“მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ინფორმაციით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მოწამეთას წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ელიაზარი (ივანეიშვილი) მოწამეთას მონასტრის წინამძღვრობიდან გადადგა და მონასტერი დატოვა.
კონფიდენციალური წყაროს ცნობით, არქიმანდრიტმა ელიაზარმა მოწამეთას მონასტერი და ქუთაის-გაენათის ეპარქია დატოვა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან დაპირისპირების გამო.
მისივე ინფორმაციით, არქიმანდრიტ ელიაზარს გააჩნია გარკვეული კითხვები საქართველოს ეკლესიაში უკანასკნელ წლებში არსებულ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მიტროპოლიტ იოანესთვის. მღვდელმთავარმა ეპარქიის სამღვდელოების მცირე ნაწილთან ერთად რამდენიმეგზის სცადა არქიმანდრიტ ელიაზარის წინააღმდეგ მოქმედება. აღნიშნული დაძაბულობა, რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა გამოვლინებით გამოიხატა.
არქიმანდრიტმა ელიაზარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა მოწამეთას მონასტრის წინამძღვრობა. ინფორმაციის თანახმად, მამა ელიაზარი უნდა გადასულიყო თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე წმიდა გიორგის სახელობის სტავროპიგიალურ მონასტერში, თუმცა მიტროპოლიტმა იოანემ შეძლო, რომ საპატრიარქოს დაებლოკა არქიმანდრიტ ელიაზარის გადასვლა აღნიშნულ მონასტერში. ამის შემდგომ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მოწამეთას მონასტრის წინამძღვრობიდან გადამდგარ არქიმანდრიტ ელიაზარს შესთავაზა მოწამეთას მონასტერში რიგით მღვდელმსახურად დარჩენა, რაზეც, იძულებითი ფორმით მამა ელიაზარმა უარი განაცხადა.
“მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ინფორმაციით, მოწამეთას მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებს მღვდელმონაზონი ნეოფიტე (დვალიშვილი), რომელიც არის სკანდალურობით გამორჩეული დეკანოზ ილია კარკაძის სულიერი შვილი.
ამჟამად მოწამეთას მონასტრის ფინანსური საქმეები გადაცემული აქვს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელმსახურს, დეკანოზ მატათა ქარქაშაძეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის საშინაო საქმეების მართვაში და გარკვეული ზეგავლენა გააჩნია მიტროპოლიტ იოანეზე.
“მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ინფორმაციით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელოების ნაწილმა საპატრიარქოს მოთხოვნით წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რათა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაედგინათ მიტროპოლიტი იოანე. აღნიშნული წერილის ხელმომწერებში არ გახლდათ არქიმანდრიტი ელიაზარი.
კომენტარები