ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში ტრანსპორტის ქაოტურ მოძრაობაზე საუბრობენ.
ადგილობრივების თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტრანსპორტი 20:00 საათის შემდეგ ფაქტობრივად აღარ მუშაობს.
“ჯერ ისედაც კაპიკები ხომ გვაქვს ხელფასი და ისიც ტაქსებში როგორ დავხარჯოთ? ქალაქში ტრანსპორტი 20:00 საათის შემდეგ ფაქტობრივად არ მუშაობს, მანქანები არ გვყავს, როგორ მოვიქცეთ რიგითი ადამიანები, რომელთა საშუალო ხელფასიც 400-500 ლარს შეადგენს? ქუთაისში ტრანსპორტი საღამოს 8 საათის შემდეგ სანთლით უნდა ეძებო”, – წერს სოციალურ ქსელში ქეთევან კაპანაძე.
“ქუთაისში ტრანსპორტი ძალიან ცუდად მუშაობს, განსაკუთრებით საღამოს და ღამის საათებში. როცა ტრანსპორტი აგვიანებს და ძლივს გამოჩნდება, მოსაცდელზე იმდენი ადამიანი ელოდება, რომ ავტობუსებში ხალხი ფეხზეც ძლივს ეტევა, იმ ფონზე, როდესაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა და სრულიად უცხო ადამიანების ერთმანეთზე ჩახუტება არ არის რეკომენდირებული.
ასევე ტაბლოების დადგმასაც მინდა შევეხო, ხომ დაანონსეს მალე გაკეთდება და გაიგებთ სად და რამდენ წუთში მოვა ტრანსპორტიო, სად არის? ნიკეაზე მაგალითად ნახევარი საათში თუ მოვიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბედნიერი უნდა იყო. ამავე დროს ტრანსპორტში მარტო “თი ბი სის” ბარათი უნდა გქონდეს, რომ იმგზავრო, ეს კი ძალიან მოუხერხებელია, ხანდაზმული ადამიანები კი ამ მხრივ ძალიან იჩაგრებიან”, – აცხადებს ქუთაისში მცხოვრები ანდრია წყაროზია.
კომენტარები