მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როგორ აღინიშნა ქუთაისობა ნახევარი საუკუნის წინ

როგორ აღინიშნა ქუთაისობა ნახევარი საუკუნის წინ

ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომლის შესახებ ცნობები მოიპოვება როგორც ქართულ, ისე უცხოურ საისტორიო წყაროებში, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ქუთაისი არის გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უძველეს ქალაქს დედაქალაქობის ხუთგზის გამოცდილება გააჩნია (კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი, აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი, გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი, იმერეთის სამეფოს დედაქალაქი, საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი). ქუთაისის წვლილი და როლი ასევე უმნიშვნელოვანესია ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო გონის, ინტელექტუალური მემკვიდრეობის, კულტურისა და სპორტის შექმნასა და განვითარებაში.

ქუთაისქალაქობის დღესასწაულის აღნიშვნას ერთ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია. ზოგიერთი ცნობით ის უკავშირდება „გვირილობას“, თუმცა, საფიქრებელი და საგულისხმოა ის, რომ სავარდო და სამაისო ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა მაისის თვის შემოსვლის მეორე დღესვე შემთხვევითი არ უნდა იყოს და შესაძლოა, ქუთაისის განსაკუთრებულ სამაისო სტატუსსაც უკავშირდებოდეს.

ქუთაისობის დღესასწაულის აღნიშვნა გაგრძელდა საბჭოთა ხანაშიც. იმ პერიოდში ამ დღის აღსანიშნავი საზეიმო სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართებოდა მუხნარის ტყეში. ასე აღინიშნა ქუთაისობა ნახევარი საუკუნის წინაც, 1973 წლის 2 მაისს.

ნახევარი საუკუნის წინანდელი ქუთაისქალაქობის ზეიმი გაიმართა კომკავშირის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის, ფიზკულტურისა და სპორტის საქალაქო კომიტეტის და ტურისტულ კლუბ “ოქროს ჩარდახის“ ინიციატივით. მოეწყო კულტურული ღონისძიებები, კულტურასთან დაკავშირებული კონკურსები და სპორტული შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის ქუთაისური ნაწარმის გამოფენები, იუმორისტული სანახობები. გაშლილი იყო ოცდაათამდე ტურისტული ბანაკი.

საზეიმო ღონისძიებების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ალკკ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი მ. ფაჩუაშვილი. ნახევარი საუკუნის წინანდელი ქუთაისობის ზეიმის ოფიციალური წამყვანი იყო თ. კანდელაკი.

იმ დღეს ქალაქს უცხოელი სტუმრებიც ეწვივნენ – აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების დელეგაციები. აზერბაიჯანის სსრ დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ჩ. მეხტიევი, ხოლო სომხეთის სსრ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნ. აკოფოვა. წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ქალაქ კიროვაბადიდან (ამჟამად განჯა) და სომხეთის ქალაქ ლენინაკანიდან (ამჟამად გიუმრი).

საზეიმო ღონისძიების მონაწილე ანსამბლებმა და პერსონალურმა შემსრულებლებმა წარმოადგინეს ქართული ხალხური ცეკვები და სასიმღერო ნომრები. გარდა ქართული ცეკვებისა და სიმღერებისა, სტუმრების პატივსაცემად ასევე წარმოადგინეს აზერბაიჯანული და სომხური ცეკვები და სიმღერები. ამ მხრივ განსაკუთრებით თავი გამოუჩენია ქუთაისის საკონსერვო ქარხნის წარმომადგენელ ლ. ხოტივარს, რომელსაც აკორდეონის თანხლებით შეუსრულებია აზერბაიჯანული და სომხური სიმღერები, რითაც ხსენებული საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებისგან დიდი ყურადღება და მოწონება დაუმსახურებია.

სიტყვა წარმოთქვა სომხეთის სსრ დელეგაციის ხელმძღვანელმა ნ. აკოფოვამ, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ გუშინ თქვენს უძველეს და ახალგაზრდა ქალაქში ვნახეთ 1 მაისის თვალწარმტაცი დღესასწაული. დღეს კი მუხნარის ტყეში აღგვაფრთოვანა თქვენმა შინაარსიანმა დასვენებამ და გართობამ.  მადლობას ვუცხადებთ კომკავშირის საქალაქო კომიტეტს, რომელმაც ამ წარმტაც სანახაობაზე მოგვიწვია“, – აღნიშნა სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

აზერბაიჯანის სსრ დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩ. მეხტიევმა კი განაცხადა: „მივდივართ და თან მიგვაქვს ქუთაისელთა დიდი სითბო და სიყვარული. თქვენთან გატარებულმა დაუვიწყარმა ორმა დღემ კიდევ უფრო დაგვამეგობრა ქუთაისელი და კიროვაბადელი მშრომელები. გულითად მადლობას ვუძღვნით ქალაქის ხელმძღვანელ მუშაკებს გულთბილი შეხვედრისათვის“, – აღნიშნა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ხსენებულ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის კომკავშირის საქალაქო კომიტეტისგან სიგელები, პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ზეიმში მონაწილე კოლექტივების ხელმძღვანელებსა და ცალკეულ გამარჯვებულებს.

ნახევარი საუკუნის წინანდელი ქუთაისობის აღნიშვნას რასაკვირველია, გარკვეულწილად ფონად გასდევდა საბჭოთა პროპაგანდისტული ელფერი, ვინაიდან იმხანად, სხვაგვარად შეუძლებელი და წარმოუდგენელიც იყო, თუმცა, საინტერესო და ერთგვარად სასიხარულოცაა, რომ ამ უძველესი ქალაქის დღესასწაულს საბჭოთა რეჟიმიც ვერ უვლიდა გვერდს და მას გარკვეული სახით აღნიშნავდა.

ფოტოზე: ქუთაისი 1970-იან წლებში. ფოტო ფეისბუქგვერდიდან “უცნობი ქუთაისი”

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები