მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რუსთაგან წამებით მოკლული ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რუსთაგან წამებით მოკლული ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი

წმიდა მღვდელმოწამე, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი; +1820)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღსავსეა ერისა და ეკლესიისთვის თავგანწირული იერარქების მოღვაწეობით. სწორედ მათმა თავდადებამ და არც თუ იშვიათად მოწამეობრივმა აღსასრულმა უმნიშვნელოვანესი მისია და როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიულ განვითარებაში, მომხვდური მტრებისაგან განთავისუფლებაში.

მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული და საპატიო ადგილები უჭირავთ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს გამგებელს, ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოსსა (წერეთელი) და გაენათელ მიტროპოლიტს ეფთვიმეს (შარვაშიძე).

ამჯერად თავგანწირული ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოსის ცხოვრებასა და ღვაწლზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის (1927 წლიდან ქუთაის-გაენათის) კათედრას მუდამ ერთ-ერთი გამორჩეული და წამყვანი ადგილი უჭირავს. დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოში, კათოლიკოსის კათედრის შემდეგ, ქუთაისის სამიტროპოლიტო უპირატესი კათედრა იყო. ქუთაისის სამღვდელმთავრო იმდენად ძველია, რომ მისი დაარსების კონკრეტული თარიღი დღემდე უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. პავლე ინგოროყვა ქუთაისში საეპისკოპოსო კათედრის დაარსების თარიღად მეცხრე საუკუნეს მიიჩნევდა, აფხაზეთის მეფის დემეტრე მეორეს ზეობის ხანას (825-861 წ.წ.) მიიჩნევდა. ნიკო ბერძენიშვილი კი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნას ასახელებდა, ბაგრატის კათედრალის კურთხევის თარიღთან (1003 წ.) ახლოს. ქუთაისის სამღვდელმთავრო ვრცელ ტერიტორიულ არეალს მოიცავდა და იგი სამხრეთ-დასავლეთით აჭარის ტბეთამდე ვრცელდებოდა. ასევე, მის საზღვრებში იყო ამჟამინდელი გურია, ვიდრე მეთერთმეტე საუკუნის მიწურულამდე. ცნობილია, რომ მეფე თამარს სამეფო გვირგვინი დაადგა ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირის ძემ. „შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთ-იმერთაგან იყო დადგმად გვირგვინისა თავსა სამეფოსა, აწვიეს მონაზონი, მადლით შემოსილი მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირის ძე მიღებად გვირგვინისა. ამ ცნობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთიანი საქართველოს მეფეებს, კურთხევის ჟამს ქუთათელი მღვდელმთავარი ადგამდა სამეფო გვირგვინს.

მიტროპოლიტი დოსითეოსი ქუთაისის უძველესი და ისტორიული კათედრის ერთ-ერთი გამორჩეული და ეპოქალური მღვდელმთავარი გახლდათ. იგი ერისკაცობაში იყო თავადი დავით ნიკოლოზის ზე წერეთელი, ზემო იმერეთის თავად წერეთელთა საგვარეულოდან. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი დაიბადა მეთვრამეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში. მიტროპოლიტ დოსითეოსის მამა, ნიკოლოზ წერეთელი ზემო იმერეთის სარდალი იყო. მას ხუთი ვაჟიშვილი ჰყავდა.
მიტროპოლიტი დოსითეოსი 1781 წელს დადგინდა ქუთათელ მღვდელმთავრად. 1795 წლიდან იგი იყო აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს) გამგებელი ანუ საკათოლიკოსო ტახტის მოსაყდრე.

მიტროპოლიტ დოსითეოსის კათოლიკოსად აღსაყდრების ცნობა არ არსებობს. შესაბამისად, ქართულ ისტორიოგრაფიაში მოიაზრება, რომ იგი მხოლოდ გამგებლის სტატუსით განაგებდა აფხაზეთის საკათოლიკოსოს, თუმცა არსებობს წერილები, სადაც მას ულოცავენ კათოლიკოსის პატივის მინიჭებას. დარეჯან დედოფლის 1797 წლის 26 აპრილით დათარიღებულ მისალოც წერილში ნათქვამია: „დოსითეოსს, მათ უწმიდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს… მესმა ხმა ესე, რომელიც ადრიდგანვე საწადელ ჩემდა იყო, ყოვლადსამღვდელოებისა თქვენისა აღსვლა ხარისხსა ზედა უწმიდესობისასა. მოულოცავ უწმიდესობასა თქვენსა. არსებობს ასევე 1798 წლით დათარიღებული წერილი, რომელსაც ხელს აწერს იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, რომელშიც აღნიშნულია: „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოს კათოლიკოზობა /ვ/უბოძეთ.

ისტორიკოსი გოდერძი ვაჭრიძე წერს: „დოსითეოს ქუთათელს სოლომონ მეორემ კათოლიკოსობა კი უბოძა, მაგრამ კურთხევა მოხდა თუ არა, ამისი დამადასტურებელი საბუთები მოსაძებნია“. ისტორიკოსი ლევან ტყეშელაშვილი წერს: „დღესდღეობით არ არსებობს არანაირი საბუთი, სადაც მიტროპოლიტი დოსითეოსი თავის თავს კათოლიკოსად იხსენიებს“. ისტორიკოსები გიორგი მჭედლიძე და მერაბ კეზევაძე კი აღნიშნავენ: „დოსითეოსის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ დოკუმენტებში იგი მხოლოდ ქუთათელ მიტროპოლიტად იწოდება და არც ერთხელ კათალიკოსად, თუმცა, როგორც ჩანს, იგი საკათალიკოსოს სავსებით უუფლებო განმგებელი არ ყოფილა. მის განკარგულებაში იყო გადასული საკათალიკოსოს მამულები იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმერეთის მეფის კომპეტენციაში რჩებოდა. მას მხარდამჭერები ჰყოლია საქუთათლოს გარეთაც. მაგალითად, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბესარიონი 1801 წლის 27 დეკემბერს დოსითეოსისთვის მიცემულ პირობის წიგნში, მას, როგორც ქუთათელ მიტროპოლიტს მიმართავს, მაგრამ ეფიცება, რომ თუ მეფე მოინდომებდა დოსითეოსისთვის ბოძებული წყალობის (ალბათ, იგულისხმება კათოლიკოსობის ბოძება) აღსრულებას, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მთელ მის ძმობასთან (ე.ი. საეპისკოპოსოს სამღვდელოებასთან) ერთად გულმოდგინედ ეცდებოდა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მტრულად არ მოქცეოდა მას. მეუფე დოსითეოსის წოდება ამგვარი იყო: „ყდ სამღვდელო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, გამგებელი საკათალიკოსოსა“.

1785 წელს იმერეთის მეფე დავით მეოთხე გიორგის ძე, ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოსს მიმართავას წყალობის წიგნით, რომელშიც აღნიშნულია: „დიდითა ერთგულებითა მეფობასა ჩვენსა ფრიად მსახურე და ჩვენისა ამაღლებისა და წარმატებისათვის მარადის მოსწრაფე იყავ“.

ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოსის, როგორც დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს სრულუფლებიანი გამგებლის შესახებ მიუთითებს ის ფაქტი, რომლის მიხედვით მან აღადგინა ხინოწმინდის ეპარქია და ხელი დაასხა მის მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ დავითს (წერეთელი), რომელიც მიტროპოლიტ დოსითეოსის ბიძაშვილის, ზურაბ წერეთლის ვაჟი იყო. აღნიშნული გარემოება მეტყველებს, რომ დოსითეოს ქუთათელი სრულუფლებიანად მწყემსმთავრობდა აფხაზეთის საკათოლიკოსოს.

აღსანიშნავია ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოსის განსაკუთრებული ყურადღება ჯრუჭის მონასტრისადმი, რომელიც თავად წერეთელთა საგვარეულო საძვალე იყო. 1792 წელს მიტროპოლიტ დოსითეოსის ღვაწლით დაამზადეს და შეამკეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის დიდი ჯვარი. 1797 წელს დოსითეოს ქუთათელმა განაახლა კაცხის-მონასტრის სიგელ გურჯები. 1803 წელს მისი მზრუნველობით დაისტამბა „საღმრთო და სამღვდელო სახარება ვნების კვირიაკისა“. მიტროპოლიტი დოსითეოსი ღვაწლმოსილად და თავდადებულად მოღვაწეობდა ქუთაისის კათედრაზე…

საქართველოს არსებობის ისტორიაში დადგა ერთ-ერთი უმძიმესი ჟამი – რუსეთის იმპერიის კოლონიალისტური უღელი… იმპერატორ ალექსანდრე პირველის 1801 წლის მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო. 1810 წელს რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმდა იმერეთის სამეფო, რომლის უკანასკნელი მეფე სოლომონ მეორე ოსმალეთში გადაიხვეწა. 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს, ხოლო 1814 წელს – ლიხთ-იმერეთისა და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს სახით. 1815 წლის 30 აგვისტოს შეიქმნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. ეგზარქოსი მთავარეპისკოპოსი ვარლამი (ერისთავი) უკვე მთელ საქართველოზე ახორციელებდა საეკლესიო მმართველობას. 1817 წელს იგი რუსეთში გაიწვიეს და საქართველოს ეგზარქოსად რუსეთმა დაადგინა მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე რუსანოვი, რომელმაც დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს თორმეტი ეპარქიის გაერთიანების გზით შექმნა სამი ეპარქია. ეგზარქოსი თეოფილაქტე ჩავიდა იმერეთში და შეუდგა საეკლესიო რეფორმების გატარებას, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებს, სხვადასხვა სახის გადასახადების გაზრდით, რამაც სასულიერო იერარქიისა და სამღვდელოების და ასევე საეკლესიო აზნაურების უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულმა უკმაყოფილებამ სათავე დაუდო 1819-1820 წლების დიდ სახალხო აჯანყებას, რომელიც გასცდა საეკლესიო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლად გადაიქცა. „აჯანყებას წამმართველი და ხელმძღვანელი ძალა გამოუჩნდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ: სოლომონ პირველის შვილიშვილი, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟი – ივანე აბაშიძე, მღვდელმთავრები – დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გელათელი, ბეჟან წერეთელი, სეხნია წულუკიძე, გიორგი წულუკიძე, მერაბ იაშვილი და სხვ. დაწყებული აჯანყების მიზანიც გაფართოვდა. თანდათან გავრცელდა ლოზუნგი „სამშობლოს თავისუფლება“. აჯანყებულებმა სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა და იმერეთის სამეფოს აღდგენა მოითხოვეს“. ასევე, აჯანყების ერთ-ერთი მოთავე იყო ხონელი მთავარეპისკოპოსი ანტონი (ჩიჯავაძე). „ყდ სამღვდელო მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე, გაენათელ წმ. მიტროპოლიტ ეფთვიმესა (შარვაშიძე) და ქუთათელ წმ. მიტროპოლიტ დოსითეოსთან (წერეთელი) ერთად არის 1819-1820 წლებში იმერეთში რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი“.

1820 წლის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ სამხედრო ნაწილების გარკვეულ რაოდენობას მოუყარა თავი იმერეთში და აჯანყებულების წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედება წამოიწყო. მიტროპოლიტები დოსითეოსი და ეფთვიმე მიუღებელი პიროვნებები და მაღალიერარქები აღმოჩნდნენ რუსეთის იმპერიის მოხელეებისათვის და მეტადრე, საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტესათვის, რომელსაც მფარველობას უწევდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ახლო მეგობარი, რუსეთის სახალხო განათლებისა და სასულიერო საქმეების მინისტრი ა. გოლიცინი. ეს უკანასკნელი მისთვის მიუღებელ იერარქებს იმპერიის სხვადასხვა ადგილებში გზავნიდა. სწორედ გოლიცინმა გამოიტანა განაჩენი, რომ ქუთათელი და გაენათელი მიტროპოლიტებისთვის სამშობლო დაეტოვებინა, მით უფრო, რომ ისინი მიიჩნიეს 1819 წელს იმერეთში მომხდარი საეკლესიო აჯანყების მოთავეებად. 1820 წლის 15 თებერვალს ა. ერმოლოვმა შეატყობინა ეგზარქოს თეოფილაქტეს, რომ მიტროპოლიტების დოსითეოს ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის ნოვგოროდში გადასახლების შესახებ თანხმობა უკვე მიიღო სასულიერო საქმეთა და სახალხო განათლების მინისტრის ა. გოლიცინისგან.

1820 წლის 16 თებერვალს რუსი პოლკოვნიკი პუზირევსკი, რუს გენერალ ველიამინოვს წერს: „მიტროპოლიტი ქუთათელი ამჟამად ცხოვრობს სოფელ მაღლაკში, ქუთაისიდან 8 კილომეტრის დაშორებით… ეს საქმე დავალებული აქვს მაიორ ოსტროუხოვს, რომელიც გუშინ უკვე იყო მაღლაკში და ელაპარაკა ქუთათელს, ჩემს მიერ დაქირავებული მთიბავების შესახებ. მის შესაპყრობად გამოყოფილია ასი ეგერი და თხუთმეტი კაზაკი გუბისწყლის პოსტიდან. თუ კი იქნება საჭიროება, მონაწილეობას მივიღებ პირადად… 23 თებერვალს, გენერალი ველიამინოვი, პოლკოვნიკ პუზირევსკის წერს: „ყველაზე უფრო საშიშია, რომ არ გაიგონ მიტროპოლიტების სიკვდილი, რომელთა მკვლელობაც ააღელვებს ხალხს, სამღვდელოებასა და თავადებს. ასევე, ცუდად იმოქმედებს ეს ფაქტი ჩვენს ჯარისკაცებზედ, რომელთაც რწმენა აქვთ სამღვდელოებისა. თუ კი ჩვენდა საუბედუროდ გამჟღავნდება, არავითარ შემთხვევაში, არც ერთის სხეული არ დატოვოთ იმერეთში, არ დამარხოთ! ასევე, არ ჩააგდოთ გვამები მდინარეში, თორემ სწრაფ მდინარეს შეუძლია სხეული ზემოთ ამოიტანოს. აუცილებლად მიიტანეთ სხეულები კაიშაურამდე, სადაც შეიძლება ისინი მიაბაროთ მიწას.

1820 წლის 4 მარტს, დიდი მარხვის ჟამს, რუსეთის იმპერიის ოფიციალურმა მოხელეებმა შეიპყრეს: სოფ. მაღლაკში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციაში – ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და გელათის მონასტერში – გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე. ქუთათელთან ერთად, ასევე შეიპყრეს ტაბაკინის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლი (ცქიტიშვილი). მხცოვან მიტროპოლიტ დოსითეოსს, რუსებისთვის წინააღმდეგობა გაუწევია, რის გამოც, იგი სასტიკად ცემეს, დაჩხვლიტეს ხიშტებით, დასისხლიანებულს შეუკრეს ხელები და ტომარა ჩამოაცვეს… გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფთვიმემ შეინარჩუნა სიმშვიდე, თუმცა რასაკვირველია, დიდი გაოცება გამოხატა მისი ძალით შეპყრობის გამო.

მიტროპოლიტ დოსითეოსის საფლავი ანანურის ტაძარში

მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი ნაცემ-ნაწამებნი და ნაგვემნი რუსეთის გზას გაუყენეს… მხცოვანმა ქუთათელმა ვერ გაუძლო ტანჯვასა და გზაში, სურამსა და გორს შუა აღესრულა, 8 მარტს, დილის 5 საათზე. აღნიშნული ფაქტი შეატყობინეს ეგზარქოს თეოფილაქტეს, რომელმაც ბრძანა, რომ წამებისგან გარდაცვლილი მიტროპოლიტ დოსითეოსის ცხედარი გადაეცათ გზაში პირველივე ტაძრის მოძღვრისათვის და დაეკრძალათ ქრისტიანული წესით, ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე. 1822 წლის 14 ივნისს არქიმანდრიტი გრიგოლი (ცქიტიშვილი) წერდა: „კურთხეულ ქუთათელს ერთი დღის სავალის მეტს არ გამოუვლია ცოცხალს, სურამს მიიცვალა. მე რომ არ დავსწრებოდი, უზიარებელი დარჩებოდა, რომელიც ღმერთმან შემაძლებინა, მოვუარე და ვემსახურე“. მიტროპოლიტი დოსითეს ქუთათელი საიდუმლოდ დაფლეს ანანურის ტაძარში. თედო ჟორდანიას ცნობით, იგი დაკრძალულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის წინ, ორი არშინნახევრით დაშორებული.

გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფთვიმემ ჩააღწია რუსეთამდე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) წერდა: „იმპ. ალექსანდრე პირველმა მოისურვა მისი ნახვა. ჩაიყვანეს პეტერ-ბურღში, იმპერატორმა დიდი ზეიმით და პატივით მიიღო, მაგრამ ამისთვის არ მოერიდა ემხილებინა საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისა და სამშობლოს დამცველების წამებისათვის, მას უწოდა ახალი ნერონი. ეს იყო მიზეზი, რომ იგი გააგზავნეს ალექსანდრე სვირის მონასტერში, ოლონეცკის გუბერნიაში, სადაც განისვენა და დასაფლავებულია. მიტროპოლიტი ეფთვიმე გაენათელი აღესრულა 1822 წლის 21 აპრილს. 2005 წლის 27 მარტს იგი გადმოასვენეს საქართველოში და ამავე წლის 9 აპრილს გელათის მონასტერში დაკრძალეს პატივით.

1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველივე კრებამ პატივი მიაგო თავგანწირულ მიტროპოლიტებს დოსითეოსსა და ეფთვიმეს. აღნიშნული კრების ძეგლისწერაში ვკითხულობთ: „მოიხსენიეს ეკლესიის თავისუფლებისათვის თავგანწირული დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გელათელი“.

2005 წლის 27 ივნისს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) წარგინებით წმიდანებად კანონიზირდნენ ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი) და გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე) და ეწოდათ მათ წმიდა მღვდელმოწამენი. წმ. დოსითეოს ქუთათელის ხსენების დღედ დადგინდა 19 მარტი (ახ. სტ.), ხოლო წმიდა ეფთვიმე გაენათელის ხსენების დღედ – 4 მაისი (ახ. სტ.).

მიტროპოლიტები დოსითეოსი და ეფთვიმე სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის სათავეებთან მყოფებად, რომლებმაც რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიისთანავე ჩაუყარეს საფუძველი დიდ ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობას, რაც საკუთარი თავგანწირვით გაამყარეს.

მათი მეოხება მოუკლებლად ყოფილიყოს ჩვენს მრავალსაუკუნოვან სამშობლოსა და საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიასა ზედა.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

კომენტარები