მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რა მოხდა 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში?! (ნაწილი III)

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რა მოხდა 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში?! (ნაწილი III)

(ნაწილი I იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3L4SnEF)

(ნაწილი II იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3LspJ0q)

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1983; გარდ. 2008)

კრების დადგენილება იყო ერთსულოვანი და მათ თავიანთი მოთხოვნებიც წამოაყენეს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული კრებისა და მისი დადგენილებისა, 1983 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა უმძიმესი მორალურ-ზნეობრივი ბრალდებით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი განკვეთა სამღვდელმთავრო ხარისხიდან და ის ბერობამდე დაიყვანა. ლოგიკურად, მღვდელმთავრის ხარისხიდან განკვეთილი ყოფილი მიტროპოლიტი ნიკოლოზი გადააყენეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრიდან და გამოიყვანეს წმიდა სინოდის შემადგენლობიდან.

მიტროპოლიტყოფილი ნიკოლოზისთვის ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა წმიდა სინოდის ხსენებული განჩინება. მღვდელმთავარყოფილი თავისი მდგომარეობის გამო, წერილებს წერდა საერო მთავრობის სახელზე. 1985 წლის 16 მაისს ერთ-ერთი ასეთი წერილი მან მისწერა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ რესპუბლიკაში, ანზორ ნიკოლოზის ძე წიკლაურს. „პატ. ანზორ ნიკოლოზის ძევ, ვიმყოფები რა უდანაშაულოდ შეურაცხყოფილი და დასჯილი, მე, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მოგმართავთ თქვენ ყურადღებისა და გადაუდებელი დახმარებისათვის. 1983 წლის 3 ოქტომბერს ქართული ეკლესიის სინოდმა, სრულიად უსაფუძვლოდ დაეყრდნო რა მიტროპოლიტ შ. ავალიშვილისა და ეპისკოპოს ა. ქათამაძის მიერ შეთხზულ ბოროტ მონაჭორს, რაიმე რეალური საბუთისა, ან მამტკიცებელი ფაქტის გარეშე, ჩამომართვა მიტროპოლიტის ხარისხი და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველობა… უხეშად დაირღვა საეკლესიო კანონმდებლობა…“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.521, ფურც.4).

მიტროპოლიტყოფილი ნიკოლოზი თავის წერილში რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულისადმი ჩამოთვლის იმ საეკლესიო კანონებს, რომლის მიხედვითაც, მისი აზრით, მისდამი გამოტანილი განაჩენი უსაფუძვლო და უკანონოა. „სინოდის უცვლელი თავმჯდომარე ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი. ზემოთ ხსენებულ სინოდის სხდომას კი ხელმძღვანელობდა მიტრ. შიო ავალიშვილი. მან წამოაყენა ბრალდება, მანვე განიხილა საკითხი და მანვე მიიღო გადაწყვეტილება… საჭიროდ ვთვლი მოგახსენოთ, რომ მრავალი წელი პატიოსნად და კეთილსინდისიერად ვასრულებდი ეკლესიის მიერ დაკისრებულ მოვალეობასა და ვალდებულებას. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ჩემი მოღვაწეობა ეკლესიის საგარეო საქმეთა საკითხში… არასოდეს არ მიმიღია ჩემს მოღვაწეობაში შენიშვნა, ან საყვედური ზემდგომი ორგანოებისგან. ჩემი მოღვაწეობით კმაყოფილი ბრძანდებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რისი დამადასტურებელი ფაქტია ჩემი მაღალი საეკლესიო წოდება და მრავალი საეკლესიო ჯილდო და მადლობა… მე გახლდით პირველი ოფიციალური საეკლესიო პირი, ვინც აღადგინა ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან და ვინც ჩვენი დიდი მამულიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის შემდეგ, მიიღო ოფიციალურად რომის პაპმა იოანე-პავლე მეორემ… ბოროტმა ძალებმა მოინდომეს ჩემი სახელის საერთოდ ეკლესიის ისტორიიდან ამოშლა, მაგრამ დაავიწყდათ მთავარი, რომ ჩემი სახელი, როგორც მღვდელმთავრისა და საერთოდ, საეკლესიო მოღვაწისა, ფიქსირებულია და მოხსენებული მთელი ამ წლების მანძილზე საეკლესიო დოკუმენტებსა და მასალებში და ისტორია თავისას აღნიშნავს… მე იძულებული გავხდი მიმემართა მართლმსაჯულებისათვის… რწმუნებულის მოადგილის, რ. ტატიშვილის რჩევითა და მითითებით და რაც მთავარია დაპირებით, რომ ჩემი აღდგენა მოხდებოდა უმოკლეს ვადაში და აჯობებდა საქმე მოგვარებულიყო სასამართლოს გარეშე… მე შევწყვიტე საქმე. გადის დრო და ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მე აღმოვჩნდი მოტყუებული. თითქმის ორი წელი გავა მალე და საქმეს კი დასასრული არ უჩანს… არაფერი შემრჩა ხელში. უმორჩილესად გთხოვთ, მიიტანოთ გულთან ჩემი გასაჭირი. მე განადგურებული ვარ, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად. ვარ 53 წლისა. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა ცხოვრების დაწყება…“, – აღნიშნავდა მიტროპოლიტყოფილი ნიკოლოზი (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.521, ფურც.6-9).

1986 წლის 15 სექტემბერს მღვდელმთავარყოფილმა ნიკოლოზმა წერილი გაუგზავნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს. წერილში მიტროპოლიტყოფილი წერს: „ვიმყოფები რა უდანაშაულოდ დასჯილი და შეურაცხოფილი და რაც მთავარია, ვერ მივაღწიე სამართალს ვერც ეკლესიაში და ვერც ერში, მე, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მოგმართავთ თქვენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ყურადღებისა და დახმარებისათვის. მართალია, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და სკოლა ეკლესიისაგან, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მომემართა თქვენთვის დახმარებისათვის, განაპირობა თქვენმა უდიდესმა პატრიოტულმა მოღვაწეობამ და მამობრივმა დამოკიდებულებამ ჩვენი რესპუბლიკისა და მისი ყოველი მშრომელის მიმართ, იმ უდიდესმა ძვრებმა, რაც ხდება ჩვენი რესპუბლიკის ცხოვრების ყველა სფეროში… 1983 წლის 3 ოქტომბერს ქართული ეკლესიის სინოდმა, სრულიად უსაფუძვლოდ, დაეყრდნო რა მიტრ. ავალიშვილისა და ეპ. ქათამაძის (რომელთაც ჩემს მიმართ ჰქონდათ შური და მტრობა) ბოროტ მონაჭორს, რომელთაც ცილი დამწამეს სოდომურ ცოდვაში, რაიმე რეალური საბუთისა ან მამტკიცებელი ფაქტის გარეშე, ჩამომართვა მიტროპოლიტის ხარისხი და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველობა, ასევე გამანთავისუფლა საქართველოს ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობისაგან… უმორჩილესად გთხოვთ, მიიტანოთ გულთან ჩემი გასაჭირი. მე განადგურებული ვარ, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად. ეკლესიიდან გაძევებული, ფაქტიურად აღმოვჩნდი ქუჩაში, უსახლკარო, მატერიალური სახრების გარეშე. შევეკედლე დას, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდია, შეპყრობილია მძიმე დაავადებით და ჰყავს მცირეწლოვანი შვილები… ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ცხოვრების თავიდან დაწყება. გთხოვთ, მისცეთ მითითება ეკლესიის საქმეთა რწმუნებულს, ობიექტურად მიუდგნენ ჩემი ეკლესიაში დაბრუნების საკითხს…“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.553, ფურც.18,20).

1986 წლის 26 ნოემბერს მიტროპოლიტყოფილმა ნიკოლოზმა წერილით მიმართა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ოთარ ჩერქეზიას. წერილში მღვდელმთავარყოფილი წერს: „მოგმართავთ თხოვნით და გაწუხებთ, გართმევთ თქვენთვის ესოდენ საჭირო დროს, მაგრამ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ მაქვს. ამავე დროს მწამს თქვენი გულისხმიერებისა და ყურადღების, რომ ჩემს თხოვნას არ დასტოვებთ სათანადო რეაგირების გარეშე. მე გახლავართ საეკლესიო პირი, საქართველოს ეკლესიის მიტროპოლიტი, 1983 წლის 3 ოქტომბრამდე მეკავა ქუთაის-გაენათის ეპარქიის საეპისკოპოსო კათედრა და იმავე დროს ვხელმძღვანელობდი საქართველოს ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას… 1983 წლის 3 ოქტომბრის სინოდის გადაწყვეტილებით, ჩამომართვეს სამღვდელმთავრო ხარისხი, გამანთავისუფლეს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოვალეობისგან… ჩემი აღდგენის საკითხი ჭიანურდება… მრავალჯერ მივმართე ეკლესიის საქმეთა რწმუნებულს საქ. სსრ-ში, თხოვნით, აღმოეჩინათ სათანადო დახმარება, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. გთხოვთ თქვენ, ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს, აღმომიჩინოთ საჭირო დახმარება და მიიღოთ სათანადო ზომები“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.553, გვ. 14-15). აღნიშნულ წერილში ო. ჩერქეზიასადმი მიტროპოლიტყოფილი ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ თავად არ ესწრებოდა წმიდა სინოდის 1983 წლის 3 ოქტომბრის სხდომას, რომელზეც ის განკვეთეს მღვდელმთავრის ხარისხიდან. მღვდელმთავარყოფილის მიერ საერო კომუნისტური მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისადმი მიწერილი საჩივრები სამწუხარო გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რადგან საერო ხელისუფლებას, რომელსაც ფაქტობრივად მტრული დამოკიდებულება გააჩნდა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, კიდევ მეტად უძლიერებდა საბაბს, რათა კვლავ უხეშად და საეკლესიო კანონმდებლობისათვის მიუღებელი წესებით ჩარეულიყო ეკლესიის საშინაო საქმეებში. სამწუხაროდ, მიტროპოლიტყოფილიც ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე, რათა თავი შეეკავებინა თავისი მშობლიური ეკლესიისათვის არ ეჩივლა ათეისტურ მთავრობაში, თუმცა, განკვეთილი პირის წუხილი ფარავდა აღნიშნულ აღქმას…

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მიტროპოლიტყოფილ ნიკოლოზის მიმართ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება უცვლელი დარჩა… 1986 წლის 3 დეკემბერს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულმა საქართველოს სსრ რესპუბლიკაში, ანზორ წიკლაურმა წერილობითი სახით აცნობა მღვდელმთავარყოფილ ნიკოლოზ მახარაძეს: „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში და ჩვენთან შემოსულ თქვენს განცხადებებზე მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენის თაობაზე გაცნობებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრთა უმრავლესობა წინააღმდეგია თქვენი მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენისა, ხოლო რწმუნებულის აპარატი, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არ არის უფლებამოსილი ხსენებულ საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.553, ფურც.21).

საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებისადმი გაგზავნილ ცნობაში რელიგიის საქმეთა რწმუნებული ანზორ წიკლაური წერდა: „კრიმინალური და დამნაშავე პირების ქართულ ეკლესიაში თარეშის ფაქტი ამჟამად არ შეიმჩნევა. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა 1978-1980 წლებში… 1982 წელს მამათმავლობისათვის ეკლესიიდან განდევნილი იქნა 2 მაღალი წოდების მღვდელმსახური, მიტროპოლიტი მახარაძე და ეპისკოპოსი ანანიაშვილი, ხოლო მათგან I (ანანიაშვილი) მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში“ (ს.ს.ს.ა. 7720, ახ.აღწ. გვ.18). რწმუნებული შეცდომით უთითებს მიტროპოლიტ ნიკოლოზისა და მთავარეპისკოპოს იოანეს განკვეთის წელს. ისინი განიკვეთნენ 1983 წელს.

1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი კვლავ მიუბრუნდა ბერ ნიკოლოზის (ბერ იოანე ანანიაშვილთან ერთად) საკითხსა და განიხილა მისი თხოვნა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენის შესახებ, რაზეც წმიდა სინოდმა განაჩინა: „წმიდა სინოდმა ბერი ნიკოლოზის (მახარაძე) და ბერი იოანეს (ანანიაშვილი) მოსმენის შემდეგ განაჩინა, უარი ეთქვათ მათ სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენაზე”.

მიტროპოლიტყოფილმა, ბერმა ნიკოლოზმა (მახარაძე) გადაიტანა ინფარქტი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუწია მკურნალობა. მედავითნეობდა ზედაზნის მონასტერსა და თბილისში, ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ტაძარში. გარდაიცვალა 2008 წლის 5 ივლისს. დაიკრძალა ამავე წლის 8 ივლისს, ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის გალავანში. 1998 წლის 4 სექტემბერს მიტროპოლიტყოფილ ნიკოლოზს ანდერძი შეუდგენია, რომელშიც წერს: „უფალს შევსთხოვ შეუნდოს ყველას, ვინც მიმტრო და არ გამიტანა ცხოვრებაში. ვისაც ჩემი კეთილშობილებისა შურდა, მეტი მე არაფერი გამაჩნდა. მთელი ჩემი სიცოცხლე პირნათლად ვემსახურე ღმერთს და ადამიანებს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩამინერგა ჩემი ხალხის, ჩემი ქართული ეკლესიისა და სამშობლოს უდიდესი სიყვარული და თუ ცხოვრებამ არ გამიმართლა, ბედნიერი ვარ, რომ ღვთის სიყვარული ყველა სიყვარულზე ძლიერი აღმოჩნდა. ადამიანებმა სწორედ ეს ვერ წამართვეს, რადგანაც უფალსაც ძლიერ ვუყვარდი და ვებრალებოდი. ღმერთო, დამიმკვიდრე სასუფეველი! მხოლოდ უფლის და ჩემი ხალხის სიყვარულმა გამაძლებინა ამქვეყნად. ვლოცავ წმ. ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებას, მრევლს და შევსთხოვ უფალს, არავის მოაკლოს მადლი და წყალობა“.

(დასასრული)

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები