მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველა სირთულე, რაც გზად მხვდებოდა, მხოლოდ მოტივაციას მმატებდა” – კოლუმბიის უნივერსიტეტის ქუთაისელი სტუდენტი

“ყველა სირთულე, რაც გზად მხვდებოდა, მხოლოდ მოტივაციას მმატებდა” – კოლუმბიის უნივერსიტეტის ქუთაისელი სტუდენტი

“ყველა ის სირთულე, რაც გზად მხვდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მოტივაციას მმატებდა“, – ამბობს 24 წლის ქუთაისელი ელიზავეტა ულუმბელაშვილი, რომელმაც ამერიკაში, ქალაქ ნიუ-იორკში მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ბევრი სირთულის მიუხედავად, მან მიზნად დაისახა, რომ სწავლა მაღალი დონის უნივერსიტეტში დაეწყო, სადაც ხარისხიან განათლებას მიიღებდა.

ელიზავეტა ულუმბელაშვილს ამერიკაში დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

“მერიკაში ჩამოსვლის პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა, თუმცა ინფორმაციის ვაკუუმში ვიყავი, ბევრ ქართველს მაშინ ნამდვილად არ ვიცნობდი, მითუმეტეს ისეთს, ვინც სწავლის დაწყებაში დამეხმარებოდა, ყველასგან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდი, ამიტომ გადავწყვიტე, თავად მეპოვა საჯარო კოლეჯი, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტური იქნებოდა, დავუკავშირდი ყველა საჯარო კოლეჯის წარმომადგენელს და მათგან გავიგე, როგორ ხდებოდა მიღება, და ასე აღმოვჩნდი პირველად ამერიკულ კოლეჯში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს დიდ წარმატებად აღვიქვამდი, მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ წარმატება მხოლოდ მაშინ უნდა ჩაითვალოს წარმატებად თუ ის სხვა ადამიანებსაც აბედნიერებს და არა მხოლოდ შენ, ამიტომ შევქმენი ჯგუფი ქართველი სტუდენტებისთვის და მომავალი სტუდენტებისთვის ამერიკაში, და ჩავდე ყველა ის ცოდნა, რაც მე მოვიპოვე პირველი წყაროებიდან, ნელ-ნელა ჩვენი რიცხვი გაიზარდა და ახლა უკვე 3500-ზე მეტი წევრია, ჯგუფში ძალიან ბევრი საინტერესო, წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც ეხმარებიან ახალბედებს და აწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას დაფინანსებების და უნივერსიტეტების შესახებ. ახლა როცა ამ ყველაფერს ვხედავ და ვიხსენებ იმ ინფორმაციის ვაკუუმს, რომელშიც თავად ვიმყოფებოდი, ამაყი ვარ და მიხარია, რომ ასეთი სოციალური სივრცე შევქმენით და ერთმანეთის დახმარებით უფრო და უფრო მეტი ქართველი ემიგრანტი იწყებს სწავლას ამერიკაში, გაცილებით მარტივად, ვიდრე 5 წლის წინ“,- გვიყვება ელიზავეტა ულუმბელაშვილი.

ამერიკაში მყოფი ქართველის თქმით, ნიუ-ორკში ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, თუმცა მისი მიზანი იყო, რომ განათლება მაღალი დონის უნივერსიტეტში მიეღო, სადაც ხარისხიან განათლებას მიიღებს.

“ნიუ-იორკის შტატში ძალიან ბევრი უნივერსიტეტი/კოლეჯია, რომელიც ემიგრანტებზეა მორგებული, ასევე აქვთ ემიგრანტებზე მორგებული სქოლარშიფები და გრანტები, მეც სწორედ ასეთ კოლეჯში ვსწავლობდი, ვინაიდან ჩემი ფაკულტეტი მეცნიერებებია, კონკრეტულად ბიოლოგია, ხშირად ვიყავი ჩართული სხვადასხვა კვლევებში, კარგი კვლევის ჩასატარებლად კი ძალიან მნიშვნელოვანია კარგი აღჭურვილობა და დაფინანასება, მეორეს მხრივ, იმისთვის, რომ ამერიკაში წარმატებას მიაღწიო და შენი თავი წარმოაჩინო საჭიროა, იყო სწორ დროს სწორ ადგილას, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა მაღალი დონის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, რომელიც ყველა ჩემს მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, სწორედ ასე მივედი კოლუმბიის უნივერსიტეტამდე“, – გვიყვება კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი.

ელიზავეტა ულუმბელაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში ბიოლოგიის სპეციალობით ისწავლის.

“სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში არ ვოცნებობდი რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლაზე, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია მეცნიერებასთან ან მედიცინასთან იქნებოდა კავშირში, რადგან ბავშვობაში ენციკლოპედიების კითხვა ჩემთვის კარგი გასართობი იყო და თვადაც უამრავ ჩანაწერებს ვაკეთბდი სხვადასხვა იშვიათი გენეტიკური დაავადებების შესახებ, ვცდილობდი, რაც მაინტერესებდა და მიყვარდა სწორედ მასზე ვკონცენტრირებულიყავი და ძირფესვიანად შემესწავლა, ვფიქრობ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ვისწავლის ბიოლოგიის მიმართულებით“.

ისწავლო კოლუმბიის უნივერსიტეტში, ეს ძალიან რთულია, რა გზა გაიარა ელიზავეტა ულუმბელაშვილმა დასახული მიზნის მისაღწევად, ის თავად გვიამბობს.

“უნივესიტეტში მოსახვედრად გრძელი გზა გავიარე. პირველივე კურსიდან დავიწყე მზადება იმისთვის, რომ სწავლა კარგ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა უამრავი რამ არის საჭირო იმისთვის, დაამტკიცო, რომ იმსახურებ თუნდაც კოლუმბიაში სწავლას, რომელიც Ivy League უნივერსიტეტია, ამ ყველაფერთან ერთად ვმუშაობდი და მყავდა პატარა შვილი, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო უნივერსიტეტისთვის, სწორედ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით და ასევე დამატებითი გამოცდით, აღმოვჩნდი კოლუმბიის უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო.

ყველა ის სირთულე, რაც გზად მხვდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მოტივაციას მმატებდა, 2 წლის შვილთან ერთად ლექციებზე საათობით ვიჯექი, როცა სახლიდან გვიწევდა ჩართვა, სამსახურიდან რომ მოვდიოდი, დროს მხოლოდ ჩემს შვილს ვუთმობდი და მისი დაძინების შემდეგ ვიწყებდი მეცადინეობას, რთული იყო, თუმცა მიზანი მქონდა, მოტივაციას ის გოგონები მაძლევნენ, ვისაც ჩემსავით პატარა შვილები ჰყავდათ, თუმცა მწვერვალებს იპყრობენ STEM სფეროში, საბედნიეროდ, გვაქვს იმის საშუალება, ასეთი ადამიანები მარტივად ვიპოვოთ და მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ, სხვამ თუ შეძლო მეც შევძლებ, და თუ მე შევძელი შენც აუცილბლად შეძლებ, მთავარია ყველა ის ცუდი ემოცია დაღლა, ბრაზი, იმედგაცრუება და თუნდაც უხერხულობის განცდა მამოძრავებელ ენერგიად გარდაქმნა, არ შეგეშინდეს რთული, არაკომფორტული, უხერხული სიტუაციების, და გაბედო სწორედ ის რისიც გეშინია, მხოლოდ ასე ვიზრდებით და ვვითარდებით, სწორედ ასე ვიცნობთ საკუთარი თავის ახალ-ახალ ვერსიებს”, – ამბობს ელიზავეტა ულუმბელაშვილი.

კომენტარები