მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდ “სოხუმის” კვლევის პრეზენტაცია

ქალთა ფონდ “სოხუმის” კვლევის პრეზენტაცია

ქალთა ფონდი “სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალი მონიტორინგის ანგარიშის – „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ პრეზენტაცია ონლაინ – Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის მკვლევარმა ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის უკვე არსებული პროგრამების შეფასებასა და ადრეული ეტაპზე მოძალადესთან მუშაობის პერსპექტივებს მიეძღვნა, სადაც მოხსენებები როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს: ნინო ტყეშელაშვილი – მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; ანა ფაჩუაშვილი – ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ქეთი ჩუთლაშვილი – სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, მაია ქამუშაძე – ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოციალური მუშაკი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერებას, სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას. ასევე გამოიკვეთა, მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, სოციალური დაკვეთის გასაძლიერებლად, მეტი საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობა და ზოგადად ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციული მექანიზმების განვითარების და გამრავალფეროვნების საჭიროება.

„სახელმწიფო ძალადობის პრევენციის პილიტიკა საკმაოდ სუსტია. სახელმწიფო უწყებები ვერ ახერხებენ ოჯახში ძალადობის დროულ შეკავებას და მსხვერპლებისთვის უსაფრთხოების მიღწევას. ჩვენთან ხშირად გაუზიარებიათ მსხვერპლებს, რომ მათ სჭირდებათ მოძალადის ძალადობრივი ქცევის ცვლილება. უკვე არსებული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მიღმა, საჭიროა დამატებითი ქმედითი მექანიზმების გამოყენება, რისი იმედიც დაზარალებულ ქალებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ“, – აცხადებს ქეთი ჩუთლაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

„დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის თქვენ, სადაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებს ჩვენ-ჩვენი გამოცდილებების, მიგნებების, სტატისტიკის, მიღწეული შედეგების, გამწვევების გაზიარების შესაძლებლობა გვეძლევა ინფორმაციის შევსების თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები, ყოველთვის ახალი ინიციატივების, ცვლილებების და სერვისების წინაპირობებს ქმნის“, – განაცხადა ინდირა რობაქიძემ, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა.

კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ – http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/12137-2022-03-14-15-32-16

კომენტარები