუღლე  და ღირსეული ადამიანი.

 

 

კომენტარები