ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი დიდ ხათაბალაშია გახვეული. მერიამ შარშან მისი რემონტი დაიწყო, 620 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ მოაბა თავი, – წერს “აი, ფაქტი”.
“გაშიშვლებულ, ფანჯრების გარეშე დარჩენილ შენობას მთელი ზამთარი აწვიმდა და ათოვდა. არადა, საქმე რომ კარგად წასულიყო, ახლა მუსიკალურის ფასადიც იბრწყინებდა და ინტერიერიც.
შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის 8 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა. შედეგად, ახლა სასწავლებელს ჩამოფხეკილი კედლები, ჩამოცვენილი ჭერი და აყრილი იატაკი კიარა, გალესილ-მოპირკეთებული ოთახები უნდა ჰქონდეს, განახლებული კომუნიკაციებით, სახანძრო სიგნალიზაციისა და და გათბობა-ვენტილაციის სისტემით.
პროექტის მიხედვით, სასწავლებელში კარების იზოლაციაც უნდა მოეწყოთ, მუსიკის ხმის ჩასახშობად.
ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ქუთაისის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს. მას ასწლიანი ისტორია აქვს, თუმცა თავად შენობა ასეთი ასაკოვანი არაა. სასწავლებელი ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ს, კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას ეკუთვნის. მათ სასწავლებლის 2000 კვ.მ შენობა და 1520 კვ.მ მიწა მერიისგან უზუფრუქტით 2012 წლიდან აქვთ აღებული.
მუსიკალურს რომ რეაბილიტაცია სჭირდებოდა, ქუთაისის მერია 2021 წლის ნოემბერში მიხვდა და საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანია “რომბმა” 5 ათას ლარად შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც შენობის ინტერიერი და ექსტერიერი სრულად უნდა შეცვლილიყო.
2022 წლის თებერვალში მერიამ სასწავლებლის რეაბილიტაციის დასაწყებად 1,7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. თანხის 88% ცენტრალური, 11% კი ადგილობრივი, ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო. ტენდერს შვიდი მონაწილე ჰყავდა და ყველაზე დაბალფასიანი, 1,5-მილიონიანი წინადადება შპს “მეტალ+”-ს ჰქონდა, თუმცა მერიამ ამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა, ტექნიკური დოკუმენტაციის დროულად ვერწარმოდგენის გამო.
საბოლოოდ, გამარჯვებულად შეირჩა შემდეგი დაბალფასიანი კომპანია, “შპს მშენჯგუფი”, რომელთანაც ქუთაისის მერიამ 2022 წლის 11 აპრილს 1,6-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა და დაავალა მუსიკალური სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია ხუთ თვეში, ანუ 2022 წლის 8 ოქტომბრამდე.
რატომ ვერ დაასრულეს რემონტი? “მშენჯგუფისა” და ქუთაისის მერიის ხელშეკრულებაში სამი ცვლილება შევიდა. ჯერ საბანკო რეკვიზიტები შეიცვალა, შემდეგ სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და თანხის რაოდენობა.
სამუშაოების დასრულებამდე ორი თვით ადრე, ოქტომბერში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა კომპანიას ორი გაფრთხილების წერილი გაუგზავნა, სამუშაოების ვადებს არღვევთ და თუ ასე გაგრძელდა, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებაო. ასეც მოიქცნენ. 25 ოქტომბერს ქუთაისის მერიამ “მშენჯგუფს” კონტრაქტი გაუწყვიტა”, – წერს “აი, ფაქტი”.
კომენტარები