მთავარიახალი ამბებიიმერეთი

პირველი საბალეტო სპექტაკლი ქუთაისში 50 წლის წინ, საახალწლო სიურპრიზად

პირველი საბალეტო სპექტაკლი ქუთაისში 50 წლის წინ, საახალწლო სიურპრიზად

ქუთაისი ქართული კულტურის ერთ-ერთ უპირველეს ცენტრს წარმოადგენს. ამ ქალაქში სათეატრო წარმოდგენები 1861 წლიდან იდგმება. 1880 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა თეატრალური მუდმივი პროფესიული დასი. ქართული თეატრისა და კინოს არაერთი ვარსკვლავი სწორედ ქუთაისის თეატრალური ცხოვრებიდან გამობრწყინდა. 1940 წელს ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

1969 წელს გაიხსნა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ქუთაისის ფილიალი (ამჟამად ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი).

1973 წლის იანვარში, საახალწლო სიურპრიზად, გადაწყდა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ქუთაისის ფილიალში დადგმულიყო საბალეტო წარმოდგენა. ეს იყო პირველი საბალეტო სპექტაკლი, რომელიც დაიდგა ქუთაისში. სპეციალურად ამ საქმის შესრულებისათვის თბილისიდან ქუთაისში მოიწვიეს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვლადიმერ ივაშკევიჩი, რომელიც 1933 წლიდან მოღვაწეობდა ბალეტის სოლისტად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

ქუთაისში პირველ საბალეტო სპექტაკლად შეირჩა ლ. გერტელის ბალეტი „ბებია და შვილიშვილი“, რომელიც კომედიური შინაარსისაა. 1972 წლის დეკემბრის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ქუთაისიდან მოლაპარაკებები ვ. ივაშკევიჩთან, რომელმაც გაზეთ „ქუთაისთან“ აღნიშნულის შესახებ განაცხადა: „წილად მხვდა დიდი პატივი, ქუთაისში განვახორციელო საბალეტო სპექტაკლის პირველი დადგმა.. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში პირველად შევხვდი ბალეტის ადგილობრივ კოლექტივს, რომელიც დიდი სურვილითა და აღფრთოვანებით შეუდგა მუშაობას. ძნელი და პასუხსაგები მუშაობა წამოვიწყეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდების ენთუზიაზმი და თბილისიდან მოწვეული აქტიორების ოსტატობა დამეხმარება სრულფასოვანი, მიმზიდველი სპექტაკლის შექმნაში“, – აღნიშნა ივაშკევიჩმა.

ქუთაისის პირველი საბალეტო სპექტაკლის დადგმისათვის მოიწვიეს ბალეტის სოლისტები: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ლილიანა მითაიშვილი, რაისა სვირინოვა, ნ. მახათელი, ვ. ჯულუხაძე.

ხსენებულ საბალეტო სპექტაკლს უდირიჟორეს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ თეიმურაზ კობახიძემ და თეატრის სამუსიკო ნაწილის ხელმძღვანელმა თენგიზ ჭუმბურიძემ. მხატვრობა შეასრულა ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ი. ასკურავამ.

საბალეტო წარმოდგენა „ბებია და შვილიშვილის“ დადგმით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საფუძველი დაედო საბალეტო სპექტაკლების წარმატებულ დადგმებსა და წარდგინებას მაყურებელთა წინაშე.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები