მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისი მარჯვენა პროფილით რეზო ჭეიშვილს ჰგავს, მარცხენათი რეზო გაბრიაძეს”

“ქუთაისი მარჯვენა პროფილით რეზო ჭეიშვილს ჰგავს, მარცხენათი რეზო გაბრიაძეს”

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ქუთაისის შესახებ წერს.

“ქუთაისი მარჯვენა პროფილით რეზო ჭეიშვილს ჰგავს, მარცხენათი რეზო გაბრიაძეს. არ მითხრათ ახლა, როგორ დაინახე და მიამსგავსეო, თორემ მეწყინება.

რადგანაც ქუთაისი და საერთოდაც იმერეთი, არის სიტყვა. სხვაგანაც სიტყვაა, მაგრამ აქაური მოქცევა, ყველაზე მარტივ ამბებსაც ლიტერატურად აქცევს – გზის მისწავლებაც კი დიდი პიესის პირველ ფრაზადაა ჩაფიქრებული.

ერთხელ ერთ ოჯახში მივედით, ბავშვებს მივუტანეთ ცოტა რამე. ჩიხი იყო დახრილი და ასფალტი ოღრო-ჩოღრო, როგორც წინადადებები სამანიშვილის დედინაცვალში. დახრილი და უწერტილო – არსად მთავრდებოდა. შუაში იდგა პატარა სახლი და იმ სახლის გვერდით იდგა კიდევ სახლი და ყოფდა ღობე – შეუმჩნეველი, როგორც მობეზრებული შეყვარებულის ღიმილი. იმ ღობის იქით იჯდა თხელი მოხუცი კაცი, ხელში ეჭირა ტელეფონი და სავაურაუდოდ, მეგობარს, იშვიათ სიახლეს ატყობინებდა. მძაფრი იყო მისი ხმა და იმაზე მაღალი, ვიდრე გეგმავდა.
“ახლა დამაყურე შენ! სულ არი ოთხი. ოთხი მევიდენ. მაიდან: ერთი საქანელაზე კონწიალობს, ერთი აჩხაკუნებს რაცხას, ორი არი ჩამომჯდარი”.

აი, ხომ არაფერი, თითქოს საერთოდ არაფერი, მაგრამ უცებ კლდიაშვილი-ჭეიშვილი-გაბრიაძე ჩამწკრივდნენ ამ სიტყვებში. მარტოობასთან ბრძოლა და არაფრის ყველაფრად ქცევის ალქიმია. და თანაც, განა გარეგნობით აღგვწერა – მოქმედებით. და ზუსტად ვიცი, ის მეორეც მიხვდა ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, რა გვეცვა და როგორი ცხვირები გვქონდა. მხოლოდ იმ სიტყვებით.
ეს არის ქუთაისი. ამიტომაც მიყვარს”, – წერს კეკელიძე.

კომენტარები