მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტრამვაის გაყვანის იდეა და პროექტები მე-19 – მე-20 საუკუნეების ქუთაისში

ტრამვაის გაყვანის იდეა და პროექტები მე-19 – მე-20 საუკუნეების ქუთაისში

ტრამვაი მეცხრამეტე საუკუნეში გამოგონებულ ევროპულ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ფართოდ გავრცელდა თითქმის მთელ მსოფლიოში.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ტრამვაის სარკინიგზო გზისა და ამ ტრანსპორტის ამოქმედების შესახებ იდეა გაჩნდა ქუთაისშიც. 1893 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „რამდენიმე შეძლებული მოქალაქე აპირებს ამხანაგობის დაარსებას ქუთაისში რკინის გზის გასამართად, მილით წყლის გასაყვანად და სხვა სასარგებლო საქმეების საწარმოებლად. სასურველია ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანონ“.

“ივერიის“ ქუთაისელი კორესპონდენტი წერდა: „ქ. ქუთაისში რამდენჯერმე განიზრახეს ცხენის რკინის გზის გაყვანა, მაგრამ ეს აზრი ვერ განხორციელდა, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის კაპიტალისტებმა, რომლებიც არ არიან ჩახედილნი ქალაქის საქმეებში, ვერ გაბედეს ხარჯის გაწევა, დანარჩენი მსურველნი კი – უთანხო და განუვითარებელნი გამოდგნენ. ჯერ შარშანვე მე ვურჩიე რამდენსამე შეძლებულ მკვიდრს, დაეარსებინათ თავიანთი თანხით სრული ამხანაგობა ქ. ქუთაისში ცხენის რკინის გზის გასაყვანად. ეს რჩევა მოწონებულ იქნა და შესდგა სრული ამხანაგობა…

აზრი ქუთაისში ცხენის რკინის გზის დაარსებისა იმდენად მომწიფდა, რომ ქალაქის საბჭომ, ქალაქის მოურავის წინადადებით, დაადგინა: ცხენის რკინის გზის გაყვანა ქუთაისში საჭიროდ და სასარგებლოდ იქნას ცნობილი, ხოლო ქალაქის ხარჯით გამართვა უარყოფილი იქნას და მიენდოს საკუთრად ქუთაისის მკვიდრთ – კერძო პირთა ანუ ამხანაგობათა. კონცესიის პირობების წარმოსადგენად დაენიშნოთ ორი კვირის ვადა.

ისარგებლა ამ უფლებით და ამხანაგობამ უკვე წარუდგინა ქუთაისის ქალაქის გამგეობას თავისი წინადადება, რომელიც უეჭველია მალე იქნება საბჭოს მიერ განხილული. წამომადგენელი ამხანაგობისა თ.დ. თუმანიშვილი“, – იუწყებოდა გაზეთი „ივერია“.

1898 წელის შემოდგომაზე, ოქტომბრის თვეში, ქალაქის გამგეობამ განიხილა ვინმე აზრუმანიანცის ახალი პროექტი ქუთაისში ცხენის რკინის გზის გაყვანის შესახებ. იმავე წლის 21 ოქტომბერს ქალაქის იმჟამინდელ ადგილობრივ ხელისუფლებას ხელთ ჰქონდა როზენშტეინის პირობა – ვალდებულება, რომელიც ქუთაისში ტრამვაის გაყვანას ითვალისწინებდა.

ასევე, წარმოიშვა იდეა, რომ ქუთაისში გაყვანილიყო ელექტრონული ტრამვაი, რომლის ელექტრონის წყაროდ მდინარე რიონის გამოყენებაც მოიაზრებოდა. ქალაქის მთავრობის მიერ ოფიციალურად დადგინდა, რომ ელექტრონული ტრამვაის გაყვანაზე ინჟინერ მიხაილოვისათვის მიეცა თანხმობა.

ქუთაისში ტრამვაის გაყვანასთან დაკავშირებით გამგეობის წინაშე ასევე წარდგენილი იქნა მეორე პროექტიც, რომლის ავტორი იყო ბელგიელი სპეციალისტი რობი. საბოლოოდ ქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ უარყო რობის პროექტი და საქმე მიანდო მიხაილოვს.

ქუთაისში ტრამვაის გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი დოკუმენტი უნდა დამტკიცებულიყო პეტერბურგში. დამტკიცების საქმე ევალებოდა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს. ყოველივე ეს სხვადასხვა გარემოებით დროშიც გაგრძელდა და 1901-1902 წლებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს პეტერბურგში. იმპერიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ პროექტს დაურთო თხუთმეტი შენიშვნა.

1902 წლისათვის მიხაილოვს შესაბამისი თანხებიც მოუძიებია, თუმცა, საქმეს საბოლოო განხორციელება მაინც არ ეწერა. ინჟინერ მიხაილოვის მიერ პირობის შეუსრულებლობის გამო, 1903 წლის მიწურულს, ქუთაისის საქალაქო გამგეობამ გაწყვიტა მასთან კავშირი, ხოლო მიხაილოვის მიერ წინასწარ შეტანილი ათი ათასი მანეთი დარჩა ქალაქს.

1914 წელს ნიკო ნიკოლაძე შეეცადა, რომ პეტერბურგში მიეღო ნებართვა ქუთაისში ტრამვაის გაყვანის შესახებ და წარადგინა შესაბამისი პროექტი, რომელსაც, სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვეტო დაადო.

1916 წელს ქუთაისის საქალაქო გამგეობა კვლავ დაუბრუნდა ქალაქში ტრამვაის გაყვანის საკითხს. პროექტი დაამტკიცა ქუთაისის გუბერნატორმა პოტელოვმა.

იმავე წელს ქალაქის ხელისუფლებამ ამ საქმეზე განიხილა ინჟინერ ფრაკის პროექტი, რომლის მიხედვით ქუთაისში ტრავმაისთვის საჭირო პარკი და ელექტრონის სადგური უნდა აგებულიყო საღორიის ტყის მიდამოებში, საიდანაც ლიანდაგის ერთ შტოს გაიყვანდნენ ქალაქის მთავარ საავადმყოფომდე. განისაზღვრა, რომ იმ ეტაპზე ქალაქში მოწყობილიყო ტრამვაის ოთხი პირდაპირი გზა, რომელთათვის განისაზღვრა და დაზუსტდა ქუჩები. ტრამვაი სრულად ვერ მოიცავდა მაშინ ქუთაისის ყველა ქუჩას, თუმცა ქალაქის ტერიტორიის დიდ ნაწილს ეს ტრანსპორტი გაივლიდა. აღნიშნულის შესახებ იმხანად ინფორმაცია გამოაქვეყნა გაზეთმა „სამშობლომ“.

ქუთაისი საბოლოოდ მაინც ტრამვაის გარეშე დარჩა. ქალაქში ეს საქმე არ განხორციელდა, მიუხედავად არაერთგზის ოფიციალური მცდელობისა, რომელიც სათანადო გადაწყვეტილებებითა და დოკუმენტაციით იყო გამოხატული და განმტკიცებული, რაც დღესდღეობით ისტორიის კუთვნილებაა.

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები