მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – სამღვდელმთავრო რეზიდენცია, რომელიც აღარ არსებობს

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – სამღვდელმთავრო რეზიდენცია, რომელიც აღარ არსებობს

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაის-გაენათის სამიტროპოლიტო კათედრა ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი, უძველესი და ისტორიულია.

ქუთაისის კათედრა იმდენად ძველია, რომ მისი დაარსების ზუსტი თარიღიც კი უცნობია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ახალი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულზე მოდის.
ქუთათელი მიტროპოლიტი მუდამ უმნიშვნელოვანეს როლსა და მისიას ასრულებდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ყოფა-ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ მეფე თამარს, სამეფო გვირგვინი დაადგა ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირისძემ. ქუთაისის კათედრა და შესაბამისად, ქუთათელი მღვდელმთავარი პირველ ადგილზე გახლდათ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს დიპტიქში და ვინაიდან, იმხანად არსებობდა კათედრათა შორის უპირატესობა, ქუთათელი მღვდელმთავარი, როგორც უპირატესი კათედრის მმართველი, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ, უპირატესი მღვდელმთავარი გახლდათ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოში.

ქუთათელ მღვდელმთავართა მთავარი რეზიდენცია მდებარეობდა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძრის ეზოში. ეს ტერიტორია იწოდებოდა არქიელის გორად და დღესაც შემორჩენილია მისი ეს სახელწოდება. სამღვდელმთავრო რეზიდენცია გადმოჰყურებდა ქალაქს. ამ ადგილზე ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან (სავარაუდოა, რომ გაცილებით ადრე აიგო) ფიქსირდება სამღვდელმთავრო სახლი, სადაც იმხანად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთათელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი (წერეთელი), რომელიც 1781-1820 წლებში განაგებდა ქუთაისის სამიტროპოლიტოს, ხოლო 1795-1814 წლებში იყო დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი.

მას შემდგომ, რაც 1820 წელს რუსეთის იმპერიამ შეიპყრო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი) გზაში ცემითა და წამებით მოკლეს რუსებმა) და გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე) გადაასახლეს რუსეთში), რუსეთის ეკლესიის სინოდის 1821 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით დასავლეთ საქართველოში შეიქმნა მსხვილი საეკლესიო დიოცეზი – იმერეთის ეპარქია. ამის შემდგომ ქუთათელ მღვდელმთავართა რეზიდენცია (სახლი) გახდა იმერეთის მღვდელმთავართა სამყოფელი, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ: იმერეთის მთავარეპისკოპოსი სოფრონი (წულუკიძე; 1821-1845), იმერეთის მიტროპოლიტი დავითი (წერეთელი; 1845-1853).

1853 წლიდან იმერეთის ეპარქიის მმართველად დადგინდა ეპისკოპოსი ექვთიმე (წულუკიძე), რომელიც 1856 წლამდე განაგებდა იმერეთის ეპარქიას. ბაგრატის საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ძველი რეზიდენციის ადგილზე, 1854 წელს ეპისკოპოსმა ექვთიმემ, რუსეთის ეკლესიის სინოდის ნებართვის გარეშე, წამოიწყო ახალი რეზიდენციის აგება. შენობის ბალავრის ამოყვანა დასრულდა იმავე წლის 27 ნოემბერს. 1856 წელს იმერეთის ეპარქიის მმართველად დაადგინეს ეპისკოპოსი გერმანე (გოგოლაშვილი), რომელიც 1860 წლამდე მართავდა იმერეთის ეპარქიას. ეპისკოპოს გერმანეს მღვდელმთავრობისას იმერეთში, 1858 წლის 25 თებერვალს, ბაგრატის ტაძრის ეზოში, ძველი სამღვდელმთავრო სახლის ადგილზე აგებული ახალი სამღვდელმთავრო რეზიდენცია ჩაიბარა სპეციალურმა კომისიამ. (ი. ლორთქიფანიძე: 2019).

გაზეთ “ჩვენს ქვეყანაში” 1918 წელს მოხსენიებულია ქუთაისის სამიტროპოლიტო საბჭოსა და ქუთათელი მიტროპოლიტის რეზიდენციის მისამართი: “მისამართი საჭირო დაწესებულებათა ქუთაისში: “ქუთათელი მიტროპოლიტის საბჭო – არქიელის გორა – საკუთარი სახლი” (იქვე).

ძველი სამღვდელმთავრო სახლის ადგილზე აგებულ ახალ სამღვდელმთავრო რეზიდენციაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ: იმერეთის ეპისკოპოსი ექვთიმე (წულუკიძე; 1853-1856), იმერეთის ეპისკოპოსი გერმანე (გოგოლაშვილი; 1856-1860), იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე; 1860-1896), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი; 1896-1900), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე; 1900-1908), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგი (ალადაშვილი; 1908-1917).

1917 წლის 12 (25) მარტს აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, რომლის კვლავად აღდგა ქუთაისის უძველესი სამიტროპოლიტო კათედრა. ამის შემდგომ ქუთაისში მდებარე სამღვდელმთავრო რეზიდენცია კვლავ გახდა ქუთათელ მიტროპოლიტთა სამყოფელი, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე; 1917-1918), ქუთათელი მიტროპოლიტი წმიდა ნაზარი (ლეჟავა; 1918-1924).

1921 წელს საქართველოში დამყარდა საბჭოთა საოკუპაციო ათეისტური რეჟიმი, რომლისგან გადარჩენის მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს ლოცვა-კურთხევითა და დავალებით, თბილისის სიონისა და მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრების განძეულობა (ოთხი ყუთი) შენახვა-მოვლისთვის ჩაბარდა ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარს, რომელმაც ქუთაისში ჩამოიტანა აღნიშნული განძეულობა და საიდუმლოდ დაფლა ქუთაისის სამიტროპოლიტო რეზიდენციის აივნის ქვეშ. სამწუხაროდ, აღნიშნული საიდუმლოება გასცა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა. ბოლშევიკებმა მიაგნეს განძეულობას და მას სრული კონფისკაცია ჩაუტარეს. აღნიშნული განძეულობის ხვედრი დღემდე უცნობია. საოკუპაციო ბოლშევიკურმა რეჟიმმა საქართველოს ეკლესიას, კერძოდ ქუთაისის სამიტროპოლიტოსა და ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარს ჩამოართვა ქუთაისის სამღვდელმთავრო რეზიდენცია. მას შემდგომ, სამწუხაროდ, ხსენებული რეზიდენცია ეკლესიას აღარ დაბრუნებია და კომუნისტური ხელისუფლება მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა (ერთი პერიოდი აქ საბავშვო ბაღი იყო განთავსებული).

ქუთაისის სამღვდელმთავრო რეზიდენციის შენობამ მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების შუა ხანებამდე მოაღწია. სამწუხაროდ, კომუნისტურმა მთავრობამ ქუთათელ და იმერეთის მღვდელმთავართა ხსენებული ისტორიული რეზიდენცია დაანგრია 1984-1985 წლებში.

პირველი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ქუთაისის სამღვდელმთავრო რეზიდენცია, დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფოტოფონდში.

მეორე ფოტოზე კი, რომელიც გადაღებულია ქუთაისის მწვანეყვავილას წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავნიდან, სხვა ნაგებობებს შორის სჩანს ქუთაისის სამღვდელმთავრო რეზიდენცია. აღნიშნული ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

აღსანიშნავია, რომ მას შემდგომ, რაც 2012 წელს, ღმრთის მადლით აღდგა და განმეორებით იკურთხა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარი, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) გააჩნდა სურვილი, რომ ბაგრატის კათედრალის ეზოში აღდგენილიყო ქუთაისის ისტორიული სამღვდელმთავრო რეზიდენცია და ის ამის შესახებ აქტიურად საუბრობდა. მეუფე კალისტრატე ამ მხრივ აპირებდა შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, თუმცა, სამწუხაროდ, მიტროპოლიტ კალისტრატეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აღარ დასცალდა ამ საქმის აღსრულება…

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები