მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი ჩემი უსაყვარლესი ქალაქია დედამიწაზე” – იპოლიტე ხვიჩიას ორმოცი წლის წინანდელი საახალწლო სურვილები ქუთაისს

“ქუთაისი ჩემი უსაყვარლესი ქალაქია დედამიწაზე” – იპოლიტე ხვიჩიას ორმოცი წლის წინანდელი საახალწლო სურვილები ქუთაისს

საყოველთაოდ აღიარებული და უსაყვარლესი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია წლების მანძილზე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. სწორედ აქ გაატარა მან თავისი სამსახიობო მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პროდუქტიული წლები. იპოლიტე ხვიჩია 1937 წლიდან მოღვაწეობდა მესხიშვილის თეატრში. მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან იპოლიტეს გადასვლა მოუწია თბილისში, თუმცა, ის თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლომდე ძალიან შეყვარებული იყო ქუთაისზე და თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის საუკეთესო პერიოდს სწორედ ქუთაისში ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლებში ხედავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იპოლიტეს დაბადების დროინდელი გვარი იყო ყვინჩია და სწორედ ქუთაისში გახდა ის ხვიჩია, როდესაც ლ. მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, ცნობილი ქართველი რეჟისორის, დოდო ანთაძის რჩევით იპოლიტემ ოფიციალურად მიიღო გვარი „ხვიჩია“.

1983 წლის საახალწლოდ ქუთაისიდან თბილისში იპოლიტე ხვიჩიას შინ ესტუმრნენ გაზეთ „ქუთაისის“ კორესპონდენტები გ. შარაბიძე და ჯ. მალანია. ბატონმა იპოლიტემ სიხარულით მიიღო თავისი საყვარელი ქუთაისის წარმომადგენლები და გულღია საუბარიც არ დაიშურა მათთან.

იპოლიტე ხვიჩიამ ამგვარად დაიწყო საუბარი ქუთაისზე: „საახალწლო სურვილები გადაეცით ჩემგან ჩემს საყვარელ თანაქალაქელებს, ჩემს ქუთაისს, მის ყოველ ქუჩას, ყოველ მოსახვევს, განუმეორებელ ბაღის კიდეს, რომელთანაც ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები მაკავშირებს“, – აღნიშნა დიდმა მსახიობმა.

კითხვაზე ქუთაისის მონატრების შესახებ ბატონმა იპოლიტემ განაცხადა: „განა შეიძლება შვილს მშობელი არ მოენატროს?! ესაა ჩემი უსაყვარლესი ქალაქი დედამიწის ზურგზე. მართლაც, სავარდო და სამაისო ქუთაისი, ბევრი ძვირფასი მეგობარი მეგულება აქ. ყველას ვულოცავ ახალ წელს, ბედნიერებასა და სიხარულს ვუსურვებ თავიანთ ლამაზ ოჯახებთან ერთად. ვფიქრობ, ამ გაზაფხულზე ვეწვიო ჩემს ქალაქს, იუბილეს გადავიხდი და კვლავ წარვდგები ჩემი ძვირფასი მაყურებლის წინაშე“, – აღნიშნა გამოჩენილმა არტისტმა.

“საკუთარ სახლში სტუმრობა სად გაგონილა?! მიხარია და მოვალ… კიდევ ვიმეორებ, საუკეთესო წლები მაკავშირებს ქუთაისთან“, – დასძინა ბატონმა იპოლიტემ.

კითხვაზე, თუ როგორ ესმის გამოთქმა „ქუთაისი იუმორის ქალაქია“, იპოლიტე ხვიჩიამ ამგვარად უპასუხა: „მესმის კი არა, ნამდვილად ასეა! ქუთაისი განთქმულია თავისი პურ-ღვინით, სუფრას კი არაფერი ამშვენებს ისე, როგორც სხარტი, მოქნილი სიტყვა, კარგი განწყობა და ჯანსაღი იუმორი… გულღია, კეთილ ხალხს შეუძლია მხოლოდ ლაღი, გულიანი სიცილი, ქუთაისში კი კეთილ და გულღია ხალხს რა გამოლევს“, – აღნიშნა დიდმა სახალხო არტისტმა.

იპოლიტე ხვიჩიამ ქუთაისთან დაკავშირებული თავისი სახალისო ისტორიებიც გაიხსენა და ამ ფორმითაც განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა ქუთაისისადმი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ ჩამოაყალიბა ის, როგორც ეპოქალური არტისტი და კომიკოსი.

ქუთაისიდან იწყება მრავალი გამოჩენილი ქართველი მოღვაწის საზოგადოებრივი და პროფესიული გზა და სწორედ ასე იყო იპოლიტე ხვიჩიასთვისაც, რომლის სახელი მანამ იარსებებს, სანამ იქნება საქართველო. დიდი იპოლიტესადმი არასდროს გაქრება სიყვარული და გულითადი სახალისო ემოციები.

ხსენებული ინტერვიუს ავტორ-შემქმნელებმა კი ამგვარად დაასრულეს თავიანთი ეს, აწ უკვე შესაძლოა, ითქვას, ისტორიული პუბლიკაცია: „გამოვდივართ დიდი მსახიობის სახლიდან და თან მოგვყვება უკმარისობის განცდა – რამდენი რამ გვქონდა სათქმელი და რა ცოტა მოვახერხეთ…

მართლაც, დიდი ბედნიერებაა, ასე გამორჩეულად უყვარდე ხალხს“.

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

 

კომენტარები