ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის 10 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციით 228 მილიონი ლარი შევიდა, რაც მთლიანად 2024 წლის გეგმის 114%-ია.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძვირად რეალიზებულ 10 სახელმწიფო გაყიდულ ქონებას შორის 4 ქუთაისში არის.
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, N19ა-ში მდებარე 10952.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (არასაცხოვრებელი) და 19806.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი). აღნიშნული ტერიტორია შპს “გლ გრუპმა” 2 მილიონ 84 ათას ლარად შეიძინა.
ქალაქ ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, I შესახვევის N42-ში (ყოფ.N36) მდებარე 12164.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ტერიტორია გია ცნობილაძემ 1 746 000 ლარად შეიძინა.
ქალაქ ქუთაისში, ფოთის ქუჩა N11ბ-ს მიმდებარედ არსებული 10211.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ტერიტორია შპს “ავალა 2022”-მა 854 000 ლარად შეიძინა.
ქალაქ ქუთაისში, ბუკიას ქუჩა N68-ის მიმდებარედ არსებული 27281.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ტერიტორია შპს “იმერეთმა”, 839 000 ლარად შეიძინა.
მიმდინარე წელს გაყიდულ ქონებას შორის ყველაზე ძვირი თბილისში, ვაშლიჯვარში რეალიზებული 65,402 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც კომპანია “იონფაშ ჯორჯიამ” 34.2 მილიონ ლარად შეიძინა. 6.5 მილიონ ლარად მეორე პოზიციას იკავებს თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე გაყიდული 3,299 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, ხოლო მესამე პოზიციაზეა სოფელ ლისში 28,050 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც 3 მილიონ ლარად გაიყიდა.
კომენტარები