მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მოღვაწე ერთადერთი პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი

ქუთაისში მოღვაწე ერთადერთი პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი

ქუთაისის მკვიდრთაგან მრავალმა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიითა და თანამედროვეობით დაინტერესებულ პირთაგან არაერთმა შესაძლოა, არ უწყის, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისში მოღვაწეობდა პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი. შესაბამისად, ხსენებულ ეპოქაში, საქართველოს ეკლესიაში გახლდათ ორი პროტოპრესვიტერი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი (ადგილმონაცვლე), ხოლო მეორე გახლდათ ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი (ადგილმონაცვლე).

პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი დაიბადა 1901 წელს, ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრის (ამჟამად ტყიბულის მუნიციპალიტეტის) სოფელ კურსებში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის საერო სასწავლებელში. 1915-1918 წლებში სწავლობდა ჯრუჭის მამათა მონასტრის სკოლაში. 1922 წელს ხელდასხმული იქნა დიაკვნად და 1925 წლამდე მსახურობდა ზესტაფონის წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს (მხეიძეები) სახელობის ტაძარში, ხოლო 1925 წელს ხელდასხმული იქნა მღვდლად და 1925-1945 წლებში გახლდათ ზესტაფონის რ-ნ სოფ. კვალითის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

1938 წელს მამა ნიკოლოზ ბერეკაშვილი დააპატიმრა საბჭოთა ათეისტურმა ხელისუფლებამ, რომელმაც სასულიერო პირს მოსთხოვა, რომ მიეტოვებინა ღვთისმსახურება, თუმცა მამა ნიკოლოზმა პრინციპული უარი განაცხადა ამაზე. ამ დროს ოთახში შეიყვანეს ჯალათი, რომელსაც უნდა ეცემა სასულიერო პირი. საბჭოთა მწამებელმა როდესაც ხელით კეტი აღმართა მღვდელ ნიკოლოზის ცემისათვის, მას (ჯალათს) ხელი გაუშეშდა. აღსანიშნავია, რომ მამა ნიკოლოზს ამ დროს თან ჰქონდა წმიდა დიდმოწამე გიორგის წმიდა ნაწილები, რომელმაც დაიფარა მღვდელი ნიკოლოზი.

1945-1949 წლებში მღვდელი ნიკოლოზი მოღვაწეობდა სოფელ ზედა საქარის ტაძარში.

ფოტო: ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) ნაომი (შავიანიძე) ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად; ცენტრში ზის მეუფე ნაომი, მის უკან დგას დეკანოზი (შემდგომში პროტოპრესვიტერი) ნიკოლოზ ბერეკაშვილი; 1965 წ.

1949 წლის 4 ივნისს  ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემმა (სიდამონიძე) ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურებისთვის განამწესა მამა ნიკოლოზი, რომელსაც იმავე წლის 1 დეკემბერს დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1955 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ქუთაისის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დანიშნა დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი.

მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს, ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) ნაომმა (შავიანიძე), დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი დანიშნა ქუთაისის ტაძრების მთავარხურცესად და დააჯილდოვა ენქერისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

1967 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა მეორემ დეკანოზ ნიკოლოზ ბერეკაშვილს მიანიჭა პროტოპრესვიტერის წოდება და დააჯილდოვა ის მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი გარდაიცვალა 1969 წელს ფილტვების ანთების შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მის დაკრძალვას დაესწრნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი (ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ილია (შიოლაშვილი), სამღვდელოების წარმომადგენლები საქართველოდან და რუსეთიდან.

პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი დაიკრძალა საგვარეულო სასაფლაოზე, ზესტაფონის რ-ნ სოფ. კვალითში.

აღსანიშნავია, რომ მამა ნიკოლოზ ბერეკაშვილი გახლდათ (ამ დრომდე) ერთადერთი პროტოპრესვიტერი, რომელიც მსახურობდა და მოღვაწეობდა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, კერძოდ ქ. ქუთაისში, როგორც წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი (ადგილმონაცვლე).

საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი.

მთავარ ფოტოზე: პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის ამბიონზე (ფოტო გამოქვეყნდა გაზ. “საპატრიარქოს უწყებანში”, #29, 2010 წ; ლუარსაბ ტოგონიძის მიერ)

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

კომენტარები