უნდა ეს ვინმეს, თუ არა,- ჩვენი ქალაქის მზისფერ შენობას ასეთი ბედი დაყვა – ყველა აქციის კალთად იქცა წლების მანძილზე. დიდი გულით, უშურველი და ხელგაშლილი.
მთელი უახლესი წარსულის ეროვნული მეხსიერებაა ამ ქვებში, ამ სახეზე, რომელიც ქუთაისის მთავარი პროფილია, უნდა ეს ვინმეს, თუ არა..
სხვათაშორის, ქუთაისში პარლამენტის არსებობა შეცვლიდა მხოლოდ მესხიშვილის თეატრის საძირკველში ჩათქმულ მისიას 😊. აქაც, ტლანქი ინერციით ბედისწერაში ჩავრჩით და არა – ბედისწერასთან გაბრძოლების მსურველ გონიერ საზოგადოებად. რამდენი რამე შეიცვლებოდა..
ისე, როგორც ხშირად, ყველა ხელისუფლების დროს, ვიღაცა მოვლენებს აპროტესტებს და ვიღაცა აპროტესტებს პროტესტანტებს. ასეთია ჩვენი აქციების და კონტრაქციების „მუხტიც“ და ვერბალური ესთეტიკაც. ეს წინააღმდეგობრივობაც თეატრის კიბეებზე სხვადასხვა რეჟისორის სპექტაკლებივით იცვლებოდა და იცვლება.
მაგრამ დღეს სხვა ამბავი მინდა ვახსენო.
როცა რუსთაველზე ახალგაზრდების დიდი ტალღა ახალი სამოქალაქო შემოქმედებით იცავდა ევროპულ ფესვს ქართულ სახელმწიფოში, თეატრების და თეატრალების დიდი უმრავლესობა „პაკლონზე“, აქციაზე, სცენაზე, ქუჩაში, სიტყვით, მესიჯით, პერფომანსით, საარქივო ფოტოთი, სტატუსით, კომენტარით – ამ ახალ სამოქალაქო შემოქმედებაში შედიოდა საკუთარი რწმენით და საკუთარი სახელით – თეატრის, დასის, ერთი არტისტის, ან არტისტების ჯგუფის, რაც თითო გაშლილი ქოლგა მაინც იყო ახალგაზრდების თავზე მათი და იდეის დასაცავად. და ეს იყო საოცარი პროცესი.
გრძნობდი, რომ ამ თეატრებში, გარდა საინტერესო მსახიობების, რეჟისორების, რეპერტუარების და აპლოდისმენტების, – კიდევ იყო ბევრი მნიშვნელოვანი ფასეულობა, რაც ხელოვნებაზე მეტი ღირს, რაც კონსტიტუციის პატივისცემაა, რაც დემოკრატიის ნიშნულად ითვლება – მიიღო მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის რეალურ ცხოვრებაში, როგორც ნამდვილმა და პასუხიმგებლობის მქონე მოქალაქემ!
და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქალაქის უსაყვარლესი თეატრი მისი ადამიანებით არ ჩანდა ამ სამოქალაქო ვნებების დინებაში, მესხიშვილის თეატრი, მისი ისტორიული მისიით, მისი სახით, მისი შენობით, მისი გაშლილი გულით, საერთო ბრძოლის აქაური სოლიდარობის ყველა „ნიუსში“ – ფოტოზეც, პოსტზეც, კადრშიც და ესეიგი ისტორიაშიც – დამოუკიდებელ აქტორად მაინც დადგა მყარად!!! რადგან სახელი აქვს კარმული და ქუხილის სურვილი სულ! უნდა, თუ არ უნდა ეს, ვინმეს! აქაც ბედისწერის ინერციაა..
ჰოდა, ამას ვამბობდი .. ჩვენი ქალაქის მზისფერ შენობას ასეთი ბედი დაჰყვა – ყველა აქციის კალთად იქცა წლების მანძილზე.
მისი დაწყვილებული სვეტები და ულამაზესი პორტიკი, ოვალურ სახეზე გადმოფენილი კიბეებით, შუაღამემდე ბევრი სტუდენტის, ახალგაზრდა შემოქმედის, ან უბრალოდ ხელოვნებაზე შეყვარებული წყვილების და ჯგუფების ხმაურიანი „სადგომი“(„ბირჟა“) უნდა იყოს! მაგრამ ეს ალბათ, უფრო სიცოცხლისუნარიანი ქუთაისის მომავლის ოცნებაა! სასურველი ოცნება, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქისთვის აუცილებელი რომანტიკა და შეუდარებელი სილამაზე. იქნება ესეც, მჯერა. და მჯერა, გარედან შეღწეული ახალი და გემოვნებიანი ენერგიით შეიცვლება დიდ, პომპეზურ, სტალინურ თუ პოსტსტალინურ არქიტექტურაშიც შეყინული შინაარსი.
ჩვენი მზისფერი შენობა – უსაყვარლესი, დიდებული და დამოუკიდებელი აქტორი, როგორც დამოუკიდებელი გზავნილი და ერთგვარი სინდისი ქუთაისიდან – სამოქალაქო ღირსებით თვითონ წყვეტს საკუთარ ბედს და ადგილს ამ ქვეყნის ნამდვილ ისტორიაში!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები