ქუთაისის “ტორპედოში” გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი მჭედლიძე დავით დოლაბერიძემ შეცვალა. კლუბის ახალმა ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა.
“ჯერ მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მჭედლიძეს. ცუდი სტარტის შემდეგ მისი დამსახურებაა, რომ “ტორპედო” ახლა მოწინავე პოზიციებზეა. ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. სამწვრთნელო სტაფს ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ გუნდი დღეს ასეთ თამაშს აჩვენებს. ეს არ არის მათთვის მხოლოდ სამსახური – საქმეს სიყვარულით აკეთებენ და შედეგებიც ამას მოაქვს. ასეთი სტაფიდან გამომდინარე, წარმატება გარდაუვალია.
გუნდს პროფესიონალი სამწვრთნელო სტაფი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ისინი შედეგს მომავალში აუცილებლად მოიტანენ.
ჩვენთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ მთავარი გუნდი, არამედ, საფეხბურთო აკადემიაც უნდა იყოს. ბოლო წლებში ასეც მივდივართ. ფუფუნებაა, როცა საკუთარი აღზრდილები გყავს. ამაზე დღე და ღამე ვმუშაობთ. 2-3 წელიწადში ადგილობრივი და მოწვეულების სინთეზი უნდა მოხდეს. ასე მივიღებთ იმ კლუბს და შედეგებს, რომლისკენაც მივდივართ…
სასიხარულოა, რომ მაურო კაბალიერომ პროფესიონალიზმი გამოავლინა, გუნდთან ადაპტაცია სწრაფად მოახერხა და ვფიქრობ, მისი სახით, ეროვნულ ლიგას კარგი მოთამაშე შეემატა. მასზე ჩვენ და მთავარი მწვრთნელი დიდ იმედებს ვამყარებთ. მომავალში მისი დონის ფეხბურთელები უნდა ჩამოვიყვანოთ…
საფეხბურთო ბაზის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ფეხბურთი და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის. ბაზა უკვე გარემონტდა. ბევრი პრობლემა იყო და დღევანდელმა ხელმძღვანელობამ რეალურად მისი მოწესრიგება არა ნულიდან, არამედ, მინუსებიდან დაიწყო.
ბაზა უკვე მოწესრიგდა და ბიჭებს შეუძლიათ აქ დარჩენაც. რამდენიმე მოედანი გვაქვს, მალე საფარის დაგება დაიწყება და ვფიქრობ, ახალი წლისთვის იქ 4 მოედანი გვექნება. ამით ეს საკითხი სრულად ამოიწურება.
საფეხბურთო აკადემიის განვითარებაზეც ვფიქრობთ. რეალურად “ტორპედო” და აკადემია უნდა იყოს არა ორი, არამედ, ერთი ორგანიზმი. ჩვენი ხედვაა, რომ აკადემია ბაზასთან ახლოს იყოს – ბავშვი სავარჯიშოდ რომ მოვა, მთავარი გუნდის ფეხბურთელებს ყოველდღიურად უნდა ხედავდეს. ეს მისთვის იქნება “ტორპედოში” მოხვედრის სტიმული და მოტივაცია.
იმერეთი და კონკრეტულად ქუთაისი არის ნიჭიერი ბავშვების სამჭედლო. ქუთაისელი ბავშვი, რომელიც აქ აღიზრდება, სხვა კლუბში გადასვლაზე არ უნდა ფიქრობდეს. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მათ ყველანაირი ფუფუნება და კომფორტი მშობლიურ ქალაქში შევუქმნათ და კარიერა აქ დაიწყოს”, – აცხადებს ქუთაისის “ტორპედოს” ახალი გენერალური დირექტორი დავით დოლაბერიძე.
კომენტარები