მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – საბჭოთა ანტირელიგიური კამპანია ქუთაისის სამიტროპოლიტოში

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – საბჭოთა ანტირელიგიური კამპანია ქუთაისის სამიტროპოლიტოში

ჯვრის ჩამოხსნა ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) გუმბათიდან ბოლშევიკთა მიერ, 1923 წლის 8 მარტი

ჩვენს მრავალათასწლოვან სამშობლოსა და საქართველოს უძველეს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას დევნისა და ძლიერი შევიწროების არაერთი ეპოქა გამოუვლიათ. მათთვის არ არის უცხო სისხლი, ცრემლი და ნგრევა. სწორედ მორიგი ამგვარი პერიოდი დაუდგა ორივე მათგანს, როდესაც ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის თებერვალში, საქართველოში დამყარდა საბჭოთა საოკუპაციო მმართველობა. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ხელისუფლება სარწმუნოებას მოიაზრებდა და აღიქვამდა, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელს და აქედან გამომდინარე, სწორედ იდეოლოგიურად მტრობდა და პირდაპირი სახით უსწორდებოდა ეკლესიასა და მის მორწმუნეებს.

საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოკუპაციიდან არასრულ ორ თვეში, 1921 წლის 15 აპრილს, საქართველოს რევკომის სახით მიიღო N21 დეკრეტი “სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის შესახებ”, რომლითაც, ფაქტობრივად, კანონგარეშეც გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია. დაიწყო საქართველოს ეკლესიის, მისი იერარქიისა და სამწყსოს მწვავე დევნა და შევიწროება, რომელიც თავისი ხასიათით გადაუჭარბებლად შესაძლოა შევადაროთ “მილანის ედიქტამდე” რომის იმპერიაში არსებულ ეკლესიისა და ქრისტიანთა დევნას.

წარმოდგენილ პუბლიკაციაში არ შევუდგები საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ურთულესი მდგომარეობის სრულ განხილვას საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში, არამედ მიმოვიხილავ თუ როგორი ვითარება იყო ქუთაისის უძველეს სამიტროპოლიტოში ხსენებულ ეპოქაში.

ქუთაისის (ამჟამად ქუთაის-გაენათის) კათედრა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრაა, რომლის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, უთუოდ პირველ ათასწლეულზე მოდის. ამ კათედრაზე მოღვაწებოდნენ და მწყემსმთავრობდნენ საქართველოს ეკლესიის გამორჩეული და ღვაწლმოსილი მღვდელმთავრები.

საქართველოს გასაბჭოების პერიოდისათვის ქუთაისის სამიტროპოლიტოს საჭეთმპყრობელი გახლდათ მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა).

ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფ. დიდ ჯიხაიშში. 1892 წელს ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო მომდევნო წელს – მღვდლად. მეუღლისა და შვილების გარდაცვალების შემგომ 1904 წელს აღიკვეცა მონაზვნად. 1911 წლიდან იყო არქიმანდრიტი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. 1918 წლის 17 ნოემბერს არქიმანდრიტ ნაზარს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად, უბოძეს მიტროპოლიტობა და დაადგინეს ქუთათელ მიტროპოლიტად.

მას შემდგომ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1921 წლის 24 თებერვლის ღამით დატოვა თბილისი, ამავე დღეს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევითა და ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიის საეკლესიო განძეულობის ოთხი ყუთი გადაიტანეს ქუთაისში და ბაგრატის კათედრალის გალავანში არსებული ქუთათელი მიტროპოლიტის რეზიდენციის აივნის ქვეშ საიდუმლოდ დაფლეს. თავად კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდეც ამ დღეს გადმოვიდა ქუთაისში და იგი თბილისში თითქმის ორი თვის შემდგომ, 13 აპრილს დაბრუნდა.

ქუთაისში საეკლესიო განძეულობის გადამალვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა რამდენიმე სასულიერო პირს და მათგან ერთ-ერთმა, დეკანოზმა პლატონ ციცქიშვილმა ქუთაისის სამაზრო კომიტეტის მდივანს, ვალია ბახტაძეს მოახსენა განძის ადგილსამყოფელის შესახებ. 1923 წლის 25 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესიას ჩამოართვა აღნიშნული განძეულობა, ხოლო მიტროპოლიტი ნაზარ ქუთათელი დააპატიმრეს. მეუფე ნაზარის პატიმრობისას, დროებით, ქუთაისის ეპარქიას მართავდა ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე). მიტროპოლიტი ნაზარი 1924 წლის აპრილში გაათავისუფლეს პატიმრობიდან, ხოლო საბჭოთა მთავრობის მიერ გატაცებული ოთხი ყუთი საეკლესიო განძეულობის ხვედრი დღემდე უცნობია.

საქართველოს უახლეს ისტორიაში საკმაოდ ცნობილი და ამავროულად შემზარავია ფოტო, რომელიც 1923 წლის 8 მარტს ქუთაისის სობოროს საკათედრო ტაძრის დახურვასა და მისი გუმბათიდან უღმერთოთა მიერ ჯვრის მოხსნას ასახავს. “სობოროს სამრეკლო მაღალი იყო, გუმბათიც მაღალი ჰქონდა, თავზე ვეებერთელა ჯვარი იყო აღმართული. იმ დღეს ონისიმე ხობუამ, მას თანამდებობა ეკავა იმ დროს, ადრე ქვის კეცის მთლელი იყო, ჯვრის ღეროს ნაწილი გადაჭრა, ბოლომდე ვერ მოახერხა გაჭრა, ეგონა გადავღუნავ და გადმოვარდებაო, მაგრამ არ მოტყდა და ასე გადაღუნული დარჩა სობოროს სრულ დანგრევამდე. ონისიმე ხუბუას შემდეგ მატლები დაესია, ამბობდნენ, ცოდვებმა უწიაო. მომხდარით შეძრწუნებულმა მუზეუმის დირექტორმა, საზოგადო მოღვაწე, სიძველეთა გამორჩეული მცველი და მკვლევარი ტრიფონ ჯაფარიძე როცა დარწმუნდა, საკათედრო ტაძრის დანგრევა გარდაუვალი იყო და უღმერთონი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, წერილობით მიმართვებით აიკლო რევკომი იქნებ დანგრევა გადაიფიქროთ, შენობა ხელუხლებელი დატოვოთ, საეკლესიო მუზეუმს გავხსნით, წირვა-ლოცვა ბუნებრივია, შეწყდებაო. შენობას ნუ დაანგრევთ, ჩვენ გადმოგვეცითო, თხოვნის ფურცლებს ინსტანციიდან ინსტანციაში დააფრიალებდა და სურდა შენობის შენარჩუნება და საეკლესიო ნივთების ერთ ადგილზე დავმოყრა, დაცვა. მართლაც გადასცეს, სათანადო გადაწყვეტილებაც გამოიტანეს, მაგრამ მაინც გულს უღრღნიდათ ქალაქის ცენტრში აღმართული სობორო”.

1923 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკებმა ქუთაისის სობოროდან გამოიტანეს ხატები და სხვა საეკლესიო სიწმიდეები და დაყარეს ბაღის კიდის წინ. თავად იმჟამინდელი კომკავშირლები იხსენებდნენ, რომ ფეხებით დადიოდნენ წმიდა ხატებზე. ამ საქმეს ხელმძღვანელობდა ზემოთხსენებული ვალია ბახტაძე და ასევე ვანო სტურუა, რომელიც საკათედრო ტაძრის სამრეკლოზე იდგა და გაჰყვიროდა: “აქაურობას ნაცრად ვაქცევთ. თუ არსებობს ღმერთი, მოვიდეს და გვეჩვენოს, თუ რამე შეუძლია”.

წმიდა ახალმოწამე, ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), 1924 წელს ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრიტა ბოლშევიკურმა რეჟიმმა.

მიტროპოლიტ ნაზარს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ჩამორთმეული დახვდა ქუთაისის საკათედრო ტაძარი და სამიტროპოლიტო რეზიდენცია. ჯერ კიდევ 1924 წლის 30 იანვარს ათეისტურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისის სობოროს კათედრალის დანგრევის შესახებ. მიტროპოლიტმა ნაზარმა ოფიციალური თხოვნითი წერილით მიმართა საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, რათა არ დაერღვიათ ქუთაისის სობორო, თუმცა, ბოლშევიკებმა არ გაითვალისწინეს. სრულიად საქართველოს ცაკ წერდა: “აღნიშნული ტაძარი მიღებულ სიაში არ არის აღნიშნული არქეოლოგიური მნიშვნელობის შენობად, გარდა ამისა, მისი გამოყენება სხვა რაიმე კულტურულ დაწესებულებისათვის შეუძლებელია ის, როგორც სხვა ეკლესიები”. 1924 წლის 3 ივნისიდან 2 აგვისტომდე ქუთაისის საკათედრო ტაძარი სრულად დაანგრიეს.

ათეისტურმა ხელისუფლებამ დახურა გელათის ისტორიული სამეფო მონასტერი. 1923 წლის 5-6 ივნისს გელათში მივიდა მთავრობის კომისია, რომელმაც კომპლექსის ტაძრების კარები დალუქა და ბერებს განუცხადეს, რომ მონასტერი ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ. გელათის მონასტრის საძმომ საერო ხელისუფლებას თხოვა: “უმორჩილესად ვთხოვთ აღმასრულებელ კომიტეტს, შემოდგომამდი დაგვტოვონ ჩვენ, ყველანი მონასტერში და რაკი მოსავალს მოვათავებთ, ჩვენ დავტოვებთ მონასტერს და სადმე მოვიძებნით თავშესაფარს“. საქართველოს მეფეთა საძვალეში ღვთისმსახურება შეწყდა. გელათში მოღვაწე უკანასკნელი დაყუდებული ბერი შიო (ნაფეტვარიძე) 20-იან წლებში მონასტრის ზევით მდებარე ბერისციხეზე იპოვეს გარდაცვლილი. გელათის განძეულობის დიდი ნაწილი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში გადაიტანეს.

1923 წლის 18 თებერვალს ათეისტი ბოლშევიკები შეიჭრნენ მოწამეთის მონასტერში. გაზეთი “მუშა და გლეხი” ამ ფაქტის შესახებ წერდა: “ხალხმა თავისი ხელით დაინახა, რა ყოფილა დავითი და კონსტანტინე. ამ დღეს სამღვდელოებას გამოეცალა ხელიდან მდიდარი შემოსავალი. შემდეგ ეკლესიიდან გარეთ გამოაქვთ წმიდა ნაწილები, მაღლობ ადგილზე ჩნდება ამხანაგი ვ. ბახტაძე, მას ხელში უჭირავს თავის ქალა წმიდანის და მიმართავს საზოგადოებას: “რა ხერხს მიმართავდა სამღვდელოება ხალხის მოსატყუებლად და რას უწოდებდა ის წმინდანს?”. სიტყვის გათავების შემდეგ მატარებელი ქუთაისისკენ ნელა წამოვიდა. გზაში ყველას უჩვენებდნენ წმიდანის ნაწილებს“. 1923 წელს ბოლშევიკებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეში დამცინავად მოატარეს წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები. მათ ე.წ. სასამართლოც კი მოუწყეს წმიდა ნაწილებს… საბოლოოდ, იმავე წლის 20 აპრილს, ბოლშევიკურმა რეჟიმმა ოფიციალურად დახურულად გამოაცხადა მოწამეთის მონასტერი, სადაც, სამწუხაროდ ღვთისმსახურება შეწყდა. 1923 წლის 20 ივნისს ათეისტებმა მოწამეთის მონასტრის ხატები და სხვა სიწმიდეები ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს.

1923 წლისათვის ქუთაისის მაზრაში ათეისტურმა ხელისუფლებამ ას სამოცი ტაძარი დახურა. მათ შორის იყო ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი. მართალია, 1924 წელს ტაძარი ისევ გახსნეს, თუმცა 1940 წელს დახურეს და მასში ჯერ სპეც. საწყობი, ხოლო შემდგომ ბიბლიოთეკა განათავსეს.

საბჭოთა ათეისტური მმართველობის პირველი წლების სისასტიკის კულმინაცია ქუთაისის სამიტროპოლიტოს წინააღმდეგ იყო 1924 წელს ცილისმწამებლური ბრალდებით ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარისა და სასულიერო პირების, დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის, დეკანოზ იეროთეოზ ნიკოლაძის, მღვდელ სვიმონ მჭედლიძისა და პროტოდიაკონ ბესარიონ კუხიანიძის დახვრეტა. ისინი 1995 წელს წმიდანებად შერაცხა საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ, უწოდა მათ წმიდა ახალმოწამენი და მათი ხსენების დღედ დაადგინა 27 აგვისტო (ახალი სტილით).

საბჭოთა ათეისტური მმართველობის მსახვრალი ხელი შემდგომ წლებშიც შეეხო ქუთაის-გაენათის ეპარქიას. 1937 წელს გადაასახლეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე), რომლის საბოლოო ხვედრი და საფლავი დღემდე უცნობია. 1944 წელს დაანგრიეს ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელიც ამჟამინდელი ქუთაისის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა და ა.შ.

საბჭოთა ათეისტური მმართველობის დაუნდობლობის კვალი იმდენად ღრმაა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის ისტორიაში, მისი სრულად ანაზღაურება შეუძლებელი და წარმოუდგენელია, თუმცა ისტორიული შეფასების თვალსაზრისით, საგულისხმო დასკვნების გამოტანა შეგვიძლია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ჩვენი ეკლესიის აწმყოსა და მომავლის მართებულად წარმართვისთვის.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები