იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული არის ერთ-ერთი უპირველესი და მთავარი საზრისი ქრისტიანთა ჭეშმარიტი და ცოცხალი რწმენისა. ამ ბრწყინვალე და დიდებულ დღესასწაულს ქრისტიანები ყოველ წელს განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ.
გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთ უმძიმეს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ერთი მხრივ ეკლესია და საეკლესიო ცხოვრება საბჭოთა ათეისტური რეჟიმის დასასრულის შემდგომ აღმავლობისათვის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში მძვინვარებდა მძიმე სამოქალაქო ვითარება, მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომი, როგორ აღინიშნა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ქუთაისში ზუსტად ოცდაათი წლის წინ, 1993 წელს.
1993 წელს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა აღინიშნა 18 აპრილს (ახ.სტ.). წინა დღეს, 17 აპრილს, დიდ შაბათს, გაზეთ „ქუთაისის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სააღდგომო მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ:
“ქრისტე აღსდგა! აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი, რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები ასე რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში. იგი სასწაულია სასწაულთა შორის, რომელიც კი უხილავს და სმენია კაცობრიობას…
ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია, „რამეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოება ეგე თქუენი (I კორინთელთა, 15; 14).
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო…
აღსდგა მშვიდობა და ნათელი სოფლისა, აღსდგა სიბრძნე და ჭეშმარიტება, აღსდგა მეორე ადამი – ღმერთი ვნებული, უფალი უფლებათა. სხეულს გაყრილმა მისმა ყოვლადძლიერმა სულმა შემუსრა საკვრელნი სიკვდილისა, ბჭენი ჯოჯოხეთისა და თავის მორწმუნეთ გაუხსნა წინაპართა ცოდვის მიზეზით დახშული კარი ცისა და სამოთხისა“, – ნათქვამია ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ხსენებულ სააღდგომო მიმართვაში.
იქვე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა: „ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს: საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენაქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, იმ გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ. ჩვენი ერის წინაშე დიდი პრობლემები დგას. მდგომარეობა რთულდება და უარესდება იმითაც, რომ ქართველთა შორის არ არის თანხმობა, მეტიც, ხშირად მტრობაა, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ფონზე… თუ არ შეგვიძლია მოწყალე ვიყოთ შეურაცხმყოფელთადმი, როგორღა ვთხოვთ უფალს შეწევნას, როგორღა ვამბობთ: „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“?! განა, ჩვენი ცოდვებით ყოველდღიურად არ შეურაცხვყოფთ ღმერთს?! რატომ ვითხოვთ მისგან ლმობიერებას, როცა ჩვენ ულმობელნი ვართ?! და თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისადმი, სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ.
გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით. სხვა გზა არ არსებობს! სხვა გზა დამღუპველია!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. იხარეთ და გაახარეთ სხვანიც! ამაშია ადამიანის ნამდვილი ბედნიერება, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაი არს სიხარული სულითა წმიდითა (რომაელთა. 14; 17)“, – ნათქვამია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ოცდაათი წლის წინანდელ სააღდგომო მიმართვაში სამწყსოსადმი.
1993 წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ, ქუთაისელებისადმი მიმართვა ქ. ქუთაისის მერიამაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო:
“ხვალ ბრწყინვალე აღდგომაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაული, აღორძინების, სიცოცხლის განახლების, გაზაფხულის, მზისა და ყვავილების დღესასწაული. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს და გისურვებთ მშვიდობას, სულის სიმხნევეს, მამულის ერთიანობასა და აღორძინებას!
ამჟამად საქართველოში რთული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა. ლამის დაგვავიწყდეს ქართველი კაცისათვის ოდითგანვე ღვთით ნაბოძები თვისებები: სათნოების, გულმოწყალების, მიტევების, მოყვასისადმი სიყვარულის.
ქართველმა ერმა თავისი ისტორიული არსებობა სწორედ ქრისტიანული სარწმუნოებით შეინარჩუნა…
ძვირფასო ქუთათურებო,
ახლა ხსოვნის დღეებია საქართველოში, საქართველოსთვის თავგანწირულ ადამიანთა მოგონების დღეებია.
ჩვენი ვალია, მოვიგონოთ ის გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწენი, მეცნიერები და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ნათელი კვალი დატოვეს ჩვენი ქალაქის ისტორიაში.
მარადიული ხსენება ყველა რიგით ქუთაისელს, კაი ყმას, ჭეშმარიტ ქართველს, მამულის სიყვარულით გულანთებულს, გარდასულს მარადისობაში!..
გულის სითბო, სიხარული და სიყვარული გავუნაწილოთ ჩვენს ირგლივ მყოფ ადამიანებს!
ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი შემწე!
ქრისტე აღსდგა!“, – ნათქვამია ქ. ქუთაისის მერიის ოცდაათი წლის წინანდელ სააღდგომო მიმართვაში ქუთათურებისადმი.
1993 წლის 18 აპრილს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მოქმედ ტაძრებში აღესრულა სააღდგომო სადღესასწაულო ღვთისმსახურება.
მეორე დღეს, 19 აპრილს, საფლავთა კურთხევის დღეს, ეპარქიის სამღვდელო დასმა აღასრულა საფლავთა კურთხევა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის იმჟამად ჯერ კიდევ მიმდინარე ომში გმირულად დაღუპულთა საფლავებიც აკურთხეს. ამის შესახებ, იმავე წლის 22 აპრილს, გაზეთი „ქუთაისი“ წერდა: „გმირთა საფლავების კურთხევა მოეწყო ქალაქის მერის, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის ინიციატივით. საფლავთა კურთხევა აღასრულა წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მამა თეიმურაზმა“, – ნათქვამია საინფორმაციო ცნობაში. აღნიშნულის შესახებ იქვე გამოქვეყნდა მწერლისა და ჟურნალისტის, ცირა შალაშვილის წერილი, სათაურით „მთელი ქუთაისი იხსენებდა წარსულს“, რომელსაც თან გასდევს ემოციური ფონი და იმ დროის საქართველოსა და ქუთაისის მდგომარეობის გამოძახილი.
მიუხედავად იმჟამინდელი მძიმე ზოგადი საქვეყნო ფონისა, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრმა სააღდგომო წარმოდგენა-ღონისძიების გამართვაც შეძლო 1993 წლის ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში.
1993 წელი უმძიმესი აღმოჩნდა საქართველოსთვის. იმ წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, სამწუხაროდ, დაეცა სოხუმი და რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის დროებითი ოკუპაცია, რომელიც სამწუხაროდ, ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, უფლისადმი სასოებით გვჯერა, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც გამთლიანებულ-გაერთიანებულ საქართველოში წარმოვთქვამთ მთელი სამყაროსათვის ყველაზე ძვირფასს, მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მაუწყებელ უკვდავ ფრაზებს:
“ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!“.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები