მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერია “გვირილობისთვის” 39 500-ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებას კონკურსის გამოცხადების გარეშე აპირებდა

ქუთაისის მერია “გვირილობისთვის” 39 500-ლარიანი ხელშეკრულების გაფორმებას კონკურსის გამოცხადების გარეშე აპირებდა

ქუთაისის მერიას უნდოდა, 2 მაისს “გვირილობის” ღონისძიების ორგანიზებისთვის დაექირავებინა 21 წლის ინდ.მეწარმე, რომელსაც მანამდე მერიასთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონია. მერია დაჩი კაჭახიძესთან 39,500 ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებას გამარტივებული ფორმით, კონკურსის გამოცხადების გარეშე აპირებდა, – ინფორმაციას “აი, ფაქტი“ ავრცელებს.

“მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამ ხელშეკრულების გაფორმების ნებართვისთვის 19 აპრილს მიმართა. გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას მერია გადაუდებელი აუცილებლობით ხსნიდა და წერდა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუგვიანდათ ელექტრონული ტენდერის (ანუ კონკურსის გზა) გამოცხადება. მიუხედავად ამ დაგვიანებისა, მაინც გადაწყვიტა ქალაქის მთავრობამ “გვირილობის” შეზღუდული მასშტაბით აღნიშვნა.

ჩვენ მერიის ეს მიმართვა სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ვიპოვეთ. შემდეგ მერიასთან ვცდილობდით, გაგვერკვია უკრაინაში ომი დასრულდა და ხელ-ფეხი გაგვეხსნა ღონისძიებების ორგანიზებისთვის, თუ მაინც რატომ გადაწყვიტეს “გვირილობის” აღნიშვნა? როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რატომ და როგორ იპოვეს დაჩი კაჭახიძე ამ ღონისძიების ორგანიზატორად?

აღმოჩნდა, რომ მერიის პრესსამსახურთან მიმოწერის შუალედში, შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილი განაცხადი მერიამ უკან გაიხმო. შესყიდვების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ვერ გვითხრეს, გახმობა რას ნიშნავს და დეტალების გასარკვევად უკან, მერიასთან გაგვგზავნეს. მერიაში გახმობის მიზეზი ვიკითხეთ, მაგრამ ჯერ არაფერს გვპასუხობენ. არც ის ვიცით, 2 მაისს “გვირილობას” რა ბედი ეწევა“, – აღნიშნულია „აი, ფაქტის“ ინფორმაციაში.

კომენტარები