მთავარიახალი ამბებისლაიდი

“საქმე, რომელსაც ვაკეთებ ჩემთვის სიამოვნებაა”-დარინე სალდაძე

“საქმე, რომელსაც ვაკეთებ ჩემთვის სიამოვნებაა”-დარინე სალდაძე

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო,  infoimereti.ge  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის მორიგი სტუმარი დარინე სალდაძე. 

დარინე სალდაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის  იურისტია.  infoimereti.geსთან ინტერვიუსას აცხადებს, რომ საქმეს, რომელსაც აკეთებს  სიამოვნებს. მოუსმინოს ადამიანებს, მისცეს მათ კვალიფიციური რჩევა და  საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მათი სამართლებრივი დაცვა- ეს ახალგაზრდა იურისტის ყოველდღიურობაა.

რა პროფესიის ხართ?

-იურისტი.

რატომ არასამთავრობო  სექტორი?

-არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობის ყოველი დღე მაძლევს შესაძლებლობას საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში შევიტანო წვლილი.  დავეხმარო ადამიანებს  გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია. ასევე, დავეხმარო მოქალაქეებს მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებაში. ცხადია, მსგავს აქტივობებში ჩართულობა, პროფესიულ ზრდასა და პიროვნულ განვითარებაში მეხმარება, ასე რომ სექტორში საქმიანობა ჩემთვის შესაძლებლობების ერთიანობაა.

რას ნიშნავს თქვენთვის  საქმე, რომელსაც აკეთებთ?

-საქმე, რომელსაც ვაკეთებ ჩემთვის სიამოვნებაა. გქონდეს შესაძლებლობა, მოუსმინო ადამიანების გულწრფელ საუბარს და შეგეძლოს მათი სამართლებრივი დახმარება – ჩემთვის ერთგვარი ფუფუნებაა.

განვითარების რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები?

-საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი ხნის ისტორია აქვთ. ვფიქრობ, მათი განვითარების დონე საზოგადოების ყოფის მნიშვნელოვანი  საპირწონეა. ამასთან, განვითარების არც ერთი ეტაპი მოდუნების საშუალებას არ იძლევა, პირიქით. შესაბამისად, სექტორის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რომ მათ შეძლონ საზოგადოებას განვითარების ახალი შესაძლებლობები მოუტანონ.

-პირადად თქვენთვის, როგორც როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლისთვის, რით არის საინტერესო, საქმე, რომელსაც აკეთებთ?

-საინტერესოა, რადგან საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების ნაწილად ვგრძნობ თავს და ამავდროულად ვხედავ შესაძლებლობას ინიციატივებით ცვლილებებსაც შევუწყო ხელი.

დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?

-დროის მნიშვნელოვან ნაწილს. თუმცა საქმიანობის მრავალფეროვნების გამო, ხშირად ვერც ვამჩნევ დროის გასვლას.

რა დრო გრჩებათ ოჯახისთვის?

-ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ჩემთვის საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ მქონდეს დრო მათთან საურთიერთობოდ.

რა რჩევებს მისცემდით  ადამიანებს, რომლებსაც  საქმიანობის გაგრძელება არასამთავრობო სექტორში სურს?

-ვურჩევდი, კარგად გააცნობიერონ მათი სურვილები და არასამთავრობო სექტორის როლი.  თანხვედრის  შემთხვევაში კი, აუცილებლად, ენთუზიაზმით გააგრძელონ საქმიანობა.

რას ეტყოდით მედიასრომელიც   მესამე სექტორის მჭიდრო  პარტნიორია.

-ყოველთვის შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტები.  რაც მთავარია, იგრძნოს პასუხისმგებლობა მხოლოდ საზოგადოების წინაშე. ასევე, როგორც მეოთხე ხელისუფლებას,  ვუსურვებ კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას.

კომენტარები