მთავარისლაიდიქუთაისი

“პიარი არის ადამიანებს შორის დადებითი და პოზიტიური ურთიერთობის შექმნის ხელოვნება” – ქეთი დეისაძე

“პიარი არის ადამიანებს შორის დადებითი და პოზიტიური ურთიერთობის შექმნის ხელოვნება” – ქეთი დეისაძე

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge ცნობილი კომპანიებისა და სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის მორიგი სტუმარია ქეთი დეისაძე.

ქეთი დეისაძე “ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელის” პიარია. კერძო კომპანიაში მუშაობამდე, 10 წელი საჯარო სამსახურის თანამშრომელი იყო, აქედან 7 წელი – ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გვიყვება, რომ წარმატებული PR სპეციალისტი უნდა იყოს კომუნიკაბელური, აქტიური, მოტივაციით სავსე, უყვარდეს საკუთარი საქმე, ჰქონდეს ლიდერული უნარ-ჩვევები და ჰქონდეს ბევრი კონტაქტი, ასევე აუცილებელია კრეატიულობა და სწორად უნდა განსაზღვროს სამიზნე აუდიტორია, ვისთანაც აპირებს კომუნიკაციის დამყარებას.

რა პროფესიის ხართ?

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ.

– პიარის სფეროში როგორ გადმოინაცვლეთ?

– პიარში საჯარო სამსახურში, კერძოდ მერიის პიარსამსახურში დასაქმების შემდეგ გადავინაცვლე.

– რას ნიშნავს თქვენთვის PR?

– მგონია, რომ არამარტო როგორც პროფესია, არამედ საზოგადოებასთან ურთიერთიერთობა როგორც დისციპლინაც ძალიან საინტერესოა. ჩემთვის ეს მხოლოდ პროფესიაა აღარაა, უკვე ცხოვრების წესია.

– რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში პიარის განვითარება?

– პიარი ახალგაზრდა დისციპლინაა და საქართველოში ბოლო ოცწლეულია, რაც დამკვიდრებას ცდილობს. ამიტომ ხშირად მისი არსის სწორად გაგების პრობლემაცაა. ხშირია, როცა ერევათ რეკლამაში ან მარკეტინგში. უფრო უარესიც – ფიქრობენ, რომ პიარი არის რაიმეს შესაფუთი ინსტრუმენტი. არადა პიარი არის ადამიანებს შორის დადებითი და პოზიტიური ურთიერთობის შექმნის ხელოვნება.

– პირადად თქვენთვის, როგორც პიარის სპეციალისტისათვის ეს სფერო რითია საინტერესო?

– ადამიანების მრავალფეროვნება არის საშუალება, მათთან ურთიერთობის გზები და ხერხებიც მრავალფეროვანი იყოს. შესაბამისად პროცესი ძალიან საინტერესოა და ვერაფრით გახდება მოსაწყენი, თუ ამ პროფესიაში საკუთარ თავს იპოვი.

– დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?

– როცა სამსახური მაქვს, მაშინ ცალკე და გამოყოფილი დრო სამსახურისთვის არ არსებობს. ფიქრი სულ რაღაცას ეძებს და რაღაცას აგნებს. ახლა დასვენების დღეა და კარგი იდეა თუ მოვა, დღეს არ მცალიათქო ამას ვერასოდეს ვიტყვი ალბათ.

– საყვარელი საქმიანობის გარდა კიდევ რითი ხართ დაკავებული?

– ბოლო დროს სამოქალაქო აქტივიზმით. დრომ აჩვენა, რომ თუ კარგი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე არ ხარ, ფუჭია ყველანაირი პროფესიონალიზმი და გაკეთებული საქმე.

– რა დრო გრჩებათ ოჯახისთვის?

– მარტო დროზე არაა დამოკიდებული. მე რომ არ გავაკეთო, ჩემს საქმეს ჩემს ოჯახში სხვა ვერ გააკეთებს. ამიტომ ოჯახის და საქმის შეთავსება იმდენად დიდი ხნის წინ დავიწყე, ეგ უკვე პრობლემა აღარაა.

– რა რჩევას მისცემდით დამწყებ PR- სპეციალისტებს.

– გიყვარდეთ ადამიანები და იყავით გულწრფელები. ყველაზე მთავარი ჩვენს პროფესიაში ეს მგონია.

– რას ეტყოდით მედიას, რომელიც ალბათ, ყველაზე ხშირად მოგმართავთ?

– მედიას, რომლის როლსაც და წვლილსაც ძალიან ვაფასებ, ამჟამინდელი სამსახურიდან გამომდინარე უფრო ხშირად მე მივმართავ, ვიდრე პირიქით, თუმცა სხვა გამოცდილებაც მაქვს. ვეტყოდი, რომ ძალიან ძვირფასია პატივისცემაზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობა.

კომენტარები