მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

სალომე ზურაბიშვილი – ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.

დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს.

სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა და დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა.

ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“?

ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით.

ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგად იცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები, რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ გავიხსენოთ იმედზე გასული ომის მოდელირებული ქრონიკა.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები