მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ნუგზარ კოხრეიძე – ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს

ნუგზარ კოხრეიძე – ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს

სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს, – ამის შესახებ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” თანადამფუძნებელმა ნუგზარ კოხრეიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კოხრეიძის თქმით, ღია მხარდაჭერას უკვე 40-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაც სწორედ ეს არის. ვფიქრობ, ასეთი აქტიურობა და ჩართულობა ინსტიტუციურ დონეზეც შეიძლება გაგრძელდეს. თუ მხარდაჭერა ექნება ჩემს სურვილს, ქვეყნის ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა თავის მთავარ ოფისს ქუთაისში დაიდებს. მიმაჩნია, რომ ეს იქნება შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოსთვის. ეს განსაკუთრებით გააძლიერებს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს რეგიონებში’’, – განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

კოხრეიძემ დღესვე მედიას არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდამჭერი დოკუმენტიც გააცნო.

“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ყურადღება მიაქციოს ნუგზარ კოხრეიძის კანდიდატურას და განიხილოს იგი, როგორც პოტენციური საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატი’’, – წერია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს ძირითადად ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 40-მდე რეგიონული არასამთვრობო ორგანიზაცია აწერს.

ნუგზარ კოხრეიძეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2007-2018 წლებში მუშაობდა გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს ქუთაისის ოფისის საველე კოორდინატორად; 2018 წლიდან მუშაობს გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბერგჰოფის ფონდში’’, რომელიც საქართველოში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ სამშვიდობო დიალოგის საკითხებზე მუშაობს; 2021 წლიდან არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე და მესამე სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი; 2022 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლიმატის მოქმედებათა ქსელის (Climate Action Network – CAN) საბჭოს წევრი.

სახალხო დამცველის პოზიციის დაკავებისთვის 19 კანდიდატი იბრძვის. საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.

კომენტარები