მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) უკანასკნელი წინამძღვარი, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე

ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) უკანასკნელი წინამძღვარი, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე

ქუთაისს 1871-1924 წლებში ამშვენებდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული საკათედრო ტაძარი (სობორო). სამწუხაროდ, 1923 წლიდან ქუთაისის კათედრალი ბოლშევიკებმა დახურეს, ხოლო 1924 წელს დაანგრიეს. ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის (სობორო) უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, რომელიც 1919-1923 წლებში იმყოფებოდა ხსენებულ საეკლესიო პოზიციაზე.

ერისკაცობაში ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე დაიბადა 1867 წელს ქუთაისის მაზრის (ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) სოფელ მაღლაკში, მედავითნის ოჯახში. მან 1885 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს – თბილისის სასულიერო სემინარია.

1892 წლის 11 თებერვალს, ქუთაისის სასაფლაოს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ყოვლადუსამღვდელოესმა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე; აწ წმიდანად კანონიზირებული) დიაკვნად დაასხა ხელი ვასილ დოლაბერიძეს, ხოლო იმავე წლის 16 თებერვალს – მღვდლად აკურთხა და ხსენებული ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინა.

ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო)

მამა ვასილი წერდა: „ახლა კი გადავსწყვიტე, ისევ ძველის გზით სიარული და მღვდლობას მოვკიდე ხელი. ვფიქრობ, ამ მცირე სწავლით და ადგილით მაინც ვემსახურო ქვეყანას. ქვეყანა კი ია და ვარდით ფიანდაზათ მოფენილი მგონია და ადამიანები კი ანგელოზები. მართალია, ერთი-ორი ყაჩაღი აწუხებს ხალხს, მაგრამ თუ ესენიც მოისპენ, მერე ანგელოზების მეტი აღარავინ იქნება ქვეყნად. ასეთი იდეალებით და ოცნებებით გაჟღენთილს ხალხის სამსახური მწყურია. მარტო საეკლესიო სამსახურიც არ მაკმაყოფილებს, მინდა ცოცხალ რამ საქმესაც მოვკიდო ხელი, რომ რაიმე ნაყოფი გამოვაღებინო ჩემს მეორე ცოდნას. ამიტომ დავაარსე სამრევლო სკოლა, მალე მას საკუთარი შენობაც ავუგე და შევუდექი ბავშვების სწავლების საქმეს“, – აღნიშნავდა მამა ვასილი.

მამა ვასილ დოლაბერიძეს სხვადასხვა დროს ებოძა საეკლესიო ჯილდოები: 1895 წლის 14 თებერვალს – საგვერდული, 1898 წლის 30 მარტს – სკუფია, 1902 წლის 6 მაისს – კამილავკა (მამა ვასილის კამილავკით დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსში“, 1902 წლის #8), 1903 წლის 3 თებერვალს – წმ. ანას III ხარისხის ორდენი, 1907 წლის 6 მაისს – სამკერდე ოქროს ჯვარი, 1912 წლის 6 მაისს – დეკანოზის წოდება, 1916 წლის 6 მაისს – წმ. ანას II ხარისხის ორდენი, 1919 წლის 2 ოქტომბერს – ენქერი, 1935 წლის 23 ნოემბერს – მიტრა.

მამა ვასილი 1892-1894 წლებში იყო ქუთაისის სასაფლაოს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი, ხოლო 1896-1899 და 1905-1910 წლებში – ამავე სკოლის გამგე. 1898 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის უფასო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი გახლდათ. მამა ვასილი 1901-1906 წლებში იყო ქუთაისის ეკლესიების სასულიერო გამომძიებელი, 1893-1907 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრი, 1906 წელს დროებით იყო ქუთაისის ტაძრების მთავარხუცესი, 1911 წლის 5 მარტიდან დადგინდა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად, 1911 წლის 7 მაისიდან დროებით ასრულებდა საკათედრო ტაძრის კანდელაკის, ხოლო იმავე წლის 7 ივლისიდან 25 აგვისტომდე საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას. 1912 წლის 1 ივლისს კი დადგინდა ქუთაისის საკათედრო ტაძრის ტაძრის კანდელაკად.

დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი გახლდათ. 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მამა ვასილისათვის დიდი სიხარულის მომტანი იყო. 1917 წლის სექტემბერში დეკანოზი ვასილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველ საეკლესიო კრებაში აქტიურად მონაწილეობდა.

1918 წლის ნოემბრიდან ქუთაისის სამიტროპოლიტოს მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა; 1924 წელს ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრეტილი, აწ წმიდანად კანონიზირებული). 1919 წლის 2 ოქტომბერს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე.

1919-1921 წლებში მამა ვასილი გახლდათ იმერეთის საეპარქიო სასამართლოს მომხსენებელი წევრი. 1921 წელს გელათში გამართული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი მესამე საეკლესიო კრების მომწყობი კომისიის წევრი იყო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. სწორედ, ხსენებულმა საეკლესიო კრებამ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად (აწ წმიდანად კანონიზირებული წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია), რომლის ხსენებაც არის დღეს, 29 მარტს).

1921 წლის თებერვალში საქართველოში დამყარდა საოკუპაციო ბოლშევიკური რეჟიმი, რომელიც იდეოლოგიურად, აგრესიული ფორმებით ათეისტური შინაარსის იყო. ბოლშევიკები უსასტიკესი მეთოდებით მტრობდნენ ქრისტეს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და მრევლს.

1923 წლის დასაწყისში ათეისტურმა საერო რეჟიმმა უსამართლოდ დააპატიმრა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი. მმართველი მღვდელმთავრის პატიმრობის პირობებში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული საკათედრო ტაძრის წინამძღვრობა დეკანოზ ვასილისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მამა ვასილი იგონებდა, რომ 1923 წელს, ქუთაისის საკათედრო ტაძრის დღესასწაულის – წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენებისადმი (ძვ.სტ. 26.01 – ახ.სტ. 08.02) მიძღვნილი წირვა-ლოცვა მიტროპოლიტის გარეშე აღსრულდა, თუმცა, მაინც ზარ-ზეიმით, როგორც კათედრალის დღესასწაულს შეეფერებოდა. მამა ვასილის მოგონებაში ვკითხულობთ: „რამდენიმე ქალი და კაცი მომეწიენ გზაში და ერთი პირის ხოკნითა და წუწუნით მომვარდნენ და შემომჩივლეს, თუ როგორ ძალმომრეობით დაადგინეს მათ /ბოლშევიკებმა/, რომ სობორო დაიკეტოს, რადგანაც, ვითომც მისი ზარების რეკვა მუშაობას უშლიდესო და დავით და კონსტანტინეს ნეშტიც უნდა გადმოტანილ იქნეს ქუთაისშიო. თუმცა, იკითხეს, თუ ვინა ხართ წინააღმდეგიო, მაგრამ, აბა, ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას, თუმცა, ერთმა მუშამ მაინც წამოიწყო საწინააღმდეგო ლაპარაკი, მაგრამ მაშინვე ჩააჩუმეს და გამოაცხადეს კიდეც: წინადადება ერთხმად მიღებულია და კრება დახურეს“, – იგონებდა მამა ვასილი. იმავე დღის საღამოს დეკანოზი ვასილი თბილისში გამგზავრებულა, სადაც მოახერხა შეხვედრა ბოლშევიკური ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებით შინაპატიმრობაში მყოფ უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან.

სამწუხაროდ, ათეისტურმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა 1923 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკანონოდ ჩამოართვა ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებელის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო), რომელიც საოკუპაციო ხელისუფლებამ სრულად დაანგრია 1924 წლის ზაფხულში. მამა ვასილს ფაქტობრივად თვალწინ დაუნგრიეს ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომლის წინამძღვარი თავად იყო 1919 წლიდან.

1924 წლის აგვისტოში ბოლშევიკებმა ცილისმწამებლური ბრალდებით დააპატიმრეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) თავის თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, რომელთა შორის იყო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. ქუთათელი მიტროპოლიტი თავის სამღვდელო კრებულთან ერთად სოფელ როდინოულში იყო ჩასული, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის კურთხევისათვის. სწორედ ამ სოფელში, შუაღამისას შეიპყრეს ისინი ბოლშევიკური საოკუპაციო მთავრობის წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე ბოლშევიკურმა რეჟიმმა ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრიტა, ხოლო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე გადაურჩა დახვრეტას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამა ვასილი იგონებდა: „ეკლესიის გალავანში, ნაცნობ ორსართულიან შენობაში მიგვიყვანეს. გამოგვამწყვდიეს ერთ დიდ ოთახში და თვითონ მეორე ოთახში გავიდნენ, თან რაღაცას ჭოჭმანობენ. ამ საქმეს ხელმძღვანელობს, თურმე, რაიონის მილიციის უფროსი, ვინმე მაღლაკელიძე, ყოფილი ყაჩაღი. გაათავეს ჭოჭმანი, შემოვიდნენ და მოგვაძახეს: აბა, ადექით, რაიონში უნდა წახვიდეთო. ჩვენ რა ვიცით, სად არის რაიონი და ვუთხარი: რადგანაც წვიმს და ბნელა, ამაღამ აქ გაგვათევინეთ ღამე და ხვალ სადაც გინდათ, იქ წამოგყვებით-მეთქი. არ შეიძლება, ამაღამ უნდა წახვიდეთო, იყო პასუხი. მაშინ ვუპასუხე, რომ ამაღამ ამ ტყეში (იგულისხმება აჯამეთის ტყე) შეგიძლიათ, ყველანი დაგვხოცოთ და თავი იმითი იმართლოთ, გაქცევას აპირებდნენო, ამიტომ, ჯერ ბორკილები გაგვიყარეთ და მერე წაგვიყვანეთ-მეთქი. ბორკილებს ახლა გაგიჭედავთო, გვიპასუხეს. ამაზე მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ უპასუხა, თუ ბორკილები არ გაქვთ, ბაწრები ხომ გეშოვებათო. ამის თქმა და მილიციონრების დარევაც ერთი იყო და ყველანი ძირს, ეზოში ჩარეკეს. მერე მე დამავლეს ხელი და ციმციმ გამიტანეს გარეთ, და სხვებს შევუერთდი…

1 სექტემბერს, საღამოს, ასე ხუთ საათზე, მიტროპოლიტი და პროტოდიაკონიც მოიყვანეს საავადმყოფოდან. პროტოდიაკონი ისევ შეუძლოდ იყო. ამასობაში ათი საათი შეიქნა და დავწექით კიდეც. ცოტა ხანში ხმაურზე ისევ გამეღვიძა და რას ვხედავ, ვიღაც შეიარაღებული პირები შემოსულან ჩვენს საკანში. ერთი მათგანი ლამპასთან რაღაცას კითხულობს და მომესმა: „კორნელი კაკაბაძე, ჰო, მართლა, ის მეორე განყოფილებაშია” და დასძინა: „აბა, ჩქარა, ჩაიცვით და წამოდით!” ამ დროს კარს მოადგა ციხის უფროსის თანაშემწე – რუხაძე და დაიძახა: „ჩქარა წამოდით, თორემ მატარებელი გაგვასწრებს!”. სიის მკითხველმა ჩამოთვალა: ჯაჯანიძე, მჭედლიძე, ნიკოლაძე, მობრუნდა ჩვენკენ (ახლა კი გამაცივა), მიტროპოლიტი გააღვიძეთო და იკითხა კუხიანიძე სად არისო. მივეშველეთ მიტროპოლიტს ბარგის შეკვრაში. ბარგის შეკვრისას მიტროპოლიტი გარეთ გასულიყო და სხვები რომ გაირეკეს წინ, ჯაჯანიძემ ესღა მოასწრო: „ვასილი, აბა, შენ იცი, ბავშ…” და გარეკეს კიდეც. მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, გამოგვეთხოვა ყველას პირზე კოცნით და გვითხრა: „არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველა ერთიაო” და გაჰყვა იმათ… ასე, ოთხი საათი იქნებოდა, რომ სადგურის მხრიდან მოგვესმა, ზედიზედ ორჯერ თოფების გრიალი, მერე – ორი-სამი კენტად. ვიფიქრეთ, ისევ გამოსვლები დაიწყოო, მაგრამ ეს იყო და ეს, იმ ღამეს მეტი თოფის ხმა არ გაგვიგონია. დილით, როგორც კი მიმოსვლა დაიწყო საკნებს შორის, ჩვენთან შემოვიდა ტუსაღი მაჭავარიანი და შეგვათვალიერა, თუ ვინ გაიყვანესო. ჩვენ გულუბრყვილოდ შევეკითხეთ, სად წაიყვანეს ისინიო. მან კი თვალცრემლიანმა სთქვა: დახვრიტესო! ამის გაგონებამ თავზარი დაგვცა. მან განაგრძო: მათთან ერთად შვიდი კაცი ჩვენი საკნიდან გახლდათ და ჩამოთვალა გვარები, ყველანი ჩვენი კარგი მეგობრები. გადის დღეები და აგერ, 17 სექტემბერი შეიქმნა. ნაშუადღევის ოთხ საათზე ეზოში გაგვდენეს. ამ დროს დერეფნის ფანჯარას მოდგომიან გარედან და ვიღაცას კითხულობს: ვასილი, სად არის, ვასილიო. მეც გამოვედი და ერთბაშად მომაძახა: მომილოცავს, ვასილი გათავისუფლებაო… აბა, რას ვიფიქრებდით, რომ ისინი დახვრიტეს და ჩვენ კი ორ კვირაში გაგვიშვეს. რაკი ისინი დახვრიტეს, ჩვენ ათ-ათ წლის ციხე მივუსაჯეთ საკუთარ თავს. ესენი კი ორ კვირაში გვათავისუფლებენ. მოდი და დაიჯერე! მაშ, რაღასთვის დახვრიტეს ისინი?”, – იგონებდა დეკანოზი ვასილი, რომელიც ქუთაისის ციხეში მყოფი სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას.

1924 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე დადგინდა ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1926 წლის 12 სექტემბრიდან ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო 1932 წლის იანვრიდან – ამავე ტაძრის წინამძღვარი. 1935 წლის 21 აგვისტოს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმეონმა (ჭელიძე) ქუთაისის არქიელის გორის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. იმავე წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ხსენებული ტაძრის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე; აწ წმიდანად კანონიზირებული) მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი ვასილი.

დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე მრავლისმხილველი სასულიერო პირი გახლდათ, რომელიც მიუხედავად არაერთი მძიმე წნეხისა და ზეწოლისა, ღვთის მადლით, არ შეუშინდა კომუნისტურ რეჟიმს, არ განიმოსა სამღვდელო სამოსი და არ შეწყვიტა ღვთისმსახურება. საერო ათეისტური მთავრობა სასულიერო პირებს ხელოვნურად აკისრებდა დიდძალ ფინანსურ გადასახადებს. მამა ვასილს მიუვიდა ქვითარი, რომლის მიხედვით ის სახელმწიფომ დაბეგრა 11 984 მანეთითა და 64 კაპიკით, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ტაძრის დაკეტვით ემუქრებოდნენ. ამ ამბის შესახებ მამა ვასილი იგონებდა: „1940 წლის 1 ივლისს მივედით მე და ჩემი მედავითნე, მღვდელი გიორგი ჯაში ფინგანში დაპირებისამებრ განცხადებებით სამსახურისათვის თავის დანებების შესახებ. გვითხრეს, ჯერ დათხოვნის ქაღალდი შემოიტანეთო. შევიტანეთ. მერე გვითხრეს, ეკლესიას ჩავიბარებთო. ჩაიბარეს. ესე გვაწვალეს თვის ბოლომდე. ბოლოს ინსპექტორმა გოგისვანიძემ, როგორც იქნა, წამოღერღა: კი, თავი დაანებე სამსახურს, მარაო… მარაო… იძახის. რა ვქნა, არ ვიცი, რა მარაო უნდა-თქო, ვიფიქრე და კიდევ წამოღერღა: ანაფორაო… რაი, რაი-მეთქი?! და ავენთე: ვინ მოგცა შენ ჩემთვის ანაფორის გაძრობის უფლება-მეთქი?! ხელი დაადევი, რომელ კოდექსში გიწერია, რომ ანაფორის ტარება არ შეიძლებოდეს და თუ შენი მოვალეობა არ გესმის, მე გასწავლი: მდიე უკან და თუ მღვდელმოქმედებას შევასრულებ და შემოსავალი მექნება, შენი პროცენტები აიღე-მეთქი. გავშორდი და არც მივკარებივარ მას მერე“, – აღნიშნავდა თავის მოგონებებში მამა ვასილი. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, რა ურთულეს წნეხში უწევდათ საბჭოთა პერიოდს მოსწრებულ სასულიერო პირებს ცხოვრება და მსახურება.

დეკანოზ ვასილს ქუთაისში მღვდელმსახურება მოუწია ათი მღვდელმთავრის მმართველობისას. ესენი იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე; წმიდანად კანონიზირებული), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგი (ალადაშვილი), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა; წმიდანად კანონიზირებული), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემი (სიდამონიძე).

მრავალმა განსაცდელმა მამა ვასილს ფიზიკური სნეულებაც შეჰყარა. დეკანოზმა ვასილ დოლაბერიძემ ღვთივგანისვენა 1944 წლის 11 დეკემბერს, 77 წლის ასაკში. დაკრძალეს ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე, ტაძრის მახლობლად.

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ვარდოსანიძე ს. „ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)“, თბილისი, 2010 წ;

კეზევაძე მ. „ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები“, ქუთაისი, 2008 წ;

კეზევაძე მ. „ქუთაისის საკათედრო ტაძარი (სობორო)“, ქუთაისი, 2021 წ;

მაჩურიშვილი გ. „დეკანოზი ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე“, გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2010 წ. #42, გვ. 15-19;

ტოგონიძე ლ; მაჩურიშვილი გ. „XVIII – XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა“, თბილისი, 2012 წ;

ჟურნალი „მწყემსი“, 1902 წ. #8, გვ. 1.

კომენტარები