მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – იმერეთის ეპისკოპოსის საფლავი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – იმერეთის ეპისკოპოსის საფლავი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

ყოვლადუსამღვდელოესი იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი; +1900)

ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე 1871-1924 წლებში არსებულ ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობორო) დაკრძალული გახლდათ ყოვლადუსამღვდელოესი იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი).

ეპისკოპოსი ბესარიონი დაიბადა 1832 წელს ზუგდიდში. ის იყო სამეგრელოს მთავრის, მანუჩარ დადიანის შვილისშვილი. ბერად აღიკვეცა 1849 წლის 6 აგვისტოს. იმავე წელს ხელდასხმული იქნა ბერდიაკვნად, ხოლო 1857 წლის 16 ნოემბერს – მღვდელმონაზვნად. 1860 წლის 20 მარტს დანიშნეს ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად, 1865 წლის 7 დეკემბერს კი გელათის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1874 წლის დეკემბერში გამოარჩიეს იმერეთის ეპარქიაში შემავალი სამეგრელოს სავიკაროს მღვდელმთავრად. 1875 წლის 12 ნოემბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1886 წლის 1 მარტიდან ეპისკოპოსი ბესარიონი ალავერდის სავიკაროს განაგებდა. 1895 წელს იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო, ეპისკოპოსი ბესარიონი იმერეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1896 წელს, ეპისკოპოს გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ, ეპისკოპოსი ბესარიონი დადგინდა იმერეთის მღვდელმთავრად, ასევე განაგებდა ალავერდის სავიკაროს. 1898 წლიდან მეუფე ბესარიონი მართავდა მხოლოდ იმერეთის ეპარქიას. 1898 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „ხელმწიფე იმპერატორმა იმერეთის ეპისკოპოსად საქართველოს ეპარქიის მეორე ვიკარი, ყოვლადსამღვდელო ბესარიონი დაამტკიცა“.

ყოვლადუსამღვდელოესი იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი ღმრთივმიიცვალა 1900 წლის 3 აგვისტოს. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ მეუფე ბესარიონის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა: „ქუთაისიდან სამწუხარო ამბავი მოვიდა: 3 აგვისტოს, ღამით გარდაიცვალა იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი). განსვენებული კარგა ხანია ავადმყოფობდა“.

1900 წლის 9 აგვისტოს განსვენებული ეპისკოპოსი ბესარიონი ქუთაისის სამღვდელმთავრო რეზიდენციიდან გადაასვენეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, სადაც მას წესი აუგეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე; აწ წმიდანად კანონიზირებული) და ეპისკოპოსმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდემ (ოქროპირიძე), სხვა სასულიერო პირებთან ერთად. იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი ქუთაისის საკათედრო ტაძარში გადასვენებიდან მესამე დღეს დაიკრძალა ამავე ტაძარში.

განვლო დრო-ჟამმა… 1921 წელს საქართველოში დამყარდა ათეისტური საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც დევნიდა ქრისტეს ეკლესიას, ანგრევდა ტაძრებსა და მონასტრებს. 1923 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ დახურა ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომელიც დაანგრიეს 1924 წლის ზაფხულში. იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევისას არ გადაუსვენებიათ და ის დღესაც ამ ადგილზე ანუ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე განისვენებს.

ალბათ ქუთაისში ბევრმა ადამიანმა არ იცის, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაადგილდება, ამ ტერიტორიაზე არის იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონის საფლავი.

სიმბოლურია, რომ დღეს, 2022 წლის 3 აგვისტოს, ეპისკოპოს ბესარიონის გარდაცვალებიდან 122 წელი შესრულდა.

უფალმა წმიდათა თანა დაამკვიდროს ეპისკოპოს ბესარიონის უკვდავი სული. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები