მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.თ. ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.

დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 30 იანვარს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტებს დაახლოებით 300 ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები