ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალურ საცხოვრისში, რომელიც სტიქიის შემდეგ სახურავის გარეშე დარჩა, წყალი ჩავიდა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ამ დროისთვის წვიმის შედეგად დაზიანებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მერიის წარმომადგენლები მათთან ორწელიწადნახევარია, საერთოდ არ მისულან და არ დაინტერესებულან მათი მდგომარეობით. არსებული ვითარების შესახებ ქუთაისის მერია საქმის კურსში დღეს დილიდანვე ჩააყენეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
“არავის არ ცალია ჩვენთვის, მეხუთედან ჩამოდის უკვე მესამემდე წყალი, ამაზე მეტი გაჭირვება რა უნდა იყოს? მერია საერთოდ არ მოსულა ჩვენთან”, – აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.
ადგილზე იმყოფება ქუთაისის საკრებულოს წევრი თედო მესხი, რომლის თქმით, მერიის თანამშრომლები საცხოვრისში არ მისულან და ამბობენ, რომ ახლა ვერაფერს გააკეთებენ.
“ამ შენობის აშენება-რეაბილიტაცია დაჯდა 2 მილიონ 500 ათასი ლარი, 2017 წელს ჩაბარდა ეს შენობა და დღეს ხედავთ რა მდგომარეობაშია, 80-მდე ოჯახია აქ შემოსახლებული. ვურეკავთ მერიის პასუხისმგებელი პირებს და გვეუბნებიან, რომ თანადგომის უნდა მოვიდეთო? ახლა ვერაფერს გავაკეთებთო. როგორც გარეთ ისე წვიმს შენობაში”, – აცხადებს მესხი.
კომენტარები