მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველა ოპერაცია უნიკალურია, როგორც სიცოცხლეა ერთადერთი და განუმეორებელი” – ნიკა ვაშაყმაძე

“ყველა ოპერაცია უნიკალურია, როგორც სიცოცხლეა ერთადერთი და განუმეორებელი” – ნიკა ვაშაყმაძე

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “პროფესია”, რომლის მორიგი სტუმარია კარდიოქირურგი ნიკა ვაშაყმაძე.

სახელი: ნიკა

გვარი: ვაშაყმაძე

პროფესია: კარდიოქირურგი

სამუშაო ადგილი: სამედიცინო ცენტრი

რომ არ ვყოფილიყავი ექიმი, ვიქნებოდი…  გამიჭირდა პასუხი, რაც თავი მახსოვს ექიმი მინდოდა ვყოფილიყავი.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… მსახურება,  ადამიანების დახმარება, გვერდით დგომა მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირთ.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… არაფერი არ მეგონა, ბავშვობაში ყველა ვოცნებობთ და რაც უფრო მეტი ოცნების გადატანას შევძლებთ ცხოვრებაში, მით უფრო რეალიზებული ადამიანები ვართ, მე პროცესში ვარ ჯერაც.

ყველაზე დასამახსოვრებელი ოპერაცია… ყველა ოპერაცია უნიკალურია, როგორც სიცოცხლეა ერთადერთი და განუმეორებელი. ყველა დღე პაციენტთან ერთად წარმატებით გაიარო ბეწვის ხიდზე, შეუდარებელი ბედნიერებაა.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… ნდობას!

მჯერა, რომ… გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოს მოვესწრები, განსხვავებული, ლაღი, თავისუფალი ახალი თაობა გვყავს, თავისუფლებაში დაბადებული თაობა.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… ძნელია საკუთარი თავის შეფასება, მაგრამ ალბათ, ვერ გავექცევი შრომის სიყვარულს, აღიარებული “workaholic”-ი ვარ…

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… იშვიათად ვენდობი ვინმეს.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ოჯახი, მნიშვნელოვანი ბალანსის წერტილია ჩემს ცხოვრებაში.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… გავმხდარიყავი ექიმი, რამდენადაც ექიმობაზე ჩაციკლული ბავშვის წარმოდგენას ვქმნიდე.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… სანამ ვთქვი რამე, შემდეგი წამი დადგა.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ვუკრავდე კლასიკურ მუსიკას კარგად, ოღონდ ჩემთვის მარტო.

ამოჩემებული სამოსი…  თვეებია, ყვითელი და ლურჯი ფერის სამოსი შემიყვარდა,  გვიან დავაფიქსირე რატომ.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… ახლობლების დაბადების დღის თარიღები, ნუ, ოჯახში პირველი გაცნობის, ჯვრისწერის, ხელის მოწერის (ასეთი ორი გვაქვს ქართული და გერმანული კანონმდებლობით) და. ა.შ. რაც კარგად არ მთავრდება.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის… ფრაზა არ ვიცი, მაგრამ ხელებით რომ ვლაპარაკობ ხშირად ვიცი.

ადრე ვფიქრობდი, რომ… ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი აქვს.

 ახლა ვფიქრობ, რომ… ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია საკუთარ სიზარმაცეზე გამარჯვება.

თავისუფალ დროს… მიყვარს ფოტოგრაფია, პორტრეტების გადაღება.

მეშინია… ღმერთის, ისევე როგორც მიყვარს და მისი წყალობის იმედი მაქვს.

ვტირი მაშინ, როდესაც… ვიტირე ბოლოს 26 წლისამ, როცა დავტოვე საქართველო, გამოვიტირე ბავშვობა (ჩვენთან ხომ 40 წლის ხალხიც მშობლების ჯამაგირზე მყოფი ბავშვები არიან) და დამოუკიდებელი კაცის სათავგადასავლო ცხოვრებაში გადავეშვი უცხო გერმანიაში.

მრცხვენია მაშინ, როდესაც…  ბევრჯერ, სანამდე კაცს სინდისის ძარღვი აქვს შუბლზე, ყოველთვის უნდა რცხვენოდეს ბევრი რამის.

ყველაზე მეტად მიყვარს… სიმართლე, რაც არ უნდა აუტანელი და უხეში იყოს.

არასოდეს გავაკეთებ… იმას, რისიც არ მჯერა.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…ერთი კარგი თვისება შემძინა გერმანიაში ცხოვრებამ, ყოველთვის ვამბობ, რასაც ვფიქრობ და არაფერს ვიგროვებ გულში, აი, როგორ იტყვი, ეგ უკვე ხელოვნებაა და ცხოვრება კომუნიკაციის დაუსრულებელი აკადემია.

სიყვარული არის… თავად ღმერთი – უკეთესად ვერ იტყვის ადამიანი.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… როცა მამა გავხდი, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ბოლომდე გააზრებული.

როდესაც ცუდად ვარ… ვიკეტები.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… უი, რა ვიცი, დღეში იმდენი რამე ხდება, რით დავიწყე სად მახსოვს.

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… როცა გერმანიამ ისე მომხიბლა ყველაფერ ქართულზე ვთქვი უარი,  საბედნიეროდ, 2 თვე გაგრძელდა მხოლოდ.

პირად ურთიერთობებში ვარ… იშვიათად ვენდობი ვინმეს, თუ ვენდობი არაფერს აღარ ვნანობ, რაც არ უნდა მოხდეს (გერმანელებს ვუმადლი ამ თვისებას).

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… არაფერი განსაკუთრებული, ჩემს შვილებს უხაროდეს, როცა ჩემს სახელს კარგად უხსენებენ, ისევე როგორც მე მიხარია, როცა ჩემი მშობლების სიკეთე მხვდება გზაზე.

კომენტარები