მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტროა დაეცა”

“ტროა დაეცა”

მიშა ჩარკვიანის სპექტაკლი, რომელიც პირველად ვნახე, „მკვდარი ქალაქები“ იყო. ვნახე და შემიყვარდა. ეს იყო ის, რასაც ვეძებდი თეატრის ახალ რეპერტუარებში, ახალ ხმაში, ახალ ტექსტში. ეს იყო სამოქალაქო/შემოქმედებითი აქტი სცენიდან ნამდვილ პრობლემებზე, ყველას ტკივილი, დემოკრატიის აუცილებლობა, დოკუმენტური სპექტაკლი, რაზეც ვოცნებობდი და არ ვიცოდი რა ერქვა.

“მკვდარი ქალაქები“ ფოთის იყო და ქუთაისურად მაჟრჟოლებდა.

გამბედაობა არ მეყო მიშასთან მივსულიყავი და მეთქვა – რა მაგარი რამე გვაჩვენა მესხიშვილის სცენაზე. ჩემს აღფრთოვანებას ბევრი დისკუსია მოყვა მზისფერი შენობის ჩემს პატარა ოთახში, მეგობრულ წრეში და ესეც ბუნებრივი იყო.

ცოტა დრო გავიდა. ახალი ოცნება დავიწყეთ ახალ იდეაზე, ახალ სპექტაკლზე, ახალ რეჟისორზე, ახალ შესაძლებლობებზე. გავრისკეთ და ინგა კაკიაშვილის პროექტი დავწერეთ ჩვენს ასახდენ სურვილზე. მერი გიორგი იყო ჭიღვარია და დაფინანსებაზე თანხმობა თქვა. ამ დროს ენდიმ მიშა ახსენა. გავყევით გზას ფიქრებით და მოზომილი ნაბიჯებით. პირველად ვიყავი ასეთი თხოვნის პროცესში, არ ვიცოდი სპეციფიკა. და უცებ – დღესასწაული! მიშა დათანხმდა!

მიშა ჩარკვიანს, მის თანამოაზრეებთან ერთად, „ახალი თაობის“ რეჟისორებს ეძახდნენ. თეატრალური საზოგადოებისთვის ის უკვე ძალიან მოდური იყო. უკვე ჰქონდა დადგმული „ელექტრა“, „მედეა“ “დემონები“, უკვე ქონდა „ღია სივრცე“ და რაც ჩემთვის „მკვდარი ქალაქების“ ზევით შთაბეჭდილების ზღვა გახდა – „პასპორტი“, რომელიც მისი მანიფესტური სიტყვით ტკივილით გაპობდა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და გკაწრავდა საოკუპაციო მავთულის ყველა წვეტიანი კვანძით სახელმწიფო ღირსების შესახსენებლად. ეს იყო ის, რაც ამ დროში ჭირდებოდა ახალი და ძველი თაობის სისხლის შემოქმედებით მოძრაობას.

თუმცა, ქუთაისში მიშასგან სულ სხვა ფოიერვერკი გველოდა.

ევრიპიდე. ანტიკური და ყველაზე თანამედროვე. ყველაზე დღევანდელი. ტროას შვილებდახოცილ დედოფალზე.

“ჰეკაბე“!

ტრაგიკული და შემზარავი. სისტემაზე და შურისძიებაზე. ღალატზე და თავგანწირვაზე. ჩემს სულში ჩაკირული სიყვარულის პერსონაჟებზე (რა ბედნიერება მელოდა!).

მიშამ ეს სპექტაკლი ზაზა სარალიძის ხმაჩახლეჩილი გლოვის მარტოობას ხმამაღლა მიუძღვნა!

და ასე დაიწყო ჩემთვის დიდი მოლოდინის ახალი დღე მზისფერ შენობაში. ასე გადაიქცა ჩემი ნამცეცივით პატარა ოთახი რამპებით გაჩახჩახებულ დარბაზად. ასე დაიწყო გარდასახვის თეატრალური მაგია: ინგა კაკიაშვილი ჰეკაბედ, დიდებულ ტროელ დედოფლად, ენდი ძიძავა ქურუმ ქალად, ნანუკა კუპატაძე პოლიქსენედ, გაგი შენგელია პოლიდოროსად, გიორგი ჩაჩანიძე ოდისევსად, ნანცო, ნინი და ანი ჩოგოვაძე- ქოროდ, დათო როინიშვილი აგამემნონად, სულხან გოგოლაშვილი პოლიმესტორად, თენგო ჯავახაძე ტალთიბიოსად, დათა ბერაძე და ლუკა სვანაძე – უცედველ ანგელოზებად, ჰეკაბესგან მოღალატის შურისძიებისთვის დაკლულ ყმაწვილებად..

ასე გაცურა ჩემი ყველაზე პატარა ოთახიდან ნაცნობმა და ნანატრმა მარცვლებმა, სიტყვებმა, მონოლოგებმა, სტროფებმა, ანტისტროფებმა და ეპისოდიონებმა მზესავით შენობის ფართო ფოიეები, სალონი და ძგიდე – სცენამდე.

ანტიკური ჯადოს მომნუსხველი დღეები და ღამეები ცვლიდნენ გარეთ დარჩენილ ნაკლებად საინტერესო ცხოვრებას და ხმაურს.

ევრიპიდეს პოეზიის უწყვეტი მუსიკა საბოლოო ორკესტრირების მოლოდინში ჩემი და ჩემი მეგობრების სამყაროს, ჩვენი მზესავით შენობის შეჩვეულ ხმას არყევდა. მარინას არაჩვეულებრივ სამკერვალოში ნელ-ნელა იბადებოდა ტროელი ქალების მკაფიო და ფერადი სამოსელი, მათი ტექსტისთვის ეკლექტური და თვალისმომჭრელი. დეკორაცია სითეთრიდან იწყებდა ამოსვლას აღმაშფოთებელ პისუარებად და ველოდით დღეს, როცა ხმამაღლა ითქმებოდა სცენიდან – „ტროა დაეცა“!

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები