მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სასწრაფოდ არის დასაწყები ფართომასშტაბიანი გამოძიება” – აუდიტის სამსახურის საგანგაშო დარღვევები ქუთაისის მერიაში

“სასწრაფოდ არის დასაწყები ფართომასშტაბიანი გამოძიება” – აუდიტის სამსახურის საგანგაშო დარღვევები ქუთაისის მერიაში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის შემდეგ ქუთაისის მერიაში საგამოძიებო უწყებები უნდა შესულიყვნენ.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა და ძალიან საგანგაშო დარღვევები აღმოაჩინა. წესით, უკვე უნდა იყოს მერიაში შესული საგამოძიებო უწყებები!

სოციალური დახმარებები გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზე, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი აქვთ.

2 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. 2019 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გამოყოფილი თანხის 7% ვერ აითვისეს, 2020 წელს კი თითქმის მესამედი – 32%!

მერიამ სესხით იყიდა 22.7 მლნ ლარის ავტობუსები, თუმცა არ გააკონტროლა მოწოდებული ავტობუსების ხარისხი და ეხლა ვტობუსების ხშირი დაზიანების გამო, სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა სათანადო ხარისხით მომსახურებას ვერ ახერხებს.

მუნიციპალიტეტი მიწის პრივატიზაციის დროს ღირებულების განსაზღვრისთვის არ იყენებს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებას. რითაც ირღვევა მოქმედი კანონმდებლობა. მაღალი ალბათობით, აუქციონები კონკრეტულ პირებზეა მორგებული და ქონება საბაზროზე დაბალ ფასად იყიდება.

მერიამ სრულად ვერ მიიღო ქონების იჯარიდან მისაღები შემოსავალი ან მიიღო და გაუყენა სოციალური დახმარებების გზას – ჯიბეს.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა ბაზრის კვლევა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა და სავარაუდოდ, სპეცტექნიკის შესაძენად ხელშეკრულება წინასწარ შერჩეულ კომპანიას გაუფორმა.

მუნიციპალიტეტმა 129 000 ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მერის მოადგილე ამავე დროს იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ემსახურება 125 (!) ავტომობილით მეტი, ვიდრე რეკომენდირებული ზღვრული რაოდენობაა.

45-ჯერ ავტომობილის ავზში “ჩაასხეს” იმაზე მეტი ბენზინი, ვიდრე ავზი იტევს. ბუნებრივია ჯადოქრები არ არიან, ბენზინის თანხაც გაუყენეს სოციალური დახმარებების გზას – ჯიბეს.

2019-2020 წლებში ქუთაისის მერიამ რესტორნის და კვების მომსახურებით 133-ჯერ ისარგებლა. დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრების და მასპინძლების რაოდენობა.
და ა.შ.

სასწრაფოდ არის დასაწყები ფართომასშტაბიანი გამოძიება, თუ რა თქმა უნდა, ამით რუსეთი არ გაღიზიანდება და ომს არ დაგვიწყებს“, – წერს ბესო ნამჩავაძე.

2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331 000 ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432 000 ათასი ლარი.

სოციალური დახმარება გაიცა მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და სხვა პირებზე. ამასთანავე, დახმარების მიმღები ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციის მიხედვით, მათ სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ.

 

კომენტარები