მთავარიახალი ამბებისლაიდი

“უნდა იყო გამბედავი, კრეატიული, უნდა შეგეძლოს სხვადასხვა პროცესებზე სწორი რეაგირება”-ეკა მამისეიშვილი

“უნდა იყო გამბედავი, კრეატიული, უნდა შეგეძლოს სხვადასხვა პროცესებზე სწორი რეაგირება”-ეკა მამისეიშვილი

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო, infoimereti.ge ცნობილი კომპანიებისა და სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ეკა მამისეიშვილია.

ეკა მამისეიშვილი ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის” და კლინიკა ,,მედიქალ სიტი”-ს პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსია. კერძო კომპანიებში მუშაობამდე, საჯარო სამსახურის თანამშრომელი იყო და 3 წლის განმავლობაში ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გვიყვება,  რომ წარმატებული PR სპეციალისტი უნდა იყოს მოტივაციით სავსე, უყვარდეს საკუთარი საქმე, კომუნიკაბელური უნდა იყოს, აქტიური, ჰქონდეს ლიდერული უნარ-ჩვევები და უნდა ჰქონდეს ბევრი კონტაქტი, ასევე აუცილებელია კრეატიულობა და სწორად უნდა განსაზღვროს სამიზნე აუდიტორია, ვისთანაც აპირებს კომუნიკაციის დამყარებას.

-რა პროფესიის ხართ?
-პროფესიით ვარ ჟურნალისტი, თითქმის 12 წელი ვიმუშავე მედიაში. ბავშვობიდან მომწონდა, პრაქტიკაში კი ძალიან შემიყვარდა.

– პიარის სფეროში როგორ გადმოინაცვლეთ?
-პიარ საქმიანობა ყოველთვის მაინტერესებდა. ამას ხელი შეუწყო შეთავაზებამ, რომელიც 2013 წელს მივიღე და გადავინაცვლე საჯარო სექტორში, ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. PR საინტერესო პროფესიაა, მუდმივი სიახლეებით, გეგმებით და მიზანი ყოველთვის გაქვს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს საუკეთესო შედეგით. ადამიანებთან ურთიერთობა ამ პროფესიაში გეხმარება საქმიანობის სწორად წარმართვაში. ნებისმიერი წარმატება მიიღწევა შრომით. პიარი ჩემთვის მუდმივი ძიების და განვითარების შესაძლებლობაა. ეს სფერო ძალიან მომწონს. ასევე ვმუშაობ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, სადაც მედიასთან აქტიური კომუნიკაცით ვარ დაკავებული. ამასთანავე დასაქმებული ვარ კერძო სექტორშიც. ეს არის ქალაქში ორი ძალიან ცნობილი კლინიკა “მედიქალ სიტი” და “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი” ასევე ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რომელიც დაკავშირებულია პიართან და მარკეტინგთან.

– რას ნიშნავს თქვენთვის PR ?
-პიარი საზოგადოებასთან სწორი ურთიერთობაა. ჩვენ ვაცნობთ საზოგადოებას ამა თუ იმ პროდუქტს სხვადასხვაგვარი საშუალებებით.ვცდილობთ სწორი კომუნიკაციით დავარწმუნოთ მომხმარებელი მათ კი აღიარონ ჩვენი მიღწევები.ურთიერთობა და კომუნიკაცია, არ უნდა გეზარებოდეს. თუ მოინდომებ და პასუხისმგებლობით მოეკიდები ყველაფერი გამოდის. პიართან ერთად ძალიან მაინტერესებდა მარკეტინგი და დავიწყე შესწავლა, ვფიქრობ,რომ სწორად მოვიქეცი, რადგან კერძო სექტორში აუცილებელია, ის მუდმივად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს. ამ სფეროში მუშაობისას უნდა იყო მიზანდასახული, კომუნიკაბელური და მოტივირებული. მარკეტინგი დაკავშირებულია ინოვაციებთან. უნდა იყო გამბედავი, კრეატიული, უნდა შეგეძლოს სხვადასხვა პროცესებზე სწორი რეაგირება.

– რა ეტაპზეა ჩვენს ქვეყანაში პიარის განვითარება?
-როგორც საჯარო სექტორში ისე კერძოში პიარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამის გაცნობიერება ჩვენს ქვეყანაში პატარა ორგანიზაციებმაც კი დაიწყეს. ხშირია შემთხვევა, როცა ვერ იგებენ რა სჭირდებათ, პიარი თუ მარკეტინგი. ეს ორი სხვადასხვა პროფესიაა და ორივე ძალიან საჭირო. სოციალური მედია სულ უფრო და უფრო ვითარდება პიარის სწორად გამოყენება კი კომპანიებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.

– პირადად თქვენთვის, როგორც პიარის სპეციალისტისთვის, ეს სფერო რითია საინტერესო?
-ეს სფერო არის აქტიური, საინტერესო და მრავალფეროვანი, რომელიც მუდმივად ახალ გამოწვევებს გთავაზობს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იმ ორგანიზაციის იმიჯის მართვაა, სადაც ვმუშაობ. მნიშვნელოვანია ისეთი რეპუტაციის შექმნა, რომელიც ნდობასთან ასოცირდება.

-რა საერთო და განმასხვავებელი აქვს საჯარო სამსახურისა და კერძო კომპანიის პიარს?
-საჯარო სამსახურში უფრო სხვა ჩარჩოებში ხარ მოქცეული. ძალიან ბევრია დაუგეგმავი ღონისძიება, რომელზეც მეტი სამუშაოა, რადგან ფორსმაჟორულად ხდება მომზადება. მუდმივად უნდა ეცნობოდე მედიაში გაანვითარებულ ამბებს. ყოველდღიურად და ხანდახან ყოველ წუთშიც კი პასუხობდე მათთვის საინტერესო კითხვებს. თუნდაც რეკლამის თემა, საჯარო სამსახურში რეკლამაში თანხის გახარჯვა რთულია და დიდ ბიუროკრატიულ პროცედუებთან არის დაკავშირებული, ამ თემაში მეტად თავისუფალი ხარ კერძო სექტორში, რაც პირველ რიგში, პიარისთვის დიდი კომფორტია. თუმცა ორივე სფერო ძალიან საინტერესოა. როცა კერძო სექტორს და კონკრეტულად სამედიცინო თემებს შევეჭიდე, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ დაუძლეველი არაფერია, მთავარია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შენი საქმის სიყვარული.

-დროის რა ნაწილს უთმობთ სამსახურს?
-ეს ის შეკითხვაა, რომელზეც არც დავფიქრდები. ვმუშაობ დღეც და ღამეც. ერთმა ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა, ჟურნალისტმა მითხრა, სანამ ახალგაზრდა ხარ ბოლომდე უნდა დაიხარჯო, შენი ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენო და განავითაროო. მას 100%-ით ვეთანხმები. უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ რაღაც შექმნა და რაღაც რომ შექმნა- უნდა იშრომო.

-საყვარელი საქმიანობის გარდა, კიდევ რით ხართ დაკავებული?
-ოჯახი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მას პატივს ვცემ და ვუფრთხილედები. ჩემი შვილის სწავლა-განვითარებაში ბევრს ვდებთ მე და ჩემი მეუღლე. ქალაქგარეთ გასვლის დრო არ მრჩება, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ მცირეოდენი თავისუფალი დროც კი ოჯახში გავატარო. დაკავებული რეჟიმის გამო იშვიათად ვახერხებ მეგობრებთან ერთად ყოფნას, თუმცა, ვცდილობ, მნიშვნელოვანი დღეები მაინც აღვნიშნო მათთან ერთად.

-რა რჩევებს მისცემდით დამწყებ პიარ სპეციალისტებს?
-პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს პროფესია თუ არ გიყვარს, თუ არ მოგწონს და თუ არ შეიგრძენი ჩაიკარგები და არაფერი გამოგივა. მიზანს არასოდეს უნდა გადაუხვიო, თუ დღეს რაღაც არ გამოგდის, მაგრამ გულით გინდა, ესეიგი ხვალ გამოგივა. თუმცა იყო კარგი PR -სპეციალისტი და დაიმკვიდრო თავი ამ სფეროში, ითხოვს იმუშაო ბევრი და იმუშაო პირველ რიგში საკუთარ თავზე.

-რას ეტყოდით მედიას, რომელიც ალბათ ყველაზე ხშირად მოგმართავთ?
მეც ამ სფეროდან მოვდივარ, ვიცი რამხელა შრომას მოითხოვს ჟურნალისტიკა. ვაფასებ თითოეულ მათგანს, დადებითი თუ ხისტი ხასიათით. მინდა ყველას ვუსურვო პირველ რიგში იყვნენ მიუკერძოებლები და აზრის გამოხატვის თავისუფლება არასოდეს შეეზღუდოთ. წარმატებები, როგორც ამ სააგენტოს რედაქტორს ასევე ყველა სხვა ჩემს კოლეგას.

კომენტარები